ქართველი ვარსკვლავების ყოფილი მეორე ნახევრები

ქართველი ვარსკვლავების ყოფილი მეორე ნახევრები

მათთვის მენდელსონის მარში წლების წინ დაუკრეს. ზოგმა ეს სასიამოვნო მუსიკა ორჯერაც მოისმინა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების წინ დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა და მოგვიანებით ვარსკვლავები ამაზე გულახდილად ლაპარაკობენ. "რეიტინგის" არქივში იმ წყვილების ფოტოები მოვიძიეთ, რომლებიც წლების წინ დაქორწინდნენ, მაგრამ დღეს ერთად აღარ არიან. ბევრის ქორწინება საზოგადოებას აღარც ახსოვს, რადგან დღეს მარტოხელებად არიან ცნობილები. ზოგიც მას შემდეგ კიდევ დაოჯახდა და პრესის ფურცლებიდან ახალ სიყვარულზე საუბრობს.

ვახო სანაია და მარიკა ბაკურაძე

ორი ჟურნალისტის სიყვარულის ისტორია 2002 წელს უნივერსიტეტში დაიწყო. თავდაპირველად კურსელები იყვნენ, შემდეგ მათი ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა, ერთ დღესაც მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი ხდებოდა. სამი წლის განმავლობაში დადიოდნენ, შემდეგ წყვილმა იქორწინა და ორი ქალიშვილი შეეძინათ. რომანტიკული წყვილი ერთმანეთს მოფერებით "ბატებს" ეძახდა. ერთ ტელევიზიაში, "იმედში" მუშაობდნენ. მაშინ მარიკა "ჟურნალისტის დღიურს" ამზადებდა, მერე ვახომ "პირველ არხზე" დაიდო ბინა. ამბობენ, რომ მათი დაშორება სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა. თავიდან წყვილი დაშორებას მალავდა, მაგრამ მალე ვახო სანაიამ "ფეისბუქზე" ახალი შეყვარებული გამოაჩინა. დღეს სანაია ისევ "იმედს" დაუბრუნდა. მარიკაც იქ მუშაობს, ამჯერად - გადაცემა "იმედის გმირებში". ორივე თავისუფალია, ყოველ შემთხვევაში, სანაიას ახალი რომანი ჯერ ქორწინებით არ დასრულებულა.

ლალი მოროშკინა და მიშა ღოთვაძე

სკანდალური ლალი მოროშკინა, რომელიც დღეს რჩევებს სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს აძლევს, საინტერესო პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. რთული კარიერული გზა გაიარა, მაგრამ არანაკლებ ბობოქარი აღმოჩნდა მისი პირადი ცხოვრებაც. პირველად 15 წლის გათხოვდა, ნუკრი ჩაგანავაზე, რომლისგანაც 24 წლის სანდრო ჰყავს. მასთან შვიდი წელი იცხოვრა. შვიდი წელი გაატარა მეორე ქმრის მიშა ღოთვაძის გვერდითაც. ეს ფოტო სწორედ იმ ბედნიერ დროს არის გადაღებული, როდესაც ლალი ოჯახის დანგრევაზე სულაც არ ფიქრობდა. მიშასგან 12 წლის გიორგი ჰყავს. ლალის პირველი მეუღლე მოგვიანებით გარდაიცვალა, მიშასთან კი ლალი დღემდე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. უცნაურია, მაგრამ წყვილი დასასვენებლად ერთად დადის და გარკვეული დროის განმავლობაში ბიზნესპარტნიორებიც გახლდნენ. ღოთვაძის შემდეგ ლალის ცხოვრებაში სპორტსმენი გიორგი კანდელაკი გამოჩნდა, თუმცა მათი ხანგრძლივი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულებულა. თავგადასავლების მაძიებელი მოროშკინა კი რომანებს აღარ ასაჯაროებს.

აჩი ფურცელაძე და თამუნა მუსერიძე

ბევრს ალბათ აღარ ახსოვს, რომ მუსიკოს გუფის ცოლობამდე ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე მომღერალ აჩი ფურცელაძის ცოლი იყო. წყვილს ერთმანეთი ერთი წლის განმავლობაში უყვარდა და დაოჯახებიდან თვე-ნახევარში დაშორდნენ. საერთო შვილი არ ჰყოლიათ.

აჩი კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში წავიდა, თამუნამ კი ტელეჟურნალისტის კარიერა ააწყო. აჩის შემდეგ იყო გუფი, იგივე გურამ მაკალათია, რომელთან ქორწინებამაც ასევე რამდენიმე თვეს გასტანა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს, პატარა სანდრო. ბოლოს ჟურნალისტი თბილისის მერიის თანამშრომელს, 26 წლის საბა ხაჟალიას გაუმიჯნურდა, თუმცა დღემდე გულმოდგინედ ცდილობს, პრესას საკუთარი პირადი ცხოვრება დაუმალოს.

შორენა ბეგაშვილი და ზურა ბარბაქაძე

შორენასა და ზურას ერთმანეთი სკოლიდან უყვარდათ. ორივე რუსთავიდან გახლავთ და მას შემდეგ, რაც შორენამ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, წყვილმა იქორწინა. შორენამ დიასახლისის ამპლუა მოირგო და მშვიდად ცხოვრობდა. ხმაური კი "პლეიბოიში" მის გაშიშვლებას მოჰყვა. ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ოჯახი ამიტომ დაენგრა, მაგრამ როგორც ზურამ განაცხადა, შორენას ფოტოები მოეწონა და მათი დაშორება მხოლოდ ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნის გამო მოხდა. მოგვიანებით მსახიობმა და ტელეწამყვანმა ოჯახის დანგრევის მიზეზად მეუღლის ღალატი დაასახელა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს - ევა. ქმართან დაშორების შემდეგ შორენამ პოპულარობის მწვერვალს მიაღწია. ჯერ იყო სერიალი "კაბარე ხუთი ვარსკვლავი", რომელშიც კუკის როლს თამაშობდა. ამას მოჰყვა "ღამე შორენასთან", სადაც გულახდილი შორენა და სექსუალური რჩევები ვიხილეთ, თუმცა გადაცემა მალევე დაიხურა. მალე შორენას ცხოვრებაში მონარქი დავით ბაგრატიონი გამოჩნდა, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ყოფა და როგორ განვითარდა მოვლენები, მოგვიანებით მთელმა საქართველომ ნახა. მონარქიის აღდგენის მხარდამჭერებისთვის შორენა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა, თუმცა მოგვიანებით დავით და ანა ბაგრატიონები შერიგდნენ და ახლა საერთო შვილს ზრდიან.

მამუკა ონაშვილი და ირინა ჩიხლაძე

ეს წყვილი ახალფეხადგმულ ბომონდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და პრესას ინტერვიუებით ხშირად ანებივრებდა. ირინაც მღეროდა, ერთად დუეტი "უკარება" შეასრულეს.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ოჯახიც დაინგრა. საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მას შემდეგ მამუკა ონაშვილი აღარ დაოჯახებულა და ინტერვიუებში პირად ცხოვრებაზე საუბარსაც ერიდება. ამბობენ, რომ ირინა უკვე მეორედ დაოჯახდა, თუმცა საზოგადოებაში მომღერლის სტატუსით აღარ ჩნდება და უცნობია, რას საქმიანობს დღეს.

ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი

ერთმანეთი რუსთაველის თეატრში გაიცნეს, მაგრამ მსახიობების წყვილმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო და მალე დაშორდნენ. საერთო შვილი ჰყავთ - ნოდარ ზანგური. ოჯახის დანგრევა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ნინუცასთვის, რადგან დედამისი, მსახიობი თამარ მაყაშვილი, დასაწყისშივე ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ყოფილა. ბესო ზანგურის სიყვარული სუსტი სქესის წარმომადგენლებისადმი სამსახიობო წრეებში უკვე ცნობილი იყო, მაგრამ ფართო მასებში მისი პერსონა პოპულარული სპექტაკლში "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი, პრეზიდენტი" შესრულებული როლის შემდეგ გახდა. ნინუცასთან დაშორების შემდეგ ზანგური სამ დღეში მესამედ დაოჯახდა, ამჯერად გია ბურჯანაძის ქალიშვილზე - რუსა ბურჯანაძეზე. ამ ქორწინებამ მხოლოდ ორ კვირას გასტანა. მეოთხედ ზანგურმა რამდენიმე თვის წინ იქორწინა. რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი აქტიურად იყო ჩართული "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში. ნინუცა მაყაშვილი კი თეატრის პარალელურად "მაესტროს" დილის გადაცემის წამყვანია.

ირინა ონაშვილი და ბესო ქარდავა

ჯერ კიდევ 2003 წელს ირინა ონაშვილზე ამბობდნენ, რომ არაოფიციალურად გათხოვილი იყო. მაშინ მოდელი "მის საქართველოს" გამარჯვებული გახდა, მისი რჩეული კი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. ამბობდნენ, რომ შეყვარებულმა მამაკაცმა ირინა მოიტაცა, მაგრამ მათი ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო. მალე ირინა პოპულარული გახდა და მიუხედავად იმისა, რომ წვეულებებზე წყვილი ერთად ჩნდებოდა, ფაქტია, რომ მათ შორის შავ კატას უკვე გაერბინა. ირინა და ბესო მალე დაშორდნენ. შემდეგ ბევრს წერდნენ ირინას რომანებზე სხვადასხვა ცნობილ მამაკაცთან, თუმცა ფაქტია, რომ მომხიბვლელი მოდელი მხოლოდ ორი წლის წინ დაოჯახდა - მაშინდელ გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად. ლადოს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა, ირინას და ბესოს საერთო შვილი არ ჰყოლიათ. როგორც ამბობდნენ, ვარძელაშვილს ირინას გულის მოსაგებად არაფერი დაუშურებია. დღეს წყვილი ერთად ცხოვრობს და საერთო შვილს ზრდის.

მაკა შალიკაშვილი და რატი გოგუაძე

მაკა შალიკაშვილისა და რატი გოგუაძის ქორწინება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ასაკობრივი სხვაობის გარდა, მსახიობს წინააღმდეგობა რატის ოჯახის მხრიდანაც შეხვდა. ყველაფრის მიუხედავად, ერთად ცხოვრება დაიწყეს და ყოველთვის ბედნიერი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მალე გოგონა შეეძინათ, თინანო.

მაკასა და რატის ოჯახებს შორის ურთიერთობა დათბა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა მოულოდნელად პრესაში მათი დაშორების შესახებ დაიწერა. რატის ახალი შეყვარებული ჰყავდა. მაკამ ღალატი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა, მოგვიანებით სახეზე მცირე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ცხოვრება ჩვეული ხალისით განაგრძო, თუმცა ჰყავს თუ არა ახალი რჩეული, პრესისთვის ჯერ არ გაუმხელია.

ზუმბა და მაგდა ნოვაკოვსკა

პოლონელმა მაგდამ და ქართველმა ზუმბამ, იმავე ზაზა კორინთელმა ერთმანეთი 1997 წლის ზაფხულში ქალაქ კრაკოვოში გაიცნეს. სასიყვარულო შეხვედრები ერთი წელი გაგრძელდა და ბოლოს ზუმბა და მაგდა თბილისში წყვილად დაბრუნდნენ. მეუღლის დიდი სიყვარულით ორ წელიწადში მაგდამ ქართული ისწავლა. ზუმბას ყოველთვის თან დაჰყვებოდა კონცერტებზე, ხანდახან მასთან ერთად მღეროდა კიდეც, მაგრამ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პოლონელის და მუსიკოსის გზები მაინც გაიყარა. საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მაგდა საქართველოში დარჩა და მუშაობა პოლონეთის საელჩოში გააგრძელა. ზუმბა კი მეორედ დაოჯახდა მსახიობ ნინო აგლაძეზე და წყვილი უკვე პატარა ბიჭუნას ზრდის.

ნიკა გრიგოლია და ია უძილაური

ეს არასტანდარტული წყვილი ყოველთვის იქცევდა პრესის ყურადღებას. ერთმანეთი უნივერსიტეტში, "კავეენის" ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გაიცნეს. გაცნობიდან მეორე დღეს ჩოგბურთის სათამაშოდ წავიდნენ. მალე იამ ნიკას ოჯახის წევრები გააცნო. წყვილს უცნაური ქორწილი ჰქონდა, მოტოციკლეტზე მიბმული ლუდის ქილებით ნეფე-პატარძალმა მთელი ქალაქი შემოიარა. ნიკა გრიგოლია უძილაურების დიდ სახლში გადაბარგდა, სადაც ასევე ცხოვრობდნენ იას და და სიძე - მიშა ანდღულაძე. შემდეგ წყვილს შვილი გაუჩნდა, ყველგან ერთად დადიოდნენ და მუდმივად გამოირჩეოდნენ ჩაცმულობით. მათი განქორწინება ყველასთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით ამ თემაზე ორივემ გულახდილად ისაუბრა. ნიკა გრიგოლია რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ დაოჯახდა, მისი ამჟამინდელი მეუღლე მარიამ ფაღავაა.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება