"ჩემი ცოლის დაქალების" ჯეკო - "პრეზიდენტობა მეზარება"

"ჩემი ცოლის დაქალების" ჯეკო - "პრეზიდენტობა მეზარება"

გიორგი ბარბაქაძე მხოლოდ 11 წლისაა, თუმცა უკვე საზოგადოების დიდი ყურადღებით სარგებლობს. პოპულარული კი ბევრისთვის საყვარელმა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალებმა" გახადა და საზოგადოებამაც ჯეკო გოცირიძედ გაიცნო. გიორგი 54-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასში სწავლობს და, ბევრისთვის გასაკვირად, არა მსახიობობაზე, არამედ ფეხბურთელობაზე ოცნებობს.

- სკოლაში ძალიან პოპულარული იქნები, ხომ არ მოგბეზრდა ყურადღების ცენტრში ყოფნა?

- არ მომბეზრებია, უბრალოდ, ყველა რომ მიყურებს, ზოგჯერ შემრცხვება ხოლმე. თან ყველა ჯეკოს მეძახის, მგონი ჩემი ნამდვილი სახელი ყველას დაავიწყდება.

- შენს გმირ ჯეკოს ფეხბურთი არ უყვარს, შენ თუ გიყვარს?

- რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება, ბიჭს ფეხბურთი არ უყვარდეს? ვთამაშობ საფეხბურთო გუნდ "საბურთალოში", მინდა, რონალდოს ან კაკასნაირი ფეხბურთელი გავხდე და მადრიდის "რეალში" ვითამაშო. ჩემი საყვარელი კლუბი სწორედ მადრიდის "რეალია" და მინდა, ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგოს.

- მოდი, მომიყევი, რა მოხდება ახლო მომავალში სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- დედა და მამა ერთმანეთს შორდებიან, მე და ტასუნას ბებიასთან, საგურამოში გვაგზავნიან, რომ მშობლების ჩხუბი არ ვნახოთ. მგონი დედა და მამა აღარასდროს შერიგდებიან.

- კარგი, მეტს ნუღარ მოგვიყვები, თორემ სცენარისტი და რეჟისორი გაგიბრაზდებიან... შეყვარებული თუ გყავს?

- მყავს, ოღონდ სერიალში რომ მარიკუნა მიყვარს, იმაზე არ იფიქროთ, რადგან ჩემი მეგობარია. არადა, რატომღაც, მარიკუნა ყველას ჩემი ნამდვილი შეყვარებული ჰგონია.

- რომელი გოგოც გიყვარს, იმან თუ იცის ეს ამბავი?

- არა მგონია, არ მითქვამს, რატომღაც ვერ ვეუბნები.

- პრეზიდენტობა არ გინდა?

- არა, ბევრი სარბენი მექნება და არ მინდა, მეზარება.

- ბევრი სარბენი დღესაც გაქვს, გადაღებებიც... ეგ არ გეზარება?

- არა, გადაღებებზე არ ვიღლები, სერ­იოზულ, პოლიტიკურ საქმეებზე სირბილით დავიღლები.

- დავუშვათ, მაინც გახდი პრეზიდენტი, რას გააკეთებდი?

- ჩვენს ქალაქს გავალამაზებდი. ჩემი უბანი, ვაკე მომწონს, ლამაზია, მაგრამ ზოგიერთი უბანი უშნოა და იმასაც ვაკეს დავამსგავსებდი. ასევე ძალიან მეცოდებიან უსახლკარო ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და იმათაც დავეხმარებოდი. ფულსაც ვაჩუქებდი და სახლებსაც.

- შენთვის რა ოცნებას აისრულებდი?

- მეოცნებე არ ვარ და არც ბევრი მოთხოვნა მაქვს. თუ რამე მინდა, ხელფასს რომ ვიღებ სერიალიდან, იმას ვხარჯავ ხოლმე.

- როგორი პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი?

- ნამდვილად არ ვიცი. ან როგორი უნდა იყოს, ჩვეულებრივი პრეზიდენტია.

- ბიძინა როგორი პრემიერ-მინისტრია?

- არც ეგ ვიცი, ალბათ, კარგი.

- რას ნიშნავს "ინდიგო ბავშვი"?

- ინდიგო ბავშვებს ძალიან მოხერხებულ ბავშვებს უწოდებენ. მათ ლურჯებსაც ეძახიან. ერთ კინოში ინდიგო ბავშვები ლურჯ პიჯაკებს კერავენ.

- რას ნიშნავს "ვუნდერკინდი"?

- განვითარებულ ბავშვს, რომელიც სხვებისგან სწავლით გამოირჩევა.

- რა არის რეზიდენცია?

- პრეზიდენტის საკრებულოა, სადაც პარლამენტის შემდეგ მიდის ხოლმე.

- რას ნიშნავს კოჰაბიტაცია?

- კოჰაბიტაცია ხდება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ ვერ მოხერხდა. როგორც ამბობენ, ვერ "კოჰაბიტირდნენ" (იცინის).

- მაინც რატომ?

- აბა, მე რა ვიცი, ეგ იმათ ჰკითხეთ.

- რა არის გენდერული თანასწორობა?

- ქალი და კაცი რომ ჩხუბობენ, მაგას ნიშნავს.

- ანუ, სერიალში დედა და მამა რომ ჩხუბობენ, იმას?

- დაახლოებით.

- რას ნიშნავს "საკანონმდებლო ორგანო"?

- კანონების კრებულს, რომლითაც პარლამენტი მუშაობს.

- რა არის ტრიბუნა?

- ტრიბუნა პოლიტიკოსებსაც აქვთ და სტადიონსაც, სადაც მაყურებელი ზის და თამაშს უყურებს.

- რას ნიშნავს "დებატები"?

- დებატები პოლიტიკურ გადაცემაში იმართება, სადაც პოლიტიკოსები საუბრობენ.

- როგორი გინდა იყოს შენი სამშობ­ლო?

- კარგი, ლამაზი, მოწყობილი და მშვიდი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება