რატომ ჰქონდა მეუღლესთან პრობლემები ლევან ყოჩიაშვილს

რატომ ჰქონდა მეუღლესთან პრობლემები ლევან ყოჩიაშვილს

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებისადმი" საზოგადოების ინტერესი დღითი დღე იზრდება. როცა სერიალის მთავარმა გმირმა დათო გოცირიძემ სტომატოლოგ ნათიასთან გააბა რომანი, ამან სერიალის მაყურებელი ისე აღაშფოთა, რომ იმ კლინიკის კარზე, სადაც სიუჟეტის მიხედვით ნათია მუშაობს, ხალხმა საპროტესტო პლაკატებიც კი გააკრა... რა მსგავსებას ხედავს საკუთარ პერსონაჟთან და როგორ განვითარდება ნინას და დათოს ოჯახური ამბები სერიალში, ამას დათოს როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი გვიამბობს:

- ზუსტად ვიცოდი, რა ამბავიც მოჰყვებოდა დათოს სტომატოლოგ ნათიასთან გამიჯნურებას. ქუჩაში ხალხი მაჩერებს და მთხოვენ, ოჯახი არ დაანგრიოო. ნინო მუმლაძის მიმართ კი დიდი აგრესია გაჩნდა. მაყურებელს ჰგონია, რომ ნინო იმ კლინიკაში მუშაობს, რომელიც სერიალშია ნაჩვენები და საპროტესტო პლაკატებიც კი გააკრეს კლინიკის კარზე წარწერით - "დათო, ნუ გაცვლი ნინას ნათიას ძუძუებზე". მაყურებელს მე და მსახიობი ანი ტყებუჩავა ცოლ-ქმარი ვგონივართ, ტასო და ჯეკო კი ჩვენი შვილები. როდესაც ფილმ "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილს" ვიღებდით, შესვენებისას ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა, სადაური გოცირიძეები ხართო (იცინის)... გიორგი ლიფონავა ნიჭიერი რეჟისორია, მსახიობები სწორად ჰყავს შერჩეული და ამის დამსახურებაა მაყურებელმა ასე ახლოს რომ მიიღო ეს სერიალი. ისე, ჩემი პერსონაჟი რომეოდ რომ გადაიქცა, ამას ვერ ვამართლებ. ტყუილის და ღალატის გამართლება არ შეიძლება.

- ცხოვრებაში არასოდეს აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში?

- სულ მიკვირს, როგორ ახერხებენ ამას, როგორ შეუძლიათ სააბაზანოში შევიდნენ და ჩუმად დაურეკონ სხვა ქალს. ზოგს იტაცებს ასეთი თავგადასავლები, შეიძლება მეც მომეწონოს ვინმე, მაგრამ ასე არასოდეს მოვიქცევი. როცა გყავს მოსიყვარულე მეუღლე და შვილები, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და თავგადასავლებისგან თავი უნდა შეიკავო. ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, დაფიქრდება და აწონ-დაწონის თავის საქციელს. სერიალისთვის საჭიროა ეს სიმძაფრე, თორემ ამდენი კარაქიანი პურით და ყანწებით ხელში - ხალხი დაიღალა.

- თვითონ როგორი ქმარი ხართ?

- მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ის ჩემზე ორი წლით უფროსია, დედამისთან ვემზადებოდი ინგლისურზე. მერე სკოლა დავამთავრე და 19 წლის ასაკში დავქორწინდი. უკვე 15 წელია ერთად ვართ - ხან ისე და ხან ასე. მეუღლესთან ყოფით საკითხებზე პრობლემები მქონია, მაგრამ ეს ქალის გამო არ მომხდარა და ჩვენი ურთიერთობა დაშორებამდე არ მისულა. ხანდახან ხდება ასეთი რამ მსახიობების ცხოვრებაში. ახლა ყველაფერი კარგად არის. ვცდილობ კარგი ქმარი, ძმა, შვილი და მამა ვიყო. სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ადამიანს შენი იმედი აქვს. არ მიყვარს სიურპრიზები და მძაფრი შეგრძნებები. უფრო დინებას მივყვები. ურთიერთობას პერიოდულად გაცოცხლება და განახლება სჭირდება, მაგრამ როცა საქმე ბავშვებზე მიდგება, ისინი წყვეტენ ყველაფერს.

- მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი დაბალი ანაზღაურების გამო დატოვა, თქვენ კმაყოფილი ხართ ჰონორარით?

- მეც მინდა ტომ კრუზისნაირი ანაზღაურება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, სად ვცხოვრობთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, ასეთი საქმეც ცოტაა. არის პროფესიები, რომელიც უფრო მაღალანაზღაურებადია სხვა ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში. მსახიობობა პრეტენზიული საქმეა, ორიენტირებულია ხალხზე, ამიტომ ყველაფერს ვერ ითამაშებ. რასაც თამაშობ, იმის შენც უნდა გჯეროდეს, მაყურებელი რომ დააჯერო. ამიტომ თავიდანვე უარს ვამბობ უცნაურ შემოთავაზებებზე. სცენაზე ფეხს რომ შედგამ, უკან ვეღარ დაბრუნდები. ამიტომ თავიდანვე გმართებს დაფიქრება, ზუსტად უნდა იცოდე, რას აკეთებ. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ წვალებით ამიღია კუთვნილი ჰონორარი. წესით, ამას იმპრესარიოები უნდა წყვეტდნენ, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა შევეგუოთ, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება - საქართველოში მსახიობი დაჩაგრული რგოლია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება