რატომ გაიყვანა სოსო პავლიაშვილმა ახლობლები საქართველოდან

რატომ გაიყვანა სოსო პავლიაშვილმა ახლობლები საქართველოდან

თბილისის პროკურატურის გამომძიებლები ცდილობენ გაერკვნენ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის გახმაურებულ მკვლელობაში. 2012 წლის 23 ნოემბერს მისი ცხედარი თეთრ "მერსედესში" იპოვეს, დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.

მალევე დააკავეს შემსრულებლები, რომელთაც ჩვენება მისცეს ერთ-ერთი დამკვეთის - ვახტანგ ჩხაპელიას წინააღმდეგ, რომელიც სოსო პავლიაშვილის დის ქმარია. მან კი, თავის მხრივ, მთავარი დამკვეთის - სოსო პავლიაშვილი დაასახელა.

ავთანდილ ად­უაშვილი ბიზნესმენი იყო, საკმაოდ კარგი რეპუტაციით. მას ეკუთვნოდა რესტორნების ქსელი "ჩ­ა­რდახი". თბილისში მის დაკრძალვას ორი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. აღმოჩნდა, რომ ადუაშვილს ბიზნესი მომღერალ სოსო პავლიაშვილთან ერთად დაუწყია და შემოსავლებსაც ერთად ინაწილებდნენ. როგორც ძიება ვარაუდობს, სწორედ ფულმა დაღუპა ადუაშვილი.

ავთანდილი და სოსო დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.

- ავთანდილი სოსოს მეჯვარე იყო მისი პირველი ქორწინების დროს, როცა მომღერალმა ცოლად ნინო უჩანეიშვილი მოიყვანა, - ამბობს მოკლულის მეუღლე ირმა კიკაჩეიშვილი, - ავთო სოსოს ვაჟის, ლევანის ნათლია იყო. ერთ ეზოში გაიზარდნენ! ღმერთმა არ ქნას, მკვლელობის დამკვეთი სოსო აღმოჩნდეს. არ გვინდა ეს დავიჯეროთ, თუმცა რატომღაც სოსომ არ დაგვირეკა ავთოს სიკვდილის დღეს, არ თანაგვიგრძნო და არც დაკრძალვაზე ჩამოსულა. არადა, ათასობით ადამიანი მოვიდა ავთანდილთან გამოსამშვიდობებლად. მკვლელმა ისეთი ცოდვა დაიდო, რომელიც მინიმუმ შვიდ თაობას გადაეცემა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მკვლელობა 23 ნოემბერს მოხდა - წმინდა გიორგის ხსენების დღეს, როცა მთელი საქართველო ზეიმობს. პავლიაშვილის სიძემ, ვახტანგ ჩხაპელიამ, სოსოს წინააღმდეგ მისცა ჩვენება, - განაგრძობს ირმა, - მე ვნახე საბუთები, მათში ჩხაპელია ამბობს: "ფულის ნაწილი, კონკრეტულად კი 30 ათასი ევრო, გელა უბილავას გადავეცი - მკვლელს. ეს თანხა მომცა ჩემი ცოლის ძმამ - სოსო პავლიაშვილმა, რომელსაც ჯერ კიდევ ადრე ვაცნობე, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც შეძლებდა ავთანდილ ადუაშვილის დასჯას". ვახტანგი ამტკიცებს, თითქოს მათი მიზანი არ ყოფილა ადუაშვილის მოკვლა - სურდათ მისი დაინვალიდება, რომ ბიზნესი ვეღარ ეწარმოებინა.

როგორც ჩხაპელიას ჩვენებიდან ჩანს, ავთანდილის შესახებ საუბარი სოსო პავლიაშვილთან ერევანში ჰქონდა, სადაც სოსომ სოლოკონცერტი გამართა. სოსომ უთხრა დის ქმარს, რომ ავთანდილი "ცუდად იქცევა" - რესტორნის ბიზნესიდან ფულის ლამის გამოძალვა უწევდა. და დასძინა: "უნდა დავსაჯოთ". რაღაც დროის შემდეგ სოსომ ვახტანგს 30 ათასი ევრო და 12 ათასი დოლარი გადასცა.

იმის დამტკიცება, რომ მკვლელობის დამკვეთი სოსო პავლიაშვილია, რთულია: "დასჯა" ხომ არ ნიშნავს მოკვლას. მით უმეტეს, რომ პავლიაშვილი ამტკიცებს, თითქოს ფული სიძეს სულ სხვა მიზნით გადასცა, სიძემ კი არასწორად განკარგა.

მომღერალი უარყოფს ბრალდებას, მომხდარის შემდეგ კი თბილისიდან გაიყვანა ხანდაზმული მშობლები და თავისი და ეკა. ამჟამად ძიება მიმდინარეობს, ოფიციალურად მომღერლის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება