ნიკა კაკაბაძე: "არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ეწყინოს"

ნიკა კაკაბაძე: "არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ეწყინოს"

1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "კომედი შოუსა" და "ვანოს შოუს" მსახიობების ნაწილი ახალი სახეებით შეიცვალა, გადაცემას კიდევ ერთი პაროდისტი ნიკა კაკაბაძე დაემატა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პაროდიას აკეთებს. ის და ქართლოს ნატროშვილი - სააკაშვილის პაროდისტი - ხშირად აშარჟებენ საქართველოს პირველ პირებს.

- ნიკა, როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში ბიძინა ივანიშვილის პაროდირების ნიჭი?

- როცა ბიძინა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, მაშინ გავაკეთე პირველად მისი პაროდია. მანამდე მხოლოდ თემურ ქეცბაიასა და სპორტულ კომენტატორ სანდრო ცნობილაძის პაროდიის გაკეთება შემეძლო. ბიძინა ივანიშვილს დამახასიათებელი გარეგნობა, მიმიკები და ხელების მოძრაობა აქვს, სწორედ ეს გამოარჩევს სხვებისგან. მასში ეს ნიშნები დავიჭირე და შევძელი კიდეც გამეკეთებინა მისი პაროდია. ან ძალიან მოკლე დროში ვახერხებ ადამიანის პაროდირებას, ან - პირიქით. ივანიშვილის შემთხვევაში კი იოლად მოხდა ყველაფერი. მართალია, გარეგნობით არ ვგავარ, თანაც 22 წლის ვარ, მაგრამ თმას უკან გადავიწევ და ასე თუ ისე ვემსგავსები, დანარჩენი კი გრიმის და ტელევიზიის თანამშრომლების დამსახურებაა.

- "კომედი შოუს" ხელმძღვანელებმა სად გნახეს პირველად?

- შარშან, ნოემბერში, თსუ-ში "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" ღონისძიება იყო. სწორედ იქ გავაკეთე იუმორისტული ნომერი ბიძინა ივანიშვილის პაროდიით. აღმოჩნდა, რომ ღონისძიებას ესწრებოდა "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელი, მას ჩემი ნომერი მოეწონა და რამდენიმე ხნის შემდეგ თანამშრომლობა შემომთავაზეს.

- მიმიკებისა და ანეკდოტების სიყვარულის გარდა, რა გაქვს საერთო პრემიერ-მინისტრთან?

- ვფიქრობ, რომ ისიც ჩემსავით გულღია ადამიანია, დაუფარავად და გულახდილად საუბრობს ნებისმიერ საკითხზე. პრეზიდენტი უკვე შეგვხვდა. ძალიან მინდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც. არ ვიცი, რას ფიქრობს ჩემს შემოქმედებაზე, მაგრამ ყველაფერს იუმორით ვუყურებთ და არ მგონია, ეწყინოს.

- როგორ შეაფასებ პრემიერ-მინისტრს? შენიშვნები ხომ არ გაქვს?

- არ ვერევი პოლიტიკაში. საზოგადოება ისედაც დაყოფილია და ჩემი განცხადებები არ არის საჭირო. ვერც ისე გავთავხედდები, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც შენიშვნები მივცე (იცინის).

- მაყურებელი ხშირად აკრიტიკებს "კომედი შოუს" იუმორს, შენი აზრით, ჯანსაღი იუმორია ის, რასაც თქვენ გვაწვდით?

- იუმორი რაც უფრო დაიხვეწება, უკეთესი იქნება, მაგრამ ჩემი მხრიდან რჩევის მიცემა "კომედი შოუს" გუნდის მიმართ, უხერხული იქნება, რადგან ისინი წლებია ამ საქმეს ემსახურებიან და ცდილობენ, ქართული იუმორი უფრო განვითარდეს.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...

- არის სიახლე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ მინდა პირად გრძნობებზე საჯაროდ ლაპარაკი.

- ოჯახის წევრებს და ახლობლებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა ეთერში ივანიშვილის პაროდიით გამოჩნდი?

- ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკაში არ ერევიან. ჩვეულებრივად შეხვდნენ ამ ამბავსაც. რაც შეეხება საზოგადოებას, ვხედავ, რომ მოსწონთ და ხშირად გამოხატავენ ჩემ მიმართ დადებით ემოციებს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება