ირმა შარიქაძის გამოფენამ სანკტ-პეტერბურგში დიდი მოწონება დაიმსახურა

ირმა შარიქაძის გამოფენამ სანკტ-პეტერბურგში დიდი მოწონება დაიმსახურა

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფისა და ხელოვანის, ირმა შარიქაძის პერსონალური გამოფენა "წერილები" სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ "ერატრაში" მიმდინარეობს და დამთვალიერებელი არ აკლდება.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ირმა შარიქაძემ განაცხადა, სანკტ-პეტერბურგში მისი პერსონალური გამოფენა 4 აპრილს გაიხსნა, გამოფენა თავად მუზეუმის დირექტორმა მიხაილ ოვჩინიკოვმა გახსნა. გამოფენის გენერალური სპონსორი ჰოლდინგი NG GALAXY-ია. იდეის ავტორი და ორგანიზატორი ელენა სემენცოვაა.

- სანკტ-პეტერბურგში შენი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესია, რა წარუდგინე რუსეთის მეორე დედაქალაქის ხელოვნების მოყვარულებს?

-  პროექტი "წერილები" მეოცე საუკუნის ცნობილ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს ეძღვნება, გამოფენილია 18 ფოტონამუშევარი, ლიტერატურული მისტიფიკაცია, რომელიც მწერალმა მაკა გოგუაძემ სპეციალურად პროექტისთვის შექმნა, ვიდეო არტი "ფრიდას სიზმრები" და ინსტალაცია "ფრიდა და მარიცა". პროექტში გამოყენებულია სოფო გონგლიაშვილის არაჩვეულებრივი ტიხრული მინანქრის საავტორო კოლექცია. ფრიდას და მარიცას როლები ფოტოსესიისთვის კრისტი ყიფშიძემ შეასრულა.

- როგორ შეიქმნა ვიდეოარტი და რას წარმოადგენს ინსტალაცია, რომელიც სპეციალურად პეტერბურგის გამოფენისთვის მომზადდა?

- ფრიდას ბიოგრაფიამ და შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ეს გახლავთ ქალის ფსიქოლოგიური და ემოციური პორტერტი, რომელიც ტკივილზე, ტრაგედაზე მაღლა დგება. ვიდეო არტში მოქმედებები ცეცხლოვანი რევოლუციის და სოციალური კალეიდოსკოპის ფონზე ვითარდება. სიზმრებში დედის სახე ცოცხლდება, რომელიც თავად განვასახიერე, რეჟისორიც თავად გახლდით და პირადად გავახმოვანე "ქართული ფილმის" თანადგომით. ხოლო ინსტალაციში "ფრიდა და მარიცა" წარმოვადგინე ფრიდას ორი კაბა, რომელიც ფრიდას პირადი გარდერობის მიხედვით არის შექმნილი.

- ფოტოები დადგმულია, ანუ მოდელი გარკვეულ როლს ასრულებდა ფოტოსესიის დროს.

- დიახ, ფოტოები თემატურად დაიდგა და ფრიდას და მარიცას როლი მშვენივრად გააცოცხლა კრისტი ყიფშიძემ. პროექტი 2008-2009 წლებში, თბილისსა და კოჯრის მიდამოებში გადავიღეთ.

- გავიგეთ, რომ კიდევ აპირებენ ექსპოზიციის გაგრძელებას.

- გამოფენა რუსეთის წამყვანმა სატელევიზიო არხებმა და პრესამ აქტიურად გააშუქა, ინტერნეტსივრცეში კარგი რეცენზიები დაიწერა, ვფიქრობ მოწონება დაიმსახურა, რადგან დღეს გაირკვა, რომ მუზეუმი თავისი ინიციატივით გამოფენას რამდენიმე კვირით აგრძელებს.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება