ნინო ლეჟავა: "ჩემს ვაზელინს არანაირი ინსტრუქცია არ მოჰყოლია"

ნინო ლეჟავა: "ჩემს ვაზელინს არანაირი ინსტრუქცია არ მოჰყოლია"

"მამა მსახიობი გახლდათ, დედა - ფილოლოგი, მაგრამ იმავდროულად მრავალი წლის განმავლობაში ნაციონალურ ცეკვებს ასრულებდა. ქართულ ხალხურ ცეკვებს თორმეტი წელი ვცეკვავდი, თავის დანებება ძალიან მიჭირდა, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დავდექი და გავაცნობიერე, ორივე - ცეკვაც და თეატრიც ჯოჯოხეთურ გრაფიკსა და დიდ დროს მოითხოვდა, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. თავს იმით ვიწყნარებდი, რომ მსახიობს ცეკვაც მომიწევდა და სიმღერაც.

ბებია მუსიკის მასწავლებელი იყო, მამიდა - კონცერტმაისტერი. მუსიკალური შვიდწლედი მეც დავამთავრე. მამაჩემის ბაბუა ქუთაისის თეატრის მსახიობი გახლდათ, მისი მეუღლე - მთავარი მოდელიერი და მკერავი, რომელიც წლების განმავლობაში მუსკომედიის თეატრში მუშაობდა. ჩემი ძმა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ვერ ვიტყვი, რომ დოგმაა, ხელოვანების ოჯახის წარმომადგენელი ამავე სფეროში მოღვაწეობდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მუცლიდანვე დამყვა სცენის სიყვარული.

პირველი როლი 5 წლის ასაკში ვითამაშე, როცა გია ანთაძემ რუსთავის თეატრში "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი" დადგა. სპექტაკლში მამაჩემის უმცროსი და განვასახიერე, რომელიც აუზში იხრჩობა. ასე დაიწყო ჩემი კარიერა სიკვდილის სცენით. ჩემს პირველ ფილმში "თბილისი ჩემი სახლია", რომელიც ერეკლე ბადურაშვილმა გადაიღო, სიკვდილით, თვითმკვლელობით ვამთავრებ სიცოცხლეს. დამებედა-მეთქი, ამაზე ვამბობდი, რადგან შემდეგში უმთავრესად სულ ასეთი როლების თამაში მიწევდა. დრამატული ტიპის როლების განსახიერებისას ჩემი გმირი ზოგჯერ ცოცხალი რჩება, მაგრამ ცოცხალ-მკვდარია, ან თავს იკლავს. თუმცა, მსახიობისთვის ამგვარი ხაზი უფრო მნიშვნელოვანია, ბოლომდე იხარჯები. შემოქმედებით დაღლაზე სასიამოვნო არაფერია. სეზონი რომ იხურება, არ მიყვარს, იმ დროს თითქოს ყველაფერი კვდება..." - ამბობს მსახიობი ნინო ლეჟავა, რომელიც დღესდღეობით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული და ასევე ერთ სპექტაკლს თამაშობს ილიაუნის თეატრშიც.

- თეატრალურ ინსტიტუტში პირველივე წელს მოვეწყვე. გამსვლელი 34 ქულა იყო, მე 37 მივიღე. ეს იყო 1992 წელი. 14 ივლისს, როცა შურღაია ტელევიზიას დაეცა და დაიპყრო, დილას სროლის ხმამ გამაღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია საბურთალოზეა და მაშინ ვერაზე, მელიქიშვილზე ვცხოვრობდი, ტყვიების ზუზუნის ხმა იქაც აღწევდა. სახლში ტელეფონთან მივედი, ძმისთვის უნდა დამერეკა, ის უკვე ცალკე ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. უცბად, რაღაც ძალამ ტელეფონის ყურმილი ხელიდან დამაგდებინა. ფანჯრიდან შემოვარდნილი ბრმა ტყვია მხარში მომხვდა. ტყვია არტერიასა და ლავიწის ძვალს შორის იყო გაჩხერილი. მეცხრე საავადმყოფოში ექიმებმა ვერ შეძლეს ტყვიის ამოღება, ეს მხოლოდ მოგვიანებით მოხდა, რადგან მაშინ საავადმყოფო გატენილი იყო დაჭრილებით, არ ჰქონდათ გამაყუჩებლები, წამლები და ა.შ. ეს გამოცდებამდე ორი კვირით ადრე მოხდა და თეატრალურში ჩამოკიდებული ხელით მივედი. რას იცეკვებთო, რომ მკითხეს, ვუპასუხე, თუ გინდათ, ცალი ხელით სამაიას და წელს ქვევით კანკანს შევასრულებ-მეთქი (იღიმის).

დათო კობახიძის ჯგუფში ვსწავლობდი. პირველი კურსის ბოლოს გავთხოვდი. მეორე კურსზე ლილი იოსელიანის ჯგუფში უკვე ორსულად ვიყავი. ისეთი არეული იყო სიტუაცია, თვეობით გვქონდა არდადეგები. ერთი მხრივ, ეს ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან თოთო ნიკოლოზის დატოვება არ მიწევდა. გაყინული აუდიტორია, ჩატეხილი ფანჯრები, ელექტროგამათბობელი, რომელსაც ერთადერთი სპირალი ჰქონდა, რომელიც ხან ქრებოდა, ხან ბჟუტავდა და ეს 12 კაცი ვისხედით და ასე "ვთბებოდით". მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ის პერიოდი მაინც კარგად მახსენდება...

- ნინო, რამდენად მოქმედებს თქვენზე დადებითი ან უარყოფითი რეცენზიები?

- ქება კარგია, მაგრამ ყურებდაცქვეტილი ვუსმენ შენიშვნებს. ზოგჯერ ცდებიან და ვერ ხვდებიან, რა არის რეჟისორის ჩანაფიქრი და რა მსახიობის მიერ აწყობილ-შექმნილი. როცა ვამბობ, რომ ასე სურს რეჟისორს და არა მე, არ ესმით. მაგალითად, ახლახან "კუკარაჩას" პრემიერა გვქონდა, რომელშიც ინგას როლს ვთამაშობ. რამდენიმე ადამიანმა მითხრა, არ არის სწორი, როდესაც ინგა პირველივე გავლაზე შენიშნავს მურტალოსო. სხვებმა მითხრეს, დაკითხვის პირველ სცენაში კუკარაჩას ეძველბიჭებოდიო. ვიღაცისთვის ეს ლოგიკურია, ვიღაცისთვის - არა, მაგრამ ასე გადაწყვიტა 27 წლის წინ შალვა გაწერელიამ. სპექტაკლი აღადგინა ოთარ ბაღათურიამ. თავის დროზე ეს ჩანაფიქრი ჰქონდა ბატონ შალვას და ახლა ბატონ ოთართან მუშაობისას რაღაცები გავაშალაშინეთ, დავწმინდეთ, მაგრამ უმთავრესი უცვლელია. რეჟისორთან შემოქმედებითი კამათი ხშირია, მაგრამ ზოგჯერ მსახიობს უკან დახევაც უწევს. ბატონ ოთართან პირველად ვიმუშავე და ძალიან კმაყოფილი ვარ. რასაკვირველია, 500-კაციან დარბაზში ვიღაცას მოვეწონები, ვიღაცას - არა და ზოგსაც მეტ-ნაკლებად. ჩემთვის მთავარია, ვინ არის რეცენზიის ავტორი. ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გოგი გვახარიას აზრი და მის შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება