ნინო იოსელიანი - მოდის სამყაროში ხელით ნაკეთობებზე მოთხოვნა გაიზრდება

ნინო იოსელიანი - მოდის სამყაროში ხელით ნაკეთობებზე მოთხოვნა გაიზრდება

Art Cafe Sfumato-ში სტუმრებისთვის მყუდრო გარემოა შექმნილი, სადაც ნინო იოსელიანი გვსტუმრობს, რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ძირითადი სპეციალობის შესახებ.

- ნინო, შენს ძირითად პროფესიაზე გვესაუბრე.

- პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო კომუნიკაციების ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი პროფესია მარკეტინგს, რეკლამას, პიარს უკავშირდება. არჩეული პროფილი კი - მოდას.

- უფრო რომ დაგვიკონკრეტო...

- მოდის მარკეტინგის სპეციალისტი ვარ და ჩემი პროფესია მოდის სტრატეგიულ დაგეგმვასა და განვითარებას ემსახურება. ეს პროფესია საზღვარგარეთაც ახალია. როცა მსოფლიო ბაზარზე ამდენი მოდის სახლი გაჩნდა, საჭირო გახდა მათი სწორი მართვა, ნებისმიერი ბრენდის მთავარი კონცეფცია ხომ კომერციული წარმატებაა. ჩემი პროფესიის ადამიანის მთავარი ამოცანა დიზაინერთან თანამშრომლობაა - მასთან კოლექციის დაგეგმვა, ანუ ბაზრის მოთხოვნების სწორად მიწოდება, შემდეგ შექმნილი კოლექციის ფასის განსაზღვრა. ასევე კონსულტაციები, როგორ გახადო კოლექცია კომერციული, რომ მასზე მოთხოვნა გაიზარდოს. ეს რთული პროცესია.

- შეგიძლია დეტალურად აღწერო როლი და ფუნქციები?

- მოდის მარკეტოლოგის მთავარი მოთხოვნა ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, შემდეგში კი შესაბამისი კონცეფციის დაგეგმვა, ასევე ძირითადი მიმართულებების და სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებაა. ამ ეტაპზე ჩემს პროფესიაზე დიდი მოთხოვნაა. შეიძლება იყო ძალიან კარგი დიზაინერი, უმშვენიერეს ნივთებს ქმნიდე, მაგრამ არ იყო კომერციული ნიჭის მქონე. შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, ესა თუ ის დიზაინერი ლამაზ კოლექციას რომ ქმნის, რატომ არ იყიდება? იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის მოთხოვნა ან იმდენად ძვირად აფასებს, კლიენტს არ უღირს. ათასი კომპონენტია, რომელიც უნდა გაითვალისწინო. იოლი არ არის, რომ ტრენდი კომერციულად მომგებიანი გახადო. ყოველი მოდის სახლის უკან დგას ერთი მთავარი ფიგურა, დიზაინერი, რომელთანაც ბევრი სხვა დიზაინერი თანამშრომლობს. სამუშაო იმდენად მრავალმხრივია, ერთი ადამიანის გონება ვერ გასწვდება. ეს პროცესები ევროპაში მართული და დალაგებულია. არის მთავარი დიზაინერი, რომელთანაც მუშაობს მოდის მარკეტოლოგი. მათ მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით დაქირავებულ დიზაინერებს გარკვეული მიმართულება ეძლევათ. მაგალითად, ერთი წლით ადრე იციან ტენდენცია, რომელსაც ითვალისწინებენ ქსოვილის, სტილისა თუ ფერების შერჩევისას. აქვე მიუთითებ თუ რა სულისკვეთებას უნდა ატარებდეს კოლექცია. შემდეგ დიზაინერები იწყებენ ესკიზების შექმნას. ეს ესკიზები იცხრილება. ასობით თუ ათასობით ესკიზიდან შეიძლება ძალიან ცოტა დარჩეს. შერჩეული ესკიზების მიხედვით იკერება სატესტო მოდელები. აქედანაც გარკვეული რაოდენობა იცხრილება და რჩება ძირითადი კოლექცია. საბოლოოდ, შექმნილი კოლექციები კარგად ნაფიქრი და კომერციულად გათვლილი პროექტებია, ცნობილი დიზაინერების უკან ბევრი ადამიანი მუშაობს, - ბიზნესადმინისტრირების თუ შემოქმედებითი ჯგუფები. ამ სქემით მუშაობს წამყვანი მოდის სახლები.

- ეს სქემა მოდის კომერციული კუთხით განვითარებამ და მასშტაბების გაზრდამ მოიტანა?

- კი, ასეა.

- ანუ ერთი მხრივ არის ნიჭიერი დიზაინერი, რომელიც იდეებისა და მუზის ნაკლებობას არ უჩივის და არის მარკეტოლოგი, რომელიც ამ დიზაინერს გარკვეულ ჩარჩოს დაუწესებს?

- თუ დიზაინერს ხუთი კაბის გაყიდვა აკმაყოფილებს, ამ სქემას არ გაითვალისწინებს. მიზანს და მასშტაბს გააჩნია.

- უხეშად რომ ვთქვათ, ფული, იგივე კომერცია, კარნახობს მოდას?

- ასეა. რა გაგიკვირდა, დღესდღეობით მთელი მსოფლიო მოდა ამ წესებით მუშაობს. თუმცა, როცა მოდაში მსგავსი ინდუსტრიული წარმოება პიკს მიაღწევს, ხელით ნაკეთობებზე მოთხოვნა გაიზრდება. ძველი ტიპის ატელიები უკვე განსაკუთრებულად ფასობს და ძვირად ღირებულია.

- კომერციული მხრიდან წარმატებაზე ფიქრი ზღუდავს დიზაინერის შემოქმედებით ნიჭს?

- კომერციული გათვლა აუცილებელია, ვინაიდან არავის სჭირდება ისეთი ნიჭი, რომელსაც ვერავინ გაიგებს. კოლექცია ხომ მაინც გასაყიდად იკერება?

- დღევანდელ მსოფლიო მოდაში რა პროცესებია?

- წარმოებები იაფი მუშახელის გამო ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში გადაიტანეს. შესაბამისად, ხარისხიც დაეცა. მოდაში იტალიური და ფრანგული კულტურის გავლენა და ხარისხი ნელ-ნელა იკარგება. ესპანეთის მაგალითზე გეტყვით: ევროპაში ბევრი ფაბრიკა გაჩერებულია, ვინაიდან წარმოებამ ჩინეთში გადაინაცვლა, დღესდღეობით იქ ხელოვნური, უხარისხო ქსოვილით იკერება სამოსი, ესპანეთში გამოსვლებიც კი დაიწყო. ამის გამო ევროპაში გაიზარდა ნატურალურ ქსოვილებზე მოთხოვნა.

- ფიქრობ, რომ მსოფლიო მოდის მომავალი ნატურალურ ქსოვილებზე იქნება დამოკიდებული?

- აუცილებლად. ბიოლოგიურად სუფთა ქსოვილზე იქნება დიდი მოთხოვნა.

- სანამ ქართულ მოდაზე დავიწყებდეთ საუბარს, მაინტერესებს, რას ნიშნავს ტენდენცია და რატომ უნდა ჰგავდეს სხვადასხვა მოდის სახლების კოლექციები ერთმანეთს. იქ რა ითვლება ტენდენციად და რა - კოპირებად?

- ტენდენცია ყველასთვის ერთია. დიზაინერი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს ტენდენცია და კოლექციაში საკუთარი ხედვით ასახოს. ეს ეხება ფერს, ფორმას, თარგს და ასე შემდეგ, მაგრამ იმ დიზაინერის ხედვა მაინც მკაფიოდ უნდა გამოიხატოს. თუმცა ტენდენცია ერთია, მაგრამ სხვისი იდეების ზუსტი კოპირება კიდევ სხვა მოვლენა.

- წინა კითხვიდან გამომდინარე, მინდა შენი აზრი გავიგო; საქართველოში აქტუალურია, განსაკუთრებით ქართველი დიზაინერებისთვის, სხვისი იდეების "მოპარვის" დაბრალება, ქართველი მკითხველიც სიამოვნებით აიტაცებს ხოლმე ამ თემას.

- როგორც გითხარი, დიზაინერი, ქართველი იქნება თუ არაქართველი, უნდა ითვალისწინებდეს მსოფლიო მოდის მიმდინარე ტენდენციებს. სხვა შემთხვევაში ის და მისი კოლექციები ბაზრისთვის არააქტუალური იქნება. ეგ საკითხი არა მარტო საქართველოშია აქტუალური.

- მიმდინარე სეზონზე პარიზში ყველა ვიტრინაში შავ-თეთრი დომინირებდა, ასევე წამყვანი მოდის ჟურნალები სეზონის დასაწყისში პოპულარიზაციას უწევდნენ იმავე ფერებს, საზღვარგარეთ ეს ნორმალურად ითვლება, ჩვენთან კი პირიქით.

- წლის ტენდენციაა და ეგრეც უნდა იყოს. მოდაზე ათასი რამ ახდენს გავლენას. ტენდენციის ჩამოყალიბებას მხატვრობა, კინემატოგრაფი და ა.შ. უწყობს ხელს. მაგალითად, წელს ორმა ფილმმა მოახდინა გავლენა მოდაზე. ეს ფილმები იყო: "ანა კარენინა" და "დიდი გეთსბი". ტრენდანალიზს თუ მივმართავთ, ყველა დიზაინერთან მომავალ სეზონში ამ ფილმების გავლენა იგრძნობოდა. გლამურული სტილი, პრიალა და ნაქარგი ქსოვილები, ბისერები, თვლები და ბეწვეული ამ ფილმების შთაგონებით წამოვიდა. ეს უკვე 2013-14 წლის შემოდგომა-ზამთრის ტენდენციაა. ბალენსიაგამ, ვერა ვანგიმ, ჟივანშიმ ამ სულისკვეთებით შექმნეს კოლექციები. დაახლოებით 18 დიზაინერი განვიხილე და მინდა გითხრათ, რომ ეს ტენდენცია ყოველმა მათგანმა გაითვალისწინა. თვლები და ხელთათმანები თითქმის ყველა კოლექციაში ფიგურირებდა. ყველა ჩვენებაზე შოუ ძალიან გლამურული იყო. დიზაინერი ტენდენციას თუ არ გაითვალისწინებს, მოდის სიახლეების შესახებ კარგად ინფორმირებული კლიენტი ამ ბრენდის სამოსს ყურადღებას არ მიაქცევს.

თუ ვთანხმდებით, რომ ზოლიანი სამოსი ტენდენციაა და ასეთი ქსოვილი ბევრმა დიზაინერმა გამოიყენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დიზაინერებმა სილუეტი, აქსესუარები და დეტალები ერთმანეთისგან მოიპარეს. კიდევ სხვა თემაა ტრენდი.

- ტრენდის შენეული განმარტება მითხარი.

- ეს გახლავთ ფინანსურად გათვლილი იდეა, რომელიც სპეციალური სკალით იზომება. არის ზემოთ აღმავალი სკალა, რაც კოლექციისა თუ მისი ცალკეული კომპონენტის წარმატებას ნიშნავს და არის დაღმავალი - როცა ჩამოსვლას იწყებს, ისინი კარგავენ ამ სტატუსს.

- ქართველ დიზაინერებში გრძნობ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალს?

- პოტენციალი არის, თუ ამ ყველაფერს სწორად მიუდგებიან. ჩვენი დიზაინერების უმეტესობას უჭირს კომერციულად მომგებიანი ნაბიჯის გადადგმა. თუ ასე გააგრძელებენ, კიდევ მეტი პრობლემა შეექმნებათ. ქართულ ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ბევრი მეგაბრენდია შემოსული, თანაც ჩვენი დიზაინერების სამოსი საკმაოდ ძვირია. ამის გამო ცნობილ სახელებს კონკურენციას ვერ გაუწევენ.

- პირველმა მოდის კვირეულებმა საქართველოში დიზაინერების ბუმი გამოიწვია, მერე ეს ინტერესი მინელდა. რამ განაპირობა ეს?

- სწორედ ამას ვამბობდი. ამ წლებში ძალიან ბევრი ბრენდი შემოვიდა. ქართველ დიზაინერებს კონკურენციას ინტერნეტგაყიდვებიც უწევს.

- ანუ, ქართული ბრენდი იმდენად მოქნილი უნდა იყოს კომერციულადაც, რომ კონკურენციის გაწევა შეძლოს, თუმცა საქართველოში სამოსის შეკერვა უფრო ძვირი სიამოვნებაა, ვიდრე, ვთქვათ, ჩინეთში ან მეზობელ თურქეთში, სადაც ეს მეგაბრენდები კერავენ თავიანთ პროდუქციას. ჩვენთან სამოსი იმპორტირებული ნედლეულით იკერება, რაც სიძვირეს განაპირობებს.

- გეთანხმები. ქართული პროდუქტი ძვირია და მეგაბრენდებსა და მასმარკეტებს კონკურენციას ვერ უწევს. ტრენდის ტარება ხომ გარკვეულ სტატუსსაც უკავშირდება. ბაზრის მოთხოვნა უნდა გათვალონ და ფასებს გადახედონ. იყო დრო, როცა ქართველი დიზაინერების ალტერნატივა მხოლოდ ბაზრობა იყო. ახლა, სურათი შეიცვალა და ამას უნდა მოერგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებათ, რადგან ბაზარზე არჩევანი დიდია. კომერციულად კარგად გათვლილ პროექტებს ვეღარ დაუპირისპირდებიან, პლუს ბევრ ქართველ მომხმარებელს ურჩევნია, ლანვინის ასლი გაცილებით იაფად იყიდოს, ვიდრე ქართველი დიზაინერის სამოსი შეიძინოს. ეს არასწორია და არაკანონიერიც - ამ ყალბი პროდუქციით ვაჭრობა უნდა აიკრძალოს.

- ბევრი ყველაზე წარმატებული მოდის სახლი წლების წინ ჩვეულებრივი ატელიე იყო და არა ისეთი იმპერია, რასაც დღეს წარმოადგენს. შესაძლებელია, რომ წლების შემდეგ საქართველოში სხვა სურათი იყოს?

- მგონია, საქართველომ, რომელსაც საკმაოდ დიდი კულტურა ჰქონდა ამ სფეროში ყოველთვის ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილების წარმოება უნდა აღადგინოს და განავითაროს, ასევე სამკერვალო ფაბრიკებიც, მაშინ ევროპას შეიძლება დავეწიოთ.

ზურა მგალობლიშვილი

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება