ოთო ნემსაძე: "უკრაინაში დღეს სალაპარაკო თემა ვარ!"

ოთო ნემსაძე: "უკრაინაში დღეს სალაპარაკო თემა ვარ!"

"ჯეოსტარის" გამარჯვებული ოთო ნემსაძე, მოგეხსენებათ, უკრაინულ "ვოისში" მონაწილეობის მისაღებად მცირე ხნის წინ მიიწვიეს. ორგანიზატორებს ძალიან უნდოდათ, რომ ის მათი პროექტის ერთ-ერთი კონკურსანტი გამხდარიყო, ამიტომაც ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ მომღერალს ფინანსების არქონის გამო კიევში გამგზავრებაზე უარი არ ეთქვა და ბევრი რამის ანაზღაურება საკუთარ თავზე აიღეს. სანამ პირველი, მეორე და მესამე ტურები მიმდინარეობდა, ოთოს საქართველოსა და უკრაინის გზაზე აქეთ-იქით სირბილი უწევდა, ახლა კი საქმე სხვაგვარად არის. სავარაუდოდ, 10 მაისიდან უკვე დაიწყება "ვოისის" ლაივ-კონცერტები, სადაც, უკვე დადასტურებულად გეტყვით, რომ ოთოს ნახვა შეგეძლებათ. ქართველმა მომღერალმა სუპერრინგზე ერთ-ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ცოცხალ კონცერტებზე სლავა ვაკარჩუკის გუნდის 4 მონაწილეს შორის ღირსეული ადგილი დაიკავა.

პირველ ტურზე, ბრმა კასტინგის დროს, ოთომ ჟიურის წევრები ნინა სიმონეს სიმღერით შემოაბრუნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა, შემდეგ კი ცნობილი უკრაინელი შემსრულებელი სლავა ვაკარჩუკი აირჩია მწვრთნელად. მეორე ეტაპზე, როდესაც რინგის ჯერი დადგა, მან ანასტასია გარიოხოვას მოუგო. მაიკლ ჯეკსონის სიმღერა "Bad" გადამწყვეტი აღმოჩნდა და მწვრთნელმა ოთოს ნამღერი ამჯობინა. სუპერრინგზე გამარჯვება კი, როგორც თავად ოთო ამბობს, არც ისე ადვილი ყოფილა და ნერვიულობაც შეხვდა ამის გამო.

ოთო ნემსაძე:

-  როგორც ნახეთ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოდან, რინგი უკვე გავიარე. ჯეკსონის სიმღერა შევასრულე, მაგრამ არ მინდოდა. ეს მომღერალი ძალიან მომწონს, მაგრამ მისი სიმღერა არასდროს მიმღერია და ვფიქრობ, რომ არ არის ჩემი სტილი. ეს სიმღერა უფრო მეტად გოგონას არჩევანი იყო. ანასტასიამ ბრმა კასტინგზეც ჯეკსონის სიმღერა შეასრულა. მასთან პაექრობა არ გამჭირვებია, თუმცა ცოტა მაინც ვინერვიულე, სიმღერა უფ­რო მაღალ რეგისტრში გაკეთდა, ვიდრე ჩემს ხმას შეეფერებოდა, რადგან გოგონა დაბლა ვერ იმღერებდა. რაღაცები დავთმე, მაგრამ, როგორც ნახეთ, ბოლომდე არ დამითმია მაინც (იღიმის)!..

ამის შემდეგ იყო სუპერრინგი, რომლის დეტალების გამხელა ჯერ არ შემიძლია, მაგრამ რამდენიმე სი­ტყვით მაინც გეტყვით. სუპერრინგზე შემხვდა წლევანდელი "ვოისის" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე. ეს იყო თურქი ტუფანი, ჰარდ-როკერი, სუპერრინგზე სხვადასხვა სიმღერა შევასრულეთ და გამარჯვებული ისევ მწვრთნელს უნდა აერჩია. მოდი, არ გეტყვი, რა ვიმღერე და სიურპრიზი იყოს, მაგრამ უცხოური სიმღერა გახლდათ. შანსები 50-50-ზე იყო, მაგრამ აქაც არაფერი დამითმია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება