ზაზა ხუციშვილი - "რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც"

ზაზა ხუციშვილი - "რადგან ასაკზე არ მიფიქრია, იმაზე მიუთითებს, რომ გულწრფელი იყო ჩემი სიყვარული და არის კიდეც"

ქართულ ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მისი ფესვები თელავიდან მოდის. დღემდე ამაყობს თავისი ოჯახით, მშობლებით. ამბობს, რომ ბევრი რამ სწორედ მათგან ისწავლა. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი მუსიკით 20 წლის ასაკში დაინტერესდა. სწორედ ამ ასაკში დედის შუამავლობით მამას საკმაოდ ძვირად ღირებული, ოთხიათასმანეთიანი გიტარა აყიდვინა და დღემდაე ამ გიტარაზე უკრავს. საკმაოდ გვიან, 39 წლის ასაკში დაოჯახდა. უფრო გვიან მისთვის მანამდე უცხო პროფესიაში, ჟურნალისტიკაში სცადა ბედი. ჯერ რადიოში, მერე ტელევიზიაში. ახლა ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი მუსიკალური პროექტ "მაგთი ფანის" დირექტორი გახლავთ. ამბობს, რომ ისევ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა და ამას სიამოვნებით აკეთებს. დღეს მუსიკოსს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

-  გამიმართლა, რომ კარგ ტრადიციულ ქართულ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეამაყება ჩემი მშობლები, ორივე თელავშია დაბადებული. მიუხედავად ამისა, დედაჩემის დედის, ლიზიკო მაყაშვილის გვარია მხოლოდ ტიპური კახური. დედის მამა, ალექსანდრე მილორავა, მეგრული გვარის თელაველი კაცი გახლდათ. მამის მამა შალვა ხუციშვილი გახლავთ, არც ეს არის კახური გვარი. მამის დედა, თამარ მახარაძე, გურული იყო. ინჟინერი გახლდათ მამა, მელიორატორი, მთავარი წყალსაქმშენის მმართველის მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დედამ უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა წითელ დიპლომზე. ამავე ინსტიტუტში ასწავლის დღეს. მედეა მილორავა ძალიან ბევრ სტუდენტს უყვარს, რაც თავისთავად მეამაყება.

-  მშობლების მხრიდან განსაკუთრებული დარიგება გახსენდება?

-  დღემდე მარიგებს დედაჩემი. მისი დარიგებები ძირითადად გრამატიკას უკავშირდება, თუკი რომელიმე სიტყვას ხშირად ვიმეორებ ინტერვიუს დროს, შენიშვნას მაძლევს ხოლმე. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მამა გაცილებით მკაცრი იყო, მისი შიში, რიდი და სიყვარული ერთად მქონდა. დღეს მამა ძალიან მაკლია, სამწუხაროდ, ადრე დაგვტოვა. როცა მუსიკამ გამიტაცა, ძალიან მინდოდა გიტარა, ოცი წლის ვიყავი მაშინ. გავიგე, რომ მეზღვაურს, რომელიც გემზე მუშაობდა, ჩამოტანილი ჰქონდა ძალიან მაგარი გიტარა. მამაჩემს ვერ გავუბედე და დედას ვუთხარი. მან ჩამიწყო საქმე მამასთან. 4 ათასი მანეთი გადავიხადეთ გიტარაში, ეს იყო მანქანის ფასი. მამამ ცოტა შემარცხვინა, მითხარი მაინც, რაში ვიხდით ამხელა ფულსო. მაშინ გადმოვიღე ჯიმი ჰენდრიქსის დისკები, ერიკ კლაპტონის, "პინკ ფლოიდის" ფოტოები. ყველა ჩემი საყვარელი გიტარისტი ამ გიტარაზე უკრავს. ეს არის ლეო ფენდერის სტრატოკასტერი, სუფთა ამერიკული გამოშვება. სხვათა შორის, ფენდერი დღეს ცოცხალი აღარ არის, ამიტომ ჩემს გიტარას სერიოზული ფასი აქვს, დღემდე ამ გიტარაზე ვუკრავ, 28 წელი გავიდა მას მერე.

-  48 წლის ხარ? ვე­რც წარმოვიდგენდი... 20 წლის ასაკში გამიტაცა მუსიკამო მითხარი, მანამდე რით იყავი დაკავებული?

-  მანამდე ფორტეპიანოზე დავდიოდი მუსიკალურ შვიდწლედში, მშობლების თხოვნით. ბავშვმა მუსიკალური განათლება უნდა მიიღოსო, იყო ასეთი სტანდარტული სტერეოტიპი. ეს იყო ჩემთვის წამება, თუმცა სმენა აღმომაჩნდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, ფორტეპიანოსთან ზურგით რომ დამაყენა პედაგოგმა, ნოტებს იღებდა და გამეორებას მთხოვდა. ჩემი ოჯახის მეგობარი იყო მზია ჩალაძე, რომელიც ნიჭიერთა ათწლედში ასწავლიდა ფორტეპიანოს განხრით. დედამ სთხოვა, იქნებ დაეხმარო, გამოსაგდებად აქვს საქმეო. მისი მიდგომა სხვანაირი აღმოჩნდა. ჩვენი გაკვეთილები ვან კლიბერნისა და რიხტერის შესრულებით მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენით იწყებოდა. შემდეგ მომცეს ღირებული ნაწარმოებები, მაგალითად, ჩაიკოვსკის "წელიწადის დროები". ეს უკვე მუსიკა იყო იმ საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებებისგან განსხვავებით, რომელთა ნამუშევრებიც მათი პოლიტიკური აქტივობის გამო იყო შესული პროგრამაში. მოკლედ, მზია დეიდამ მოახერხა ის, რომ შვიდწლედის გამოსაშვებ საღამოზე პედაგოგებს ქვედა ყბა ჩამოუვარდათ. ხუთიანი დამიწერეს, დედა გვერდით გაიყვანეს და უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა სწავლა მუსიკალურ ათწლედში. ამაზე უკვე უარი ვთქვი.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  მამაჩემის გზას გავყევი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით. რომ დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი ჰიდროპროექტის ინსტიტუტში, შემდეგ სტანდარტების განყოფილებაში ვიმუშავე, კაჭრეთის რკინა-ბეტონის ქარხანაში რევიზია ჩავატარე (იღიმება), ძალიან საინტერესო იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება