ივანა მელაი - სად წავიდა ”ჩემი საქართველო”?!

ივანა მელაი - სად წავიდა ”ჩემი საქართველო”?!

უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი საკმაოდ მოკლე ხანში ე.წ. პოპულარული სახეების რიგში მოხვდა, მალე ტელეკომპანია "პიკის" წამყვანადაც მოგვევლინა და არაერთი ჭორის ობიექტადაც იქცა. "ბოროტი ენები" იმასაც ამბობდნენ, კომპანიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანიაო. ბოლოს კი, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის პერიოდში, საინფორმაციო საშუალებებში ორი სკანდალური ცნობაც გავრცელდა: მომღერლის მამა სამშობლოში ძებნილი იყო, ამიტომ სამართალდამცველებმა დააკავეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს და საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭეს, ხოლო ივანა პრეზიდენტ სააკაშვილს ძვირად ღირებული საჩუქრით გამოურჩევიაო.

ამ ინფორმაციაზე მამა-შვილის კომენტარის მოსაპოვებლად მასმედიის წარმომადგენლებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამდენად, ეს მომღერლის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ივანა ამ თემებზე საუბრობს.

- ბოლო დროს შენ შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა...

- კი, მეც გავიგე, მაგრამ ნაკლებად ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ რას ამბობს ხალხი. ეს არასოდეს მაღელვებს. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც საკუთარ ცხოვრებაში არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ და როცა ხედავენ, ვიღაცამ შეძლო და ამით ბედნიერია, ეს მათ დისკომფორტს უქმნის. ყველა ადამიანს შეუძლია, დასახულ მიზანს მიაღწიოს. უფალი ბედნიერებას ყველასთვის თანაბრად იმეტებს. ამისათვის, სხვების განსჯა და დადანაშაულება საჭირო არ არის. ადამიანებისთვის, რომლებიც სხვების განსჯას იწყებენ, ერთი რჩევა მექნება: პირველ რიგში, საკუთარი შეცდომები და ცოდვები გააანალიზონ და დაფიქრდნენ, აქვთ თუ არა უფლება, სხვებზე ისაუბრონ...

- პრეზიდენტის საჩუქარზე რას იტყვი?

- ახლა რომ გითხრა, რამდენი საჩუქარი მიმიღია და ის ადამიანებიც ჩამოვთვალო, ვინც რამე მაჩუქა, ამას შემოდგომამდე მოვუნდები (იცინის). პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ქორეოგრაფები, მხატვრები... ბევრი ადამიანი მასაჩუქრებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა...

- მაგრამ ამ შემთხვევაში, პრეზიდენტზეა საუბარი: ქვეყნის პირველი პირი ყველა მომღერალს როდი ასაჩუქრებს....

- როგორც მახსოვს, წერდნენ, რომ 900-ლარიანი საჩუქარი მივიღე. ეს ხომ სასაცილოა! ნუთუ დიდი დანაკარგია ეს თანხა საქართველოსთვის (იცინის)?!. არც ის მესმის, თუ რატომ უკვირთ ჩემი შრომის ანაზღაურება. ეს თანხა შესაძლოა, ვიღაცას ბევრად ეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ხომ იმ თანხის მესამედია, რასაც უკრაინაში ვიღებ?! დღეს აქ, უკრაინასთან შედარებით, მეშვიდედ ჰონორარს ვიღებ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩემს მუსიკალურ კარიერას არანაირი შემოსავალი არ მოაქვს და ამ დროს, როცა ვიღაც 900-ლარიან საჩუქარზე დაიწყებს საუბარს, სასაცილოა... 12 წლის ვიყავი, პირველად უკრაინის პირველ ლედის რომ ვუმღერე და მას შემდეგ არაერთი პრეზიდენტის არაერთ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კულტურის მინისტრისთვის ვმღერი, პრეზიდენტისთვის, ბუღალტრისთვის თუ სტინგისთვის. თუ კარგი ადამიანი ხარ, შენი მეგობარი ვიქნები! იმიტომ, რომ დღესდღეობით კარგი ადამიანების პოვნა ძალიან რთულია.

- შეიძლება ვთქვათ, რომ პრეზიდენტთან მეგობრობ?

- კი. მას დიდ პატივს ვცემ. მე არ ვერევი პოლიტიკაში, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი პრეზიდენტი არაჩვეულებრივი ადამიანია: უამრავი ენა იცის, გახსნილი და თავისუფალია. მახსოვს, ჩემს ქვეყანაში ვიზიტისას ერთ-ერთ შოუში უკრაინულად საუბრობდა. წარმოგიდგენიათ, უკრაინის პრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს და ქართულად საუბრობდეს?! მიხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანი გავიცანი. მიყვარს პროგრესული ადამიანები, რომლებიც ერთ ადგილზე არ ჩერდებიან. ყველა უკრაინელი გაკვირვებულია საქართველოს განვითარების დონით. რევოლუცია თქვენთანაც მოხდა და ჩვენთანაც, მაგრამ ჩვენთან არათუ რევოლუციის შემდეგ, არამედ საბჭოთა კავშირის დანგრევის დროიდან არაფერი შეცვლილა, კიევში ფარნებიც კი ისევ ის, ძველი დგას. უკრაინელები ქართველებს ეუბნებიან, 2 წლით დაგვითმეთ თქვენი პრეზიდენტიო. სწორედ იმიტომ ვცემ პატივს მას, რომ უკეთესობისკენ შეცვლილ ქვეყანას ვხედავ და ნურავინ ეცდება დამარწმუნოს, რომ ვცდები.

- როგორია პრეზიდენტი, როგორც მეგობარი?

- ძალიან თავისუფალი, გახსნილი, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს, ქარიზმატულია, წარმოსადეგი... ყველაზე მთავარი დადებითი თვისება კი მისი უბრალოებაა. ცოტას თუ შეუძლია, ასე ლამაზად მიიღოს ადამიანები.

- ხშირად ხვდებით?

- არც ისე. ძირითადად - წვეულებებზე, მიღებებზე თუ შევხვდებით. ამას წინათ, ვალერი მელაძის კონცერტზე შევხვდით. ძალიან მაგარია, როცა პრეზიდენტი კულტურას მხარს უჭერს. მსგავსი მხარდაჭერა ბევრ მუსიკოსსა თუ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანს სჭირდება. არ ვამბობ, რომ მილიონები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ კარგად ცხოვრებას ნამდვილად იმსახურებენ. ვინმე თუ მეტყვის, რომ მუსიკა და კონცერტი საქართველოს არ სჭირდება, ყველაზე დიდი სისულელე იქნება. ამას წინათ, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, აგვისტოს ომის დროსაც კი ყველა რესტორანი სავსე იყოო. ეს უნიკალური თვისებაა, როცა ერი თავს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის უფლებას არ აძლევს. და ყოველივე ამის შემდეგ, როცა ახალი წლის ღამეს დედაქალაქში პატარა კონცერტიც კი არ იყო, სირცხვილია. ხელოვან ადამიანებს მხარდაჭერა სჭირდებათ.

- თითქოს რაღაც, იმედგაცრუებული ხარ, ასეა?

- არა! მაგრამ უკვე ტელევიზორსაც კი არ ვუყურებ: ყველა მხრიდან ნეგატიური ინფორმაცია მოდის. ამ დროს ვფიქრობ, რა მოხდა, სად არის "ჩემი საქართველო"?! მე მივატოვე ჩემი ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი და აქ ჩამოვედი, რადგან ჭკუის დაკარგვამდე შემიყვარდა ის ყველაფერი, რაც აქ ვნახე. პირველ რიგში კი ადამიანები, რომლებმაც თავბრუ დამახვიეს თავიანთი სტუმართმოყვარეობით, უბრალოებით, სითბოთი... მათ ისიც კი არ იცოდნენ, ვინ ვიყავი. თუ ვინმე აუგად მომიხსენიებს, ეს სულაც არ ამცირებს ჩემს სიყვარულს თქვენი ქვეყნისადმი. ასე რომ, იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში მუსიკალური სივრცე "მიძინებულია", არსად წასვლას არ ვაპირებ. სადაც უნდა ვიყო, საქართველოში ყოველთვის დავბრუნდები.

- როცა მამაშენი დაიჭირეს, ყველა ცდილობდა, თქვენი კომენტარი მოეპოვებინა, მაგრამ დღემდე ამ თემაზე არაფერი გითქვამთ...

- მართალია, ამ თემაზე აქამდე არასოდეს მისაუბრია. ის უბედურება, რაც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მამაჩემისა და ჩვენი ოჯახის საუკეთესო მეგობრის ღალატით იყო გამოწვეული. დღეს ეს ადამიანი ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის წევრი და საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსია... საშინელი დღეები გადავიტანეთ. როცა ყველაზე მეტად, მხარდაჭერა და გამხნევება მჭირდებოდა, თბილისში ჩემი სადარბაზოს კართან ტელეჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩასაფრებულნი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განვაცხადე უარი ამ თემაზე საუბარზე. შემეძლო, ყველა ტელევიზიის საშუალებით მეყვირა ჩემს გასაჭირზე, მაგრამ ეს არ გავაკეთე, არ მჭირდება ასეთი პიარი. სამწუხაროა, რომ ის ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას არ იცავდნენ და ჩემს ტკივილს უფრო მეტად ამწვავებდნენ. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და დღეს მამაჩემი ჩემ გვერდითაა.

- ახლა შენი მშობლებიც საქართველოში არიან?

- კი, ორივე აქ ცხოვრობს. საქართველო ძალიან მოსწონთ. მამა უკვე ამბობს, ქართველი ვარო. დღეს უკრაინაში ძალიან ცუდი პოლიტიკური მდგომარეობაა და ეს თითქმის ყველამ იცის. ძალიან ბევრმა ოჯახმა იწვნია ხელისუფლების მხრიდან დევნა. მსგავსი უბედურება მხოლოდ ჩემს ოჯახს არ დასტყდომია თავს. დღეს იქ კონცერტის ჩატარებაც კი არ შემიძლია. თუ უფალი გადაწყვეტს, რომ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, ძალიან გამიხარდება, რადგან ეს ქვეყანა მთელ ოჯახს გვიყვარს. მშობლები ძალიან ამაყობენ, როცა ხედავენ, რამხელა სითბოს გამოხატავს ქართველი ხალხი ჩემდამი.

- როგორც ვიცი, ბოლო დროს რამდენიმე ახალი სიმღერა ჩაწერე.

- კი, რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერა ჩავწერე, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყნის რადიოსადგურის ეთერში ტრიალებს. ახალ სიმღერებზე ვმუშაობ. მე ტექსტს ვწერ, მაია კაჭკაჭიშვილი - მუსიკას. სულ მალე ჩემი ახალი სიმღერის პრეზენტაციას გავმართავ. ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ. რეჟისორი ისევ ზაზა ორაშვილი იქნება. ძალიან მომწონს მისი წარმოსახვა, ხედვა. მან იცის, ჩემი ნამუშევარი მსმენელამდე როგორ უნდა მიიტანოს. საქართველოში არაჩვეულებრივი გუნდი მყავს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს.

- ანუ გაგიმართლა...

- არ ვეთანხმები, როცა მეუბნებიან, გაგიმართლაო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დავიმსახურე. ამისთვის ბევრს ვმუშაობდი, ვმუშაობ და მომავალშიც გავაგრძელებ. ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, ჩემი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მაქსიმალისტი ვარ და ვცდილობ, ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში ინტერესი დამეკარგება, სრულიად შევიცვლი აღებულ კურსს ან სხვა ქვეყანაში გადავალ საცხოვრებლად, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთე, როცა საქართველოში ჩამოვედი. მართალია, ახლა ქართული ცხოვრების რიტმი შენელებულია, მაგრამ ჩემზე გავლენას არ ახდენს. საკუთარ ცხოვრების რიტმს თავად ვიგონებ და ჩემთან მყოფი ადამიანებიც ამ რიტმს უწყობენ ფეხს. ვფიქრობ, ამის გაკეთება ყველა ადამიანს შეუძლია, თუმცა ყველას არ სურს (იღიმის). მიყვარს ოცნება, განვლილი ცხოვრების გაანალიზება, ახალი იდეების მოფიქრება, საკუთარ შეცდომებზე სწავლა... ჩემთვის ჩარჩოები არ არსებობს. ასე რომ, გარემოს ჩემზე უარყოფითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

- როგორც ვიცი, ალბომზეც მუშაობ. როდის გამოვა?

- ეს ცოტა რთულად დასაგეგმია, რადგან იდეებს ხშირად ვიცვლი. ადრე მინდოდა, რუსულენოვანი სიმღერებისგან შემდგარი ალბომი გამომეშვა, ახლა კი ინგლისურენოვანი ალბომის გამოშვებას ვგეგმავ, სადაც რამდენიმე რუსული სიმღერაც შევა. უკვე დიდი ხანია, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები ახალ სიმღერებს მთხოვენ, მაგრამ ახლაც არ ვიცი, მომდევნო სიმღერის ტექსტს ინგლისურად დავწერ თუ - რუსულად. სხვათა შორის, საქართველოში ინგლისურენოვანი სიმღერები გაცილებით უკეთ ესმით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინაში. თქვენს ქვეყანაში უფრო მეტი საშუალება მაქვს, მუსიკალურ სფეროში სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩავატარო. ეს კი ძალიან მახარებს. ვიცი, ჩემს თითოეულ სიმღერას თავისი მსმენელთა წრე ჰყავს.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება