რისგან იხსნა ოჯახმა გიორგი ყიფშიძე

რისგან იხსნა ოჯახმა გიორგი ყიფშიძე

"ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟების, ვერსკისა (გიორგი ყიფშიძე) და თინას (მაკა ძაგანია) სიყვარულის განვითარებას უკვე თავად სერიალის მაყურებლები ითხოვენ. როგორც ჩანს, აინტერესებთ, როგორ შეეწყობიან მოძველბიჭო ვერსკი და ინტელექტუალი თინა ერთმანეთს. ალბათ ეს ორი პერსონაჟი ძალიან სახალისო წყვილს შექმნიდა, თუმცა არავინ იცის, რას და როგორ მოიფიქრებს სერიალის სცენარისტი.

გიორგი ყიფშიძეს ეს არცთუ წარმოუდგენლად მაიჩნია. თავად თინას მსგავს ქალთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაგრამ მის მეგობრებში არის რამდენიმე თინასნაირი. გიორგის გადასაღებ მოედანზე შევხვდით, ერთ-ერთ რესტორანში, სადაც დიტოს საძმაკაცოს ერთ-ერთ ეპიზოდს იღებდნენ.

-  შენი აზრით, რატომ მოს­წონთ შენი პერსონაჟი?

-  (იღიმის) ჩემი აზრი ასეთია - ჩვენ ყველანი ვგიჟდებოდით ფილმის "ერთხელ ამერიკაში" გმირებზე, რომლებიც სულაც არ იყვნენ კარგი ადამიანები, მაფიოზები და ძალიან ცუდი პერსონაჟები გახლდნენ. ალბათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ ჩემი პერსონაჟი, არ ჰქონიათ შეხება 90-იანი წლების ამგვარ ტიპაჟებთან და გარკვეულ რომანტიზმს იწვევს. ხომ არიან მამაკაცები, რომლებიც არ ბლატაობენ და ფული აქვთ?!. ეტყობა, ქალებს მაინც ის მოსწონთ, რომ კაცი მთასავით ედგეთ. ფულთან ერთად ისეთი ტიპიც უნდათ, რომელიც მათ დაიცავს. ვერსკისნაირი ტიპები არ მო­მწონს, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი პერსონაჟი მოსწონთ. რეალურად დიტოს საძმაკაცოს მოსაწონი არაფერი აქვს.

-  გქონია ამგვარ ადამიანებთან შეხება, ალბათ...

-  რა თქმა უნდა. ბევრი ასეთი ადამიანი დავკარგეთ. ბევრი ასეთი მეგობარი მყავდა, რომელიც ცოცხალი აღარ არის ამ ტიპის ცხოვრების გამო. ზოგი წამლით გაიპარა, ზოგი ავარიაში დაიღუპა. მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი ტიპი. ჩემ დროს მოდაში იყო ეს ყველაფერი, ან ასეთი უნდა ყოფილიყავი, ან - სათვალიანი და "სკრიპკაზე" დაგეკრა. მეც ვცდილობდი, ჩემს ძმაკაცებთან ერთად, მოძველბიჭო, მოჩხუბარი ტიპები ვყოფილიყავი, რადგან გოგონებს ასეთები მოსწონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე მოვეგე გონს. ოჯახმა გადამარჩინა, გამიშვეს კვიპროსზე, რომ რაიმე შარში არ აღმოვჩენილიყავი. კვიპროსიდან დავბრუნდი საყურით და ჩემი ძველბიჭობა აღარ გამოდიოდა. რაღაც პერიოდი გამიჭირდა, მაგრამ მერე თანდათან შეეგუვნენ, რომ მომწონდა ბერეტი თავზე და საყურე. ყველას რომ "501" "ლევისები" ეცვა, მე სხვანაირ ჯინსს ვიცვამდი. სულ იყო ჩხუბი, ბევრჯერ მიჩხუბია ჩემი საყურის და სხვა რაღაცების გამოც.

-  რით არ მოგწონს კონკრეტულად ვერსკი?

-  პერსონაჟი მომწონს, უბრალოდ, მისი მსოფლმხედველობა არ მომწონს. დიტოს პერსონაჟს რომ ეუბნება, ყველა ქალი ჩემთვის ნაშაა, ჩემი ძმაკაცის დების, ცოლებისა და დედების გარდაო, ეს სასაცილოა. ვერსკი თავხედიცაა, თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ მთავარია, საკუთარ თავზე შეყვარებული "ბალვანი" არ იყო, ვერსკი კი ცოტა "ბალვანია". თან პიჟონია, ჩახსნილი პერანგები აცვია, სათვალე უკეთია, მაგრამ თან პედანტია, მკაცრად აკონტროლებს ფერთა გამას.

-  ეს სათვალე ძალიან გიხდება. ეს იმიჯი თავად მოიფიქრე?

-  მადლობა, სერიალის მხატვართან ერთად მოვიფიქრე. დიტოს პერსონაჟს ასეთი ძმაკაცი უნდა ჰყოლოდა. ნელ-ნელა ჩამოვაყალიბეთ ასეთი ტიპი თავისი ჩაცმულობით.

-  შენი ოჯახის წევრები როგორ აღიქვამენ შენს როლს?

-  ყველა უყურებს, ჩემი მშობლების გარდა (იცინის), რადგან არ გვაქვს გადასახვევი საშუალება, ისინი კი მაინცდამაინც იმ დროს ვერ ხვდებიან ტელევიზორთან. ზურას საერთოდ არ უყვარს სერიალები, ჩემ გამო "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე სერიას უყურა მხოლოდ. ჩემი და ინტერნეტით სულ უყურებს.

-  მამას რაიმე შენიშვნა ხომ არ ჰქონდა ამ როლზე?

-  ამ როლთან დაკავშირებით არა, ისე, სულ მაძლევს შენიშვნებს, თუ რაიმე არ მოეწონება. სერიალს არ უყურებს, რომ შენიშვნები მომცეს, მაგრამ ფილმი ნახა - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი", და კმაყოფილი დარჩა.

-  შენს მეუღლეს, ანი ჩიკვილაძეს თუ მოსწონს ეს როლი?

-  მოსწონს, მაგრამ ეჭვიანობს ცოტას (იღიმება). თინეიჯერებმა ხმამაღალი მესიჯების გამოგზავნა იციან. ვიღაცას გაუკეთებია "ფეისბუქზე" ვერსკის გვერდი. ძალიან მერიდება, ვიღაცას არ ეგონოს, რომ მე გავაკეთე, თანაც, ისეთი გრამატიკული შეცდომებია - მაგალითად, წერია, "ეს ვერსკის ბაშია", ბავშვის მაგივრად. მერე ქვევით კომენტარი იყო დატოვებული, ბავშვი უნდა ეწეროსო. ძალიან შემრცხვა, იმედია, არავის ჰგონია, რომ მე გავაკეთე.

-  და ანი რატომ ეჭვიანობს?

-  პატარა გოგონები მწერენ "ფეისბუქზე". ანი მეუბნება, ახლა წესიერადო! ჩემი ცოლიც ასე ხშირად რომ იყოს ტელეეკრანებზე, მეც მომეღიტინებოდა მუცელში (იცინის).

-  ქუჩაში რა ხდება?

-  ზოოპარკში რომ ირემი დგას და ყველა ფოტოს იღებს, იმ ირმის როლში ვარ. ბევრს უნდა ფოტოს გადაღება (იღიმება). ეს ძალიან სასიამოვნოა. ამას წინათ ბატონი რეზო თავართქილაძის ვარსკვლავის გახსნაზე ვიყავი თეატრში და იქაც ერთი ამბავი იყო, ბავშვებს ძალიან მოსწონთ ჩვენი გმირები, თუმცა მე, გიორგი ყიფშიძეს, მირჩევნია, ასეთი ამბავი თეატრში ნათამაშევი როლის გამო იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება