ცნობილების სააღდგომო წეს-ჩვეულებები და საოცნებო ქალაქი

ცნობილების სააღდგომო წეს-ჩვეულებები და საოცნებო ქალაქი

მოგეხსენებათ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღეა და ყველა მორწმუნე ცდილობს, მას შესაბამისად მომზადებული შეხვდეს. სააღდგომო ტრადიციებზე სასაუბროდ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დავუკავშირდი და მათი საზეიმო განწყობილება გავიზიარე...

მარინა კახიანი, მსახიობი:

- აღდგომის დღესასწაული ძალიან მიყვარს და ამ დღეს მეც ისე აღვნიშნავ, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქართველი. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, კვერცხებს ბებია ღებავდა და კვირა დილით ერთმანეთს "ვუჭახუნებდით", მერე კი მეზობლებთან გავდიოდი ხოლმე. ბებია და ბაბუა ოჯახში დიდ სუფრას შლიდნენ, სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ და ა.შ.

წლების განმავლობაში პასქას თავად ვაცხობდი. რაც შეეხება სხვა კერძებსა და ტკბილეულს, ყველაფერს "საფულის სისქიდან" გამომდინარე ვამზადებთ. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ტაძარში ყოველ ლიტანიობას დავდივარ, მაგრამ შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, წირვას ხშირად ვესწრებოდი, ახლა კი სახლში განვმარტოვდები ხოლმე და ჩემთვის წყნარად აღვნიშნავ ქრისტეს აღდგომას. სანთელს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვანთებ...

როდესაც იერუსალიმში ვიყავი, იმ წმინდა ადგილას საოცარი გრძნობა დამეუფლა და დიდი სურვილი მაქვს, იქ ოდესმე აღდგომის დღესასწაულზეც მოვხვდე. სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტიანების ყველაზე დიდ დღესასწაულს. ყველას ბედნიერებას და პირველ რიგში, საკუთარ თავთან ჰარმონიას ვუსურვებ!

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

- აღდგომის დღესასწაულს ყოველთვის გამორჩეულად აღვნიშნავ. ეს მართლაც საოცარი და განსაკუთრებული დღეა ისევე, როგორც შობა. აღდგომა მხოლოდ კვერცხის შეღებვა და საფლავზე გასვლის აუცილებლობა არ არის, ამ დღესასწაულს სულ სხვა დატვირთვა აქვს: მთავარია, სულში იგრძნო ის, რაც ამ დიდ სიბრძნეშია ჩადებული. მთელი 48 წელია, ამ დღისთვის მარხვით ვემზადები და ვცდილობ, ნაზიარები შევხვდე. წინასწარ ჯეჯილს ვთესავ, პარასკევს კი, რა თქმა უნდა, კვერცხს ვღებავ და მასში ვალაგებ. მაქვს სურვილი, პასქის ცხობა ვისწავლო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი კულინარი გახლავართ, ეს ჯერჯერობით ვერ მოვახერხე და როგორც წესი, მაღაზიაში ვყიდულობ. იქიდან გამომდინარე, რომ ხორცს არ გეახლებით, თევზისგან არაერთი სახეობის კერძს ვამზადებ და ვინაიდან კვირა დღეს უკვე ხსნილია, სუფრაზე თითქმის ყველაფერი დევს ხოლმე. მოგეხსენებათ, აღდგომის ღამეს მე და მარიამი ტაძარში ვგალობთ და ეს ძალიან სასიამოვნოა.

- როგორც ვიცი, იერუსალიმში არაერთხელ ხართ ნამყოფი. თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ...

- დიახ, აღდგომას იერუსალიმში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ხუთი წლის წინანდელი ვიზიტი არასდროს დამავიწყდება: მაშინ ებრაელმა მეგობრებმა - აბულაშვილებმა მთელი ოჯახი დაგვპატიჟეს და დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს: მიკროავტობუსით ექსკურსიაზე წაგვიყვანეს, სადაც ექსკურსიამძღოლიც გვყავდა და მან, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, არქიეპისკოპოს თეოფილეს შეგვახვედრა, რომელიც ამჟამად იერუსალიმის პატრიარქი გახლავთ. იგი ჩვენ მიმართ დიდი სიმპათიით განიმსჭვალა და როცა გაიგო, ვმღეროდით, უფლება მოგვცა, ტაძარში "ქრისტე აღდგა" გვეგალობა. ერთ-ერთ ფლიგელში შეგვიყვანა, სადაც სხვათა შორის, იმ ჯვრის პატარა ნაწილი ვნახეთ, რომელზეც იესო იყო გაკრული. ჩვენი გალობით აღფრთოვანებული დარჩა და "ღვთისმშობლის საგალობელიც" გვამღერა. მერე, ჩვენი სახელები ჩაიწერა - ერთი წლის განმავლობაში ლოცვებში მოგვიხსენიებდნენ, დამშვიდობებისას კი გვითხრა: მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთო. როდესაც შაბათს საღამოს მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლი გადმოდის, საფლავი ილუქება - მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ლუქი ადევს, რომელსაც სანთლის ცვილის შემცველობა აქვს; ის პატარაა, ხელისგულის ზომის, მაგრამ უდიდესი ძალა აქვს. არქიეპისკოპოსმა თეოფილემ ეს სიწმინდე ჩვენ გვაჩუქა და მას შემდეგ, ჩემს ოჯახში ინახება როგორც უდიდესი რელიკვია. დიდება უფალს, რომ ამ მხრივ გამოგვარჩია და იერუსალიმიდან ასეთი საჩუქარი გამოგვატანეს. ოცნებად მაქვს გადაქცეული, რომ იქ კვლავ ჩავიდე.

ქეთი კანტიძე, მარჯანიშვილის თეატრის დასის გამგე:

- ტრადიციულად, აღდგომას ტაძარში ვხვდები, დილით კი სოფელში მივემგზავრები და დედ-მამის საფლავზე გავდივარ. ჩემი აზრით, აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია და ძალიან მიყვარს. მზადება უკვე დავიწყე - ხორცი ვიყიდე, სოფლის კვერცხი, ჯეჯილიც დათესილი მაქვს და ა.შ. მარხვასაც ვიცავ და ალბათ, ვეზიარები კიდეც. კვირა დღისთვის ყოველთვის ვამზადებ "ჩაქაფულს", რომელზეც ვგიჟდები და გემრიელი გამომდის. პასქა არასდროს გამომიცხვია, რადგან საკმაოდ რთული მოსამზადებელია. წარმოშობით კასპის რაიონიდან ვარ და მახსოვს, ბავშვობისას დედაჩემი აცხობდა; მეზობლები მთელ ღამეს ათენებდნენ, ცომს ამზადებდნენ, დილით კი გამოსაცხობად ღუმელში დებდნენ ხოლმე. ისიც მახსოვს, რომ მთელი წლის განმავლობაში ათასნაირ კოლოფს აგროვებდნენ, რათა პასქის ფორმები ჰქონოდათ (აბა, მაშინ სად იყო ამდენი კონსერვი?). ჰოდა, ეს ყველაფერი რომ მახსოვს, პასქის გამოცხობა ამიტომაც არ მიცდია. თუმცა, ოჯახში გამომცხვარ პასქას დიდი სიამოვნებით მივირთმევ, თუ რა თქმა უნდა, ვინმე მომართმევს (იღიმის)...

სხვათა შორის, მახსოვს, ბავშვობისას როგორ გვიხაროდა "ჭიაკოკონობის" მოახლოება. სოფელში ერთი დანგრეული ეკლესია იყო, რომელსაც საყდარს ვეძახდით. ჰოდა, ამ ეკლესიის წინ დიდ კოცონს ვანთებდით და გადავხტებოდით და გადმოვხტებოდით ხოლმე. პატარაობისასაც ტანსრული ვიყავი და ამის გაკეთება მიჭირდა, მაგრამ სულ მინდოდა, ყველაზე მაღალ ცეცხლის ალზე გადავმხტარიყავი. ჰოდა, ამას რომ ვერ ვახერხებდი, გული მწყდებოდა. აღდგომის დღეს კვერცხებით ხელში აქეთ-იქით დავრბოდით; ზოგს ხის კვერცხი ჰქონდა და ერთმანეთს ვატყუებდით. ის დრო კარგად მახსენდება...

დიდი სურვილი მაქვს, აღდგომას იურუსალიმში შევხვდე, მაგრამ ეს ოცნება ჯერჯერობით ვერ ავიხდინე. ამიტომაც, აღდგომის ღამეს ტელევიზორის წინ ვზივარ და ვუყურებ, მოლოდინში ვარ და ვღელავ, ცეცხლი როდის გადმოვა. სიმართლე გითხრათ, ასეთ დროს შიში მიპყრობს: ღმერთმა არ ქნას, არ აინთოს, უბრალოდ, შინაგან დაძაბულობას ვგრძნობ ხოლმე.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- როგორც წესი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ტაძარში ვხვდები. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა მარხვაზეა და იქ ვიხსნილებთ ხოლმე. სხვათა შორის, უმეტესობა ხომ კვერცხს ენდროთი ღებავს, ბებიაჩემს და ბაბუაჩემს კი ტრადიციად აქვთ, იგი სანელებლით შეღებონ, რომელსაც მანანა ჰქვია და ყოველთვის გამორჩეულად წითელი, "კვასკვასა" კვერცხი გვაქვს. მანანით ჩვეულებრივი მეთოდით იღებება - სპეციალურად კვერცხის შესაღებად განკუთვნილ ქვაბში ხახვის ფურცლებთან ერთად მანანას ჩაყრით და სულ ეს არის. სხვათა შორის, ბოლო 2-3 წელია, ამ სანელებელს თბილისში ვერ ვშოულობთ და ახლობელს ქუთაისიდან ვაგზავნინებთ ხოლმე. ბებია და ბიცოლა სახლში უგემრიელეს პასქებს აცხობენ და ჩვენც გვჩუქნიან. 15 დღით ადრე, ბუზღელის ფორმაზე ჯეჯილს ვთესავთ და შუაში კვერცხებს ვალაგებთ ხოლმე. სუფრაზე აუცილებლად გვაქვს "ჩაქაფული", ტარხუნა და მწვანე ტყემალი. აღდგომას საფლავზე რომ გადიან და იქ 9-სართულიან სუფრას შლიან, ასეთი რამ არ გვჩვევია. ეს ბრწყინვალე დღესასწაული ერთი კვირა უნდა იზეიმო და მართლმადიდებლური წესით, საფლავზე მომდევნო სამშაბათს გახვიდე...

ნინუცა მაყაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- როგორც წესი, წითელი პარასკევის მოახლოებისას, მაღაზიაში დიდი რაოდენობით კვერცხს ვყიდულობთ, მაგრამ ვინაიდან მე და რუსკას ასეთი საქმიანობისთვის არასდროს გვცალია, მათ ყოველთვის დედა ღებავს ხოლმე; ადრე კი ამ საქმეს ბებია აგვარებდა. პასქასაც ვყიდულობთ, რადგან მისი გამოცხობა არც ისე ადვილი საქმეა და ჩვენს ოჯახში ცხობისთვისაც არავის "სცხელა" (იცინის). თანაც, მაღაზიებში საკმაოდ გემრიელი პასქები იყიდება და ვფიქრობ, სახლში წვალებად არც ღირს. ბავშვებს ერთი სული აქვთ, აღდგომის დღე როდის გათენდება, რათა ერთმანეთს კვერცხები "დავალეწოთ" და შეჯიბრება მიდის, ვისი კვერცხი უფრო მაგარია. მეორე დღეს, შეძლებისდაგვარად, ბებია-ბაბუის სასაფლაოზე - მუხათგვერდში ავდივართ ხოლმე, მაგრამ ორშაბათობით სასაფლაოებზე ისეთი საგიჟეთია, რომ ბევრჯერ გადაგვიფიქრებია და იქ კვირას ან სამშაბათს წავსულვართ. მე და რუსკას გადაღებები და იმდენი საქმე გვაქვს, რომ თითქმის ყველაფერი დედაჩემის კისერზე გადადის. მოკლედ, უზნეო ბავშვები ვართ (იცინის). რაც შეეხება ტაძარში სიარულს, როცა ვახერხებ, ეკლესიაში აუცილებლად მივდივარ. ლიტანიობას არ დავსწრებივარ, თუმცა დღის განმავლობაში სანთელს ვანთებ ხოლმე.

ანა ქურთუბაძე, მსახიობი:

- აღდგომის დღესასწაულს, ხშირ შემთხვევაში, ტაძარში ვხვდები. მაგალითად, შარშან გურიაში ვიყავით, ბებია-ბაბუასთან და ღამით ლიტანიობას დავესწარით, მერე კი სუფრასთან აღვნიშნეთ, მეზობლები ჩამოვიარეთ - იქ ასეთი ტრადიციაა, ყველასთან უნდა მიხვიდე და მიულოცო. შარშანდელი აღდგომა ნამდვილად კარგად დამამახსოვრდა. სამწუხაროდ, წელს ტაძარში წასვლასაც ვერ მოვახერხებ, რადგან რეპეტიციები მაქვს. ალბათ, ოჯახის წევრებთან ერთად, ამ დღესასწაულს შინ შევხვდები. წინასააღდგომო სამზადისში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და შესაბამისად, არც კვერცხი შემიღებავს.

- ბავშვობისას აღდგომას როგორ აღნიშნავდი ხოლმე?

- "ჭიაკოკონობას" განსაკუთრებულად ველოდებოდი, ეს დღე ძალიან მიყვარდა. ვერაზე გავიზარდე. სახლთან დიდი ეზო გვქონდა, სადაც ბიჭები გოგონებისთვის ანთებდნენ დიდ ცეცხლს, გოგონები კი - ბიჭებისთვის. ერთადერთი გოგო ვიყავი, ვინც მაღალ ცეცხლს ვახტებოდი და ეს ძალიან მიხაროდა (იცინის). სამწუხაროდ, ასეთ ტრადიციას ვეღარ ვხედავ. მართალია, ჩემი თაობა გაიზარდა, მაგრამ ეზოში ბავშვები ხომ არიან? კარგა ხანია, ეზოში დანთებული ცეცხლი არ შემიმჩნევია.

- იერუსალიმში თუ ხარ ნამყოფი?

- სამწუხაროდ, არა! იქ წასვლა ოცნებად რომ მაქვს ქცეული, ყველა ნაცნობმა იცის და ვინც მიდის, ჩემთვის აუცილებლად მოაქვს რაიმე - სანთლებით დაწყებული, ზეთით დამთავრებული... დარწმუნებული ვარ, ოდესმე იერუსალიმში წასვლის შესაძლებლობა მეც მომეცემა! მინდა, აღდგომის დღესასწაული თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს მივულოცო. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

ნუკი კოშკელიშვილი, მსახიობი:

- ოჯახში ტრადიციულად, წითელ პარასკევს კვერცხებს ვღებავთ ხოლმე. ვფიქრობ, აღდგომა ისეთი დღესასწაულია, რომელიც აუცილებლად ოჯახის წევრებთან ერთად უნდა აღნიშნო. ამ დროს მე და დედას საშუალება გვეძლევა, რაღაცები ერთად მოვამზადოთ. გადაწყვეტილი მაქვს, წელს მთლიანად ჩავერთო წინასააღდგომო ფუსფუსში. პასქას ყოველთვის ვყიდულობთ. ყველაზე მეტად თეთრშოკოლადიანი იტალიური პასქები მომწონს, რადგან ძალიან გემრიელია. ეს ის დროა, როდესაც დიეტაზე უარს ვამბობ და პასქას სიამოვნებით მიირთმევ.

დედასთან, მამასთან და ჩემს დასთან ერთად, აღდგომას წელსაც ტაძარში შევხვდები. სულ ცოტა ხნის წინ გახლდით იერუსალიმში და დიდი სურვილი გამიჩნდა, იქ აღდგომის დღესასწაულსაც დავსწრებოდი, მაგრამ ამჯერად არ გამოვიდა. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება