ფრანგული კომპანია STX Lorient რუსეთისთვის 2014 წელს ოთხ მცირე ზომის სადესანტო კატარღას ააგებს. მათი გამოყენება რუსეთის მიერ შეძენილ "მისტრალის" ტიპის უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე მოხდება. ეს უკანასკნელნი საფრანგეთში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით შენდება.
ფრანგებმა რუსულ მხარეს სამამულო წარმოების L-CAT-ის ტიპის კატამარანები შესთავაზეს. მაგრამ 2012 წლის სექტემბერში, რუსეთში თავდაცვის სამინისტორს ხელმძღვანელი პირების შეცვლის შემდეგ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოსკოვმა ამ კატამარანების შეძენაზე უარი თქვა.
ერთხანს დროებითი ალტერნატივის სახით, "სერნას" ტიპის მცირე ზომის რუსული სადესანტო კატარღები განიხილებოდა. გაბარიტებიდან გამომდინარე "მისტრალს" ორი ასეთი კატარღის გადაყვანა შეუძლია. ის 26 მეტრის სიგრძისაა და მას 45 ტონამდე ტვირთი ან 92 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცი გადაჰყავს. მაგრამ დღეისთვის მხოლოდ 8 ასეთი კატარღაა დამზადებული. "მისტრალების" დასაკომპლექტებლად კი რუსებს დამატებითი "სერნების" აგება მოუწევთ.
რუსეთსა და საფრანგეთს შორის, "მისტრალის" ტიპის სადესანტო ხომალდების შეძენის ხელშეკრულება 2011 წლის ივნისში გაფორმდა. კონტრაქტის პირობებით, ორ ხომალდში რუსებმა 1,2 მილიარდი ევრო გადაიხადეს. პირველის, "ვლადივასტოკის" მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და 2014 წელს დასრულდება. მეორე ხომალდის - "სევასტოპოლის" დასრულება სავარაუდოდ 2015 წელს მოხდება. რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ორივე მათგანი წყნარი ოკეანის ფლოტს გადაეცემა.
კონტრაქტის პირობებით, თავად რუსეთიც ხომალდის მშენებლობის მონაწილეა. პირველი "მისტრალის" შემთხვევაში, "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის" წილი 20 %-ია. მეორე ხომალდზე ეს მაჩვენებელი 40 %-მდე იქნება გაზრდილი. რუსეთში, ხომალდისთვის განკუთვნილ სექციებს, ბალტიის გემთმშენებელ ქარხანაში აწყობენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ flotprom.ru-ის მიხედვით.