თამუნა ნიკოლაძე: "პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე"

თამუნა ნიკოლაძე: "პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე"

დიდი ხანია, ბეჭდური მედიისთვის ინტერვიუ არ მიუცია, მაგრამ დუმილი ჩვენს გაზეთთან დაარღვია და კვლავ შეხვდა მკითხველს. "თავისუფალი თეატრისა" და კინოს მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ "ფსიქოს" კითხვებზე ბევრი იხალისა, საუბარი კი მის კარიერაში მომხდარი სიახლეებით დაიწყო.

- დღეს ვარ "კომედი არხზე", სადაც ანეკდოტებს ვაცოცხლებთ ეკრანზე. გარდა ამისა, არის სიახლეც, მალე საზოგადოება "ფორმულა კრეატივის" ახალ სერიალს ნახავს, რომლის რეჟისორი გიორგი ლიფონავაა. მეტს ამ სერიალის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მეკრძალება. თითქმის ცხრა წელია თავისუფალი თეატრის დასის წევრი ვარ. საზოგადოების დიდი ნაწილი კომედიური როლების შემსრულებლად მიცნობს, რადგან სერიალ "შუა ქალაქში" მიხილა, მაგრამ ჩემი საყვარელი ჟანრი ფსიქოლოგიური დრამაა და სწორედ დრამატული როლების თამაშის საშუალება მაქვს "თავისუფალ თეატრში". ახლახან გვქონდა კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა, სახელწოდებით "ვალსი ძილის წინ". პიესის ავტორიც და რეჟისორიც ბატონი ავთო ვარსიმაშვილია. სპექტაკლში 7 გოგო და ერთი ბიჭი ვთამაშობთ. სხვათა შორის, ბატონმა ავთომ გაგვიმხილა, ეს პიესა თითოეულ თქვენგანზე დავწერეო. 8 მსახიობიდან 5 გოგო მოხუცების როლებს ვასრულებთ, მოქმედება კი მოხუცებულთა თავშესაფარში ხდება. ამათგან ყველაზე ახალგაზრდა მოხუცი, 75 წლისა, მე ვარ (იცინის). სიახლე კიდევ ისაა, რომ მაისში თეატრალურ ფესტივალზე "თავისუფალი თეატრიდან" ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ფინეთში მივემგზავრებით ორი სპექტაკლით: "მშვენიერი ქართველი ქალი" და "კავკასიური ცარცის წრე".

- რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდა პროფესიით თამუნა ნიკოლაძე?

- მხოლოდ მსახიობი! ჩემი პროფესია ჩემი საუკეთესო მეგობარია, ამ პროფესიას როგორც პიროვნებას ისე ვუყურებ. სამი წლის ვიყავი, პირველად სცენაზე რომ დავდექი. არადა მამას უნდოდა, სტომატოლოგი გავმხდარიყავი, დედას კი - გინეკოლოგი... მაინც მსახიობი გავხდი. მამა ჩემს მსახიობობას ისე ეწინააღმდეგებოდა, რომ გავიპარე და ჩუმად ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში.

- დღეს მოსწონს მსახიობი შვილი?

- თითქმის 35 სპექტაკლში ვითამაშე და მამაჩემს არც ერთი არ უნახავს, თუმცა ჩემი პროფესიული წარმატებები ძალიან უხარია. რაც ასაკში შევიდა და გაჭაღარავდა, გული მოულბა და ჩემს სპექტაკლზე დასწრება მოისურვა, მაგრამ უკვე მე ვარ წინააღმდეგი. მართლა აღარ მინდა, მამამ სცენაზე მნახოს.

- სერენადა უმღერიათ შენთვის?

- ბავშვობაში მიმღერეს. მარჯანიშვილის თეატრის გვერდით ვცხოვრობდი და სწორედ იმ სახლთან მიმღერეს სერენადა, მე ტაში დავუკარი და წავიდნენ (იცინის).

- მამა ხომ არ გაგიბრაზდა?

- მამა მხოლოდ ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო და არა სერენადების, გარდა ამისა, მასთან ყოველთვის ვმეგობრობდი.

- წარმოიდგინე, რომ შენი სახლის ფანჯრებს მოადგა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე და გიმღერის სერენადას, როგორი რეაქცია გექნება?

- (იცინის) სიცილით მოვკვდები. ვიფიქრებ, რომ სატელევიზიო ხუმრობაა...

- არა, შენი სიყვარული ამღერებს...

- რა ვიცი, ყველაფერი ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ეჭვი მეპარება, გოგა ხაჩიძეს შევუყვარდე, სხვადასხვა ტიპები ვართ. მართლა ასე რომ მოხდეს, ტაშს დავუკრავ, მადლობას გადავუხდი, თუმცა გულს მაინც დავწყვეტ, რადგან ვერ შევიყვარებ.

- წარმოიდგინე, რომ კულტურის მინისტრმა დააარსა თეატრალური დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად შენ გნიშნავს...

- ამჟამად ხელმძღვანელობისთვის მზად არ ვარ. პროფესიონალიზმი არ გულისხმობს ორგანიზატორულ ნიჭს. რაღაცის მართვას და წინამძღოლობას გამოცდილება სჭირდება. ბავშვის მომზადებაზეც კი ყოველთვის უარს ვამბობ. ისე კი, ქართულ თეატრს ვუსურვებ ზუსტ დროში ცხოვრებას. მსოფლიოში რაღაცები წინ მიდის, ვითარდება, იცვლება შეხედულებები, სათქმელი და მინდა, რომ ამ ყველაფერს ქართული თეატრი ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვეს. ნაფტალინში ცხოვრება არ შეიძლება.

- წარმოიდგინე, რომ შუა სპექტაკლის დროს სცენაზე ამორბის კახა ბენდუქიძე, აგიტაცებს ხელში, დაგაყენებს სკამზე და ბესიკის "ტანო-ტატანოს" გიკითხავს. როგორი რეაქცია გექნება?

- ვაიმე... გოგა ხაჩიძის სერენადაზე თუ სიცილით ავყირავდები, ამ შემთხვევაში სრულ შოკს მივიღებ. პირველ რიგში, სცენიდანვე ჭერში ავიხედავ, სადაც ადმინისტრაცია ზის და პასუხს მოვთხოვ, რატომ არ დააბეს კახა ბენდუქიძე და როგორ მისცეს სცენაზე ამოსვლის უფლება.

- ბენდუქიძის დაბმა არცთუ ადვილი საქმეა...

- დაცვა იმისთვისაა, რომ ნებისმიერ წონას გაუძლოს (იცინის).

- ვინ არის თამუნა ნიკოლაძის საყვარელი მამაკაცი მსახიობი?

- ახლა რა მოგახსენო, მაგრამ პატარაობისას, როგორც მსახიობი და მამაკაცი, ძალიან მომწონდა რეზო ჩხიკვიშვილი. ასევე ვგიჟდებოდი და ვწითლდებოდი ზაზა პაპუაშვილზე. ძალიან დიდი მსახიობია ნოდარ მგალობლიშვილი. უცხოელებიდან კი ძალიან მომწონდა ალ პაჩინო.

- წარმოიდგინე, ერთ-ერთ უცხოურ კლუბში გვერდით მოგიჯდა ალ პაჩინო და კოქტეილზე დაგპატიჟა...

- აუცილებლად დავლევ მასთან ერთად კოქტეილს. ვკითხავ მის ყველა ფილმზე, იმაზე, როგორ იმუშავა "ქალის სურნელზე", გამოვკითხავ მშობლებზე, პირად ცხოვრებაზეც, იმასაც კი ვკითხავ, ჩაი უყვარს თუ ყავა... მერე ისიც მკითხავს და მეც ვუამბობ, როგორ დავიბადე მარჯანიშვილის ქუჩაზე და საერთოდ, ჩემს ცხოვრებაზე (იცინის).

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- რა ვიცი... ერთ ბილეთს ვაჩუქებ ჩემს სპექტაკლზე. მოვიდეს და მიყუროს. ვპირდები, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მივანიჭებ (იცინის).

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - საკმაოდ ემოციური ადამიანია. არ უყვარს უსამართლობა, შეუძლია მოვლენების ზუსტი შეფასება. არის საქმისა და მეგობრების ერთგული.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება