ნატო დუმბაძე: "ბაზარი შოუბიზნესის ნაცვლად პოლიტიკამ დაიკავა"

ნატო დუმბაძე: "ბაზარი შოუბიზნესის ნაცვლად პოლიტიკამ დაიკავა"

"ყველანაირი მომღერალი მყოლია", - ამბობს პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელსაც წლების განმავლობაში მართლაც არაერთ ცნობილ ქართველ მომღერალთან უმუშავია და არც ისე ცუდი შედეგები ჰქონია... შემდგომ, მის ცხოვრებაში, ნებით თუ უნებლიედ შემოქმედებითი პაუზის პერიოდი დადგა... ბევრს დღემდე ჰგონია, რომ საქართველოდან საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა, მაგრამ ეს ასე არ არის: ნატოს არასდროს ჰქონია სხვაგან წასვლის სურვილი. ის თავის საქმიანობას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდა, - ხელი მოჰკიდა გამორჩეული ვოკალის მქონე ახალგაზრდა მომღერალს, ნინი ცნობილაძეს.

- ქართული შოუბიზნესი წლების წინ განვითარების კუთხით, სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა. მუსიკოსები აქტიურად მუშაობდნენ: კონცერტებს მართავდნენ, კლიპებს იღებდნენ, ალბომები იწერებოდა, პრეზენტაციები იმართებოდა... მერე ის ეტაპი დასრულდა... ამბობენ, ამ სფეროს დაკნინების პერიოდი პოლიტიკას უკავშირდება, პოლიტიკას, რომელიც 2004 წლიდან საქართველოში "ვარდების რევოლუციამ" მოიტანაო. ამ სფეროში დღემდე თითქმის არაფერი შეცვლილა. მეთანხმებით?

- გარკვეულწილად გეთანხმებით. ის კი არა, ზოგადად კონცერტზე მაყურებლის მისვლისა და დიდ დარბაზებსა და არენებზე ბილეთის ყიდვის კულტურაც დაიკარგა. პრინციპში, ერთადერთი ასეთი ადგილი მაინც სპორტის სასახლეა, რომელიც მასისთვის არის განკუთვნილი და ბოლო რამდენი წელია, იქ კონცერტი არავის გაუმართავს... ისე, ჩვენში რაღაც-რაღაც კონცერტები კი ტარდებოდა, მაგრამ ისინი მერიის ხელშეწყობით იმართებოდა... ასეთ სიტუაციაში, როგორც დამოუკიდელი პროდიუსერი, ხელს ვერ მოვკიდებდი რაიმე დიდი პროექტს (კონცერტის გამართვას)... ამასთან, გაიზარდა დარბაზის დაქირავების ხარჯებმაც. ადრე სპორტის სასახლის დაქირავება 5.000 ლარი ჯდებოდა; ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ ფილარმონიაც, დღევანდელ ფასებთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლები ღირდა. დღეს მის დაქირავებას 8.000 ლარი უნდა.

- როგორც ვიცი, შოუბიზნესში ფულის ჩადება კერძო კომპანიებსაც უჭირთ...

- აქამდე ძნელი იყო ამა თუ იმ ღონისძიებისთვის სპონსორის მოძებნა. იმედი მაქვს, სიტუაცია ამ მიმართულებითაც გამოსწორდება. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცამ უნდა დაარწმუნოს სპონსორები იმაში, რომ ამ სფეროში ფული ჩადონ და არა სატელევიზიო რეკლამაში, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს; დიახ, დააფინანსონ ესა თუ ის კონცერტი, მომღერალი და ხელი შეუწყონ ახალბედა თუ ძველ მუსიკოსებს. მერიაც, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აფინანსებდეს მათ.

- ისე, ადრე არსებობდა მუსიკალური ტელეარხები, რომლებიც მომღერლების ნამუშევრებს პოპულარიზაციას უწევდნენ. ბოლო დროს კი თითქმის ყველა არხი პოლიტიკური გახდა და ვფიქრობ, შოუბიზნესის განვითარებაზე ამანაც იქონია უარყოფითი გავლენა.

- დიახ, ასეა. აღარ დაგვიტოვეს გასართობ-მუსიკალური ტელევიზიები... ამ ყველაფრის გამო ფაქტობრივად, უსაქმოდ დავრჩით... ახლა ამ მიმართულებით "მაესტრო" აპირებს ამუშავებას, რაც სასიხარულო ფაქტია.

- არადა, 2004 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა, თითქოს ყველაფერი სასიკეთოდ უნდა შეცვლილიყო ...

- უკეთ მხოლოდ იმ კუთხით წარიმართა, რომ საკონცერტო სივრცეები მაღალ დონეზე გარემონტდა და აღიჭურვა...

- სასიკეთოდ შეცვლაში მომღერლების შემოქმედებითი აქტიურობა ვიგულისხმე (მეტი კონცერტი, კლიპი, დისკი...).

- კი, მაგრამ საკუთარი ნამუშევრები (კლიპები) რომელ ტელეარხზე მიეტანათ? პოლიტიკურ ტოქ-შოუში ხომ არ მიიტანდნენ? ადრე კლიპის როტაცია მუსიკალურ არხებზე ხდებოდა. მერე მომღერალი მორიგი ახალი კლიპის გადასაღებად, სიმღერის ჩასაწერად ემზადებოდა. პროდიუსერი კი იმას გეგმავდა, როგორ გაეპოპულარულებინა მომღერალი. მომღერალს ვერანაირი ბილბორდი ვერ უშველის, თუ მან მასას საკუთარი რეპერტუარი არ გააცნო... რაშიც ტელევიზიები უნდა დაეხმარონ... კარგია, როცა საკონცერტო დარბაზები რემონტდება, იქ სამუშაოდ უკეთესი პირობები იქმნება, მაგრამ ასეთ დროს ქირის თანხებიც ხომ იზრდება? რაშიც ვერ მიედავები...

- მოკლედ, პოლიტიკამ მოკლა შოუბიზნესი...

- ყველაფერს პოლიტიკას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ასე გამოდის: ბაზარი შოუბიზნესის ნაცვლად პოლიტიკამ დაიკავა!

- აქ შეიძლება ვიღაც შემოგვედავოს: საქმე როგორ არ კეთდება, როცა ამდენი სატელევიზიო მუსიკალური პროექტი არსებობსო. კი, მაგრამ იქ წარმოჩენილი ნიჭიერი ადამიანებიდან შემდგომ საკუთარი თავის რეალიზაციას ცოტა თუ ახერხებს. ხომ მეთანხმებით?

- მუსიკალური პროექტები ტელევიზიების რეიტინგებისთვის არსებობს, რომ მაყურებელი სახლში ტელევიზორთან დასვას... მართალია, იქ წარმოჩენილი ნიჭიერი ადამიანების შემდეგომი განვითარებას არ ხდება. მათი უმრავლესობა ჩემთან მოდის და დახმარებას მთხოვს ხოლმე. მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია: ძალიან უნდა დამაინტერესოს მომღერალმა, რომ მასთან კონტრაქტი გავაფორმო. მეორეც არის, კლიპს იმისთვის ხომ არ გადავაღებინებ მომღერალს, რომ შემდგომ სახლში დადოს?

- ისე, ზოგიერთი არ ეპუება არსებულ სიტუაციას და კლიპის გადაღებას მაინც რისკავს...

- ამას ისინი აკეთებენ, ვინც უკვე პოპულარულები არიან... ახალ თაობას ამის ფუფუნება არ აქვს.

- მოკლედ, ასე თუ ისე, გარკვეული პერიოდის მანძილზე, საყვარელ საქმეს ჩამოშორდით. არადა, მანამდე ჩვენში არაერთი ცნობილი მომღერლის (ჯგუფი "ქუჩის ბიჭები", დათო ხუჯაძე, თიკა ჯამბურია, ჯაბა ქარსელაძე, ბუკა მანაგაძე, ჯგუფი "სეიშენი", ქეთა თოფურია...) პროდიუსერი იყავით...

- კი, ბოლო წლების განმავლობაში მართლაც ჩრდილშიც გახლდი, ამასთან, უმუშევარი და ყველასგან დავიწყებულიც. თუმცაღა სახლშიც კომფორტულად და ბევრად კარგად ვგრძნობდი თავს...

- დავიწყებულში რას გულისხმობთ?

- ჩვეულებრივად, ყველასგან დავიწყებული... ვიღაცები როდესაც მხვდებიან, უჩნდებათ კითხვა, - თბილისში ხარ?.. რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველოდან წავედი. არადა, არსად არ წავსულვარ. ვინც გაკვირვებული მეუბნება, - ნატო, აქ ხარო? ვპასუხობ: - დამირეკე და არ გიპასუხე-მეთქი? დიახ, თბილისში ვარ. ზოგჯერ ქვეყნიდან გასვლა იმის გამო მიწევს, რომ შვილი უცხოეთში მოვინახულო, - თავის ოჯახთან ერთად, ევროპაში ცხოვრობს... აქედან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად ვერ წავალ, რადგანაც ჩემი თბილისი და საქართველო ყველა ქალაქსა და ქვეყანას მირჩევნია! დავიწყებული ვიყავი-მეთქი, რომ ვთქვი, ამაში იცით, რას ვგულისხმობ? როდესაც ესა თუ ის სატელევიზიო მუსიკალური პროექტი იწყება, ადამიანები, რომელბიც მე და ჩემს განვლილ გზას პატივს სცემენ, მეკითხებიან, - შენ რატომ არ მონაწილეობო? გასაგებია, რომ ჟიურის წევრებს პროექტის პროდიუსერი არჩევს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, ჟიურიში ხანდახან მეც მიხილონ. მაგრამ ვიღაცებს ეს არ უნდათ, ან ჩემ გვერდით ჯდომა ზოგიერთს ჩრდილს მიაყენებს...

- ჩვენს საზოგადოებაში ცოტა ხნის წინ იყვნენ აკრძალული მომღერლები, რომლებიც ამა თუ იმ კრებით კონცერტებზე არ მონაწილეობდნენ. ე.ი. თქვენ აკრძალული პროდიუსერი იყავით?

- არ ვიცი, ვინ აკრძალა ჩემი რომელიმე პროექტში მონაწილეობა, მაგრამ ფაქტია, რომ არსად არ მეპატიჟებოდნენ. მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზე იყო დამოკიდებული, რომ ყველას ტაშის დამკვრელი არ ვარ, რადგანაც ეს არ შემიძლია. მაქვს ჩემი პოზიცია, პრინციპები. ამიტომ მირჩევნია, ჩრდილში ვიყო და და ღირსება შევინარჩუნო.

- რას იტყვით ახალი თაობის მომღერლებზე?

- რაღაც სხვანაირი ახლა თაობა წამოვიდა, მუსიკას უფრო ინდივიდუალურად უსმენდნენ, კომპიუტერმა ყველას თავის გემოვნება ჩამოუყალიბა. ისე ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდები კი არიან... ადრე მოთხოვნილება ჩვენს მომღერლებზე იყო, დღეს ურჩევნიათ, უცხოურ მუსიკას, შემსრულებლებს მოუსმინონ და მათ მაგალითებზე გაიზარდონ... ისე, კი ყველაფერი მაინც ფინანსებთან მიდის. ადრე შეიძლებოდა 3-4 ათასად კარგი, ხარისხიანი კლიპი გადაგეღო. ახლა ეს თანხა ერთი ორად გაიზარდა: კლიპი 8-10.000 და მეტიც ჯდება. ამხელა თანხას რომ დახარჯავ, იმ ნამუშევარმა მუსიკალურ არხზე მთელი თვე ხომ უნდა იტრიალოს, რომ მსმენელმა ნახოს, შეფასოს, - კრიტიკაც მივიღოთ და მოწონებაც...

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ტელეპროექტებიდან "ახალმა ხმამ" გაამართლა. ეს რომ ასეა, ის ფაქტიც კამარა, რომ "იურმალას" შესარჩევ ტურზე, 30 მომღერლიდან, ის ორი გოგონა (სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე) აირჩიეს, რომლებსაც აღნიშნულ ტელეპროექტში წილად ხვდათ წარმატება. ნინი ცნობილაძეს მე შევთავაზე "ახალ ხმაში" მონაწილეობა. ამიტომ ყოველთვის საჭიროა ადამიანი, ტელევიზია, ვიღაც, რომ ახალგაზრდებს განვითარებაში ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, პრესის როლიც მნიშვნელოვანია ამ საქმეში. სანამ მუსიკალური არხი, მასმედია, კერძო სექტორი ყველანი ერთად არ ამუშავდებიან, ამ სფეროში პრობლემა მანამ არ მოგვარდება. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, დავაბრუნოთ "გაზაფხული!"

- საბოლოოდ, შეფასება რომ გავუკეთოთ ყველაფერს, - ერთმანეთს "ძველი" და "ახალი" დრო რომ შევადაროთ...

- ადრე რამდენიმე პროდიუსერი (მე, მამულიჩა, მამუკა ღლონტი) ვმუშაობდით. უფრო ადრეულ პერიოდში შალვა რამიშვილი და კოკა ყანდიაშვილი საქმიანობდნენ. თითოეული ჩვენგანი თავს არ ზოგავდა და აქტიურად ვმუშაობდით. შედეგიც გვქონდა. მამულიჩას გარდა (ის ამ სფეროდან არ წასულა), ყველას ვურჩევ, რომ დაბრუნდეს შოუბიზნესში! თითოეულს უდიდეს პატივს ვცემ. ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენცია იყო... რაც შეეხება პერიოდების შეფასებას, 90-იანების ბოლოდან 2004 წლმდე იყო აქტიურობის ხანა, შემდეგომ კი პასიურობის ეტაპი დაიწყო...

- თუმცა 2004 წლიდან პროდიუსერებად სტეფანე და კახუჩელა მოგვევლინნენ. ისინი საახალწლოდ ქუჩის მთავარ კონცერტს უკეთებდნენ ხოლმე ორგანიზებას.

- ის უფასო კონცერტები იყო, მაყურებელი მასში თანხას არ იხდიდა, რაზეც უკვე ვთქვი, რომ ასეთმა კონცერტებმა ჩვენ საქმეს ავნო, ადამიანები კონცერტზე სიარულსა და ბილეთის ყიდვის კულტურას გადააჩვია... სტეფანეს და კახუჩელას კი ჰქონდათ სახელმწიფო დაკვეთა და მუშაოდნენ. ის არ იყო მათი შემოქმედება...

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ შოუბიზნესი გამოცოცხლდეს საქართველოში?

- საჭიროა კერძო პირების, ბიზნესსექტორის თანადგომა, რადგანაც შოუბიზნესს არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო არ აფინანსებს. დიახ, ეს კერძო სექტორის საქმეა, - ბიზნესმენების, პირების, რომლებიც ამ საქმეში თანხას ჩადებენ. მათ ამ სფეროს განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ. დაეხმარონ.

- ისე, ამ სფეროში საოცარი ინტრიგები კი იხლართება ხოლმე...

- ყველა მიყვარს, არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ გამუდმებით მესმის, - იმან ჩააწყო, ამან ჩააწყო... ის, რაც საქართველოში კონკურსებზე ხდება, ასეთი რამ იშვიათია. ასეთი ინტრიგები აქ რომ იხლართება, სხვა ქვეყნის მუსიკოსებს არ დაესიზმრებათ, მაგრამ ალბათ ესეც ჩვენი ტემპერამენტის ბრალია... ზოგს მხოლოდ პოლულარობა უნდა, რადგანაც შინაგანად მუსიკოსი არ არის და ყველაფერზე მიდის...

პროდიუსერები ვწუწუნებთ, რომ არ გვაქვს მუშაობის საშუალება, მაგრამ მომღერალმა თვითონაც ხომ უნდა იმუშაოს?! მას ევალება საკუთარი საქმე აკეთოს! გულდასმით ხალხისთვის იმუშაოს... ყველას წარმატება მინდა ვუსურვო!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება