როდის გაიცნო კატოს რუსმა ნახევარდამ რეალურად საკუთარი დები

როდის გაიცნო კატოს რუსმა ნახევარდამ რეალურად საკუთარი დები

28 წლის ია ვახანია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს და ლიკუნას რუსი ნახევრდის - ვიკას როლს თამაშობს. ფილმ "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის" მიხედვით ვიკა საქართველოში კატოს ქორწილისთვის მამასთან ერთად დაბრუნდა, გაიცნო ნახევარდები და კატოს გაბედნიერების დღესვე დაამყარა ინტიმური კავშირი მისსავე პირველ ქმართან, ნიკასთან, რომელსაც ზუზუ ასახიერებს. რით ჰგავს მისი ცხოვრება ვიკასას, ამას ინტერვიუში გვესაუბრება.

- საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ რუსი ბებიის გავლენით, ოჯახში რუსულად ვლაპარაკობდით, ლექსებს თუ ზღაპრებს ამ ენაზე მიკითხავდნენ, შემდეგ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, ასე გახდა რუსული ჩემთვის მეორე მშობლიური ენა. მართალია, ვახანია ვარ, მაგრამ აზროვნებითაც კი რუსულად ვაზროვნებ.

ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე, მაგრამ რადგან თეატრალურში არ იყო რუსული ჯგუფი, მე კი ვიცოდი, რომ ქართულად სწავლა გამიჭირდებოდა, ილიას უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე. საბედნიეროდ, სასწავლებლის დასრულებისთანავე თეატრალურში გაიხსნა რუსული - გრიბოედოვის თეატრის მიზნობრივი ჯგუფი და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ანდრო ენუქიძე გახლავთ ჩვენი რეჟისორი, მომავალ წელს დავამთავრებ სწავლას და იმედი მაქვს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ვითამაშებ, კინო კარგია, მაგრამ თეატრი მაინც სხვაა.

- სანამ სერიალში გამოჩნდებოდი, მანამდე იყო "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი", როგორ შეგარჩიეს ამ როლზე?

- "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილისთვის" დასჭირდათ კატოსა და ლიკუნას ნახევარდის როლის შემსრულებელი რუსული გარეგნობის ან რუსეთიდან ჩამოსული გოგო, საიტზე ნახეს ინფორმაცია ჩემ შესახებ და ამიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩემთვის ეს იყო პირველი შეხება კინოსთან. მიუხედავად ამისა, მუშაობა არ გამჭირვებია, რადგან ფილმსა და სერიალზე არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს. ფილმის დასრულების შემდეგ შეეძლოთ ჩემი გმირის მოხსნა, მაგრამ, საბედნიეროდ, დატოვეს და სერიალის მესამე სეზონში ეპიზოდურად მიწევს გამოჩენა.

- გაგიჭირდა ვიკას გმირზე მუშაობა?

- არა. მართალია, ვიკა ჩემგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ შორის ერთი მნიშვნელოვანი მსგავსებაა. ვიკას მსგავსად მეც საკმაოდ დიდ ასაკში გავიცანი ჩემი დები. მამის მხრიდან მყავს ორი ნახევარდა, რომლებიც დაახლოებით 12-13 წლის ასაკში გავიცანი. მართალია, დედა და მამა დაშორებული არიან, მაგრამ მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, როგორც წესი, ბავშვებს მშობლების პირად ცხოვრებაზე პატარა ასაკში არ ელაპარაკებიან ხოლმე. რომ გავიზარდე, გავიგე, რომ ორი უფროსი და მყოლია, ჰოდა, ჩემი მშობლების ინიციატივით გავიცანით ერთმანეთი. ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება, ძალიან ემოციური იყო ის დღე. აქედან გამომდინარე, ვიკას როლის მორგება არ გამიჭირდა, წავიკითხე თუ არა სცენარი, მაშინვე ვუთხარი ყველას, რომ ამით ჩემი გმირის ცხოვრება ჩემს რეალურ ცხოვრებას ჰგავდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება