თიკა ჯამბურია: "ჩემს პირად ცხოვრებაში" მთელი საქართველო ჩართული იყო და ჩემი ოჯახის დანგრევაზე ამანაც იმოქმედა

თიკა ჯამბურია: "ჩემს პირად ცხოვრებაში" მთელი საქართველო ჩართული იყო და ჩემი ოჯახის დანგრევაზე ამანაც იმოქმედა

გადაღებების გამო, მომღერალ თიკა ჯამბურიას კარგი მაკიაჟი და მოწესრიგებული ვარცხნილობა ადრეული ასაკიდან სჭირდებოდა. საკუთარ გარეგნობაზე დამოუკიდებლად ზრუნვა 14 წლისამ დაიწყო. მიაჩნია, რომ ამ ასაკში გოგონები ბიჭებს ეპრანჭებიან; უკვე აცნობიერებენ, რომ მანდილოსნები არიან...

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმაზე ექსპერიმენტსი ჩატარება მიყვარს, ამიტომ გავინადგურე. ახლაც განსაკუთრებულად ვუვლი და ნიღბებს ვიკეთებ, რადგან პროექტში - "ახალი ხმა" მონაწილეობისას ბევრჯერ შევიღებე და დამეწვა.

უცნაური ვარცხნილობა არასოდეს მქონია. უბრალოდ, წლების წინ, თმის მცირე მონაკვეთი (ზოლივით) ჟოლოსფრად შევიღებე. ბუნებრივად ხუჭუჭა და მუქი ყავისფერი თმა მაქვს. მინდა, ისევ ჯანსაღი თმა მქონდეს...

- "ახალ ხმაში" მონაწილეობისას თმა რამდენჯერმე საკუთარი ინიციატივით შეიღებე თუ პროექტის წარმომადგენლებმა გთხოვეს?

- "ახალ ხმაში" ნინოს გუნდის წევრების იმიჯზე საშა პრიშვინი ზრუნავდა. ჩემთვის თმის გაღიავება მისი იდეაც იყო, მაგრამ მეც ძალიან მომწონს. ალბათ, ღია ფერის თმა დიდხანს, - ანუ მანამ მექნება, ვიდრე არ მომბეზრდება!..

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- 9 წლიდან მაკიაჟს თბილისის ძლიერი ვიზაჟისტები მიკეთებდნენ და მათგან რაღაცები მეც ვისწავლე. ყოველდღიურად "მძიმე" მაკიაჟს არ ვიკეთებ: სახის ტონალურ კრემს, პუდრს, "რუმიანას", ტუჩის საცხსა და ტუშს ვისვამ. სახის კანის მოვლას რაც შეეხება: ადრე მიმაჩნდა, რომ ახალგაზრდა კანს კოსმეტიკური საშუალებების წასმა არ სჭირდება. დღესაც მხოლოდ ღამის კრემსა და მაკიაჟის გაკეთებამდე - "დამცავს" ვისვამ...

ვარჯიში და დიეტა

- თითქმის მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ. ბევრ დიეტოლოგთან ვყოფილვარ - ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შეიძლება, ადამიანმა წონაში დასაკლებად სცადოს. უბრალოდ, იმის პრობლემა მაქვს, რომ სწორი რეჟიმით კვებას ვერ ვახერხებ, ეს კი ადამიანს ყველაზე მეტად ასუქებს.

სამწუხაროდ, დიდი ხანია, არ მივარჯიშია. მე და ჩემმა მეგობრებმა ზუსტად დღეს გადავწყვიტეთ, ტრენაჟორებსა და აუზზე სიარული ისევ დავიწყოთ. სხეული ყველაზე მაგარ ფორმაში მაშინ არის, როცა ვარჯიშობ.

სამოსი

- მკვეთრი ფერის ტანსაცმელი ("ელექტრიკს" რომ უწოდებენ) მომწონს. ტანსაცმელს ყველგან ვიძენ - კონკრეტული მაღაზია ამოჩემებული არ მაქვს. შოპინგზე ვგიჟდები! ჩაცმისას დედის რჩევებს ვითვალისწინებ და შინიდან გასვლამდე ყოველთვის ვეუბნები: აბა, შემომხედე-მეთქი. თუ მეტყვის, რომ კარგად გამოვიყურები, ე.ი. მართლაც ფორმაში ვარ!

სამკაული და აქსესუარები

- ბევრი საყურე, სამაჯური და გულსაკიდი მაქვს. საერთოდ, უცნაური ფორმის სათვალეები მიხდება და ასეთი რამდენიმე აქსესუარი შევიძინე. ქუდი არ მიყვარს და საერთოდ არ მაქვს... პატრიარქის ნაჩუქარი ჯვარი თითქმის ყოველდღე მიკეთია.

საქმე

- ამჟამად თეატრალური უნივერსიტეტის, მუსიკისა და დრამის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. სწავლას წელს ვამთავრებ. ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სადიპლომო სპექტაკლის დადგმა გახლავთ. ჩემს კარიერაში ჯერჯერობით, საინტერესო არაფერი ხდება. უბრალოდ, მე და ჩემი მეგობრები კლუბებში, ლაუნჯებში ვმღერით, კონცერტებს ვმართავთ...

ოჯახი

- ჩემი ოჯახის წევრები არიან: შვილი, დედ-მამა, და და დისშვილები. სახლში ყოველთვის მხიარულებაა, რადგან 3 ბავშვი გვყავს: 2-ის, 4-ის და 7 წლის. ასე რომ, ჩვენთან ვერ მოიწყენ. ხანდახან ცოტათი ვიღლებით კიდეც, რადგან აურზაურია: სამივე ბავშვი ძალიან ცელქია. ისეთი ამბავი აქვთ, რომ მათი ცქერით სტუმრებიც იღლებიან ხოლმე (იცინის). ბავშვის გაზრდაში დედა და ყოფილი დედამთილი - ხათუნა ძალიან მეხმარებიან.

ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. თუ რამე მოხდება, შეიძლება, არც ვთქვა. "ყოფილ პირად ცხოვრებაში" მთელი საქართველო ჩართული იყო. ვფიქრობ, ჩემი ოჯახის დანგრევაზე ამანაც იმოქმედა.

ჭორები

- ჩემზე სულ ამბობენ: შეყვარებულია, გათხოვდა, გამოთხოვდა... მგონი, ასეთ ჭორებს უკვე მივეჩიე. მერწმუნეთ, ყველაფერს ხალხი იგონებს. თუკი სადმე, ვინმესთან ერთად დამინახავენ, ის ბიჭი აუცილებლად ჩემი შეყვარებული ჰგონიათ. ამას წინათ კაფეტერიაში მეგობართან - საშა პრიშვინთან ერთად ვიყავი. ხალხმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ საშა ჩემი შეყვარებულია. ეს უკვე მარაზმია! ვფიქრობ, არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რაც დანამდვილებით არ იციან. არ მინდა, ჩემ შესახებ გავრცელებული არასასიამოვნო ჭორების გამო მშობლებმა ინერვიულონ. სისულელეების ლაპარაკი ულამაზოა და მგონი, ცოტათი უხერხულიც. პირადად მე, იმას არასოდეს ვამბობ, რაც არ ვიცი.

დასვენება და გართობა

- ზამთარში გუდაურში ვერთობი - თხილამურებით ვსრიალებ, ზაფხულობით კი ძირითად დროს წყნეთში, შვილთან ერთად ვატარებ. წელსაც ასე ვაპირებ დასვენებას, ერთი კვირით კი ალბათ მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავალ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება