მარიკო ებრალიძე - "მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას"

მარიკო ებრალიძე - "მთავარი ისაა, კონკურსის შემდეგ როგორ გააგრძელებ მოღვაწეობას"

მომღერალ მარიკო ებრალიძეს ბავშვობაში ექიმობა უნდოდა. ბიოლოგიასა და ქიმიას ყოველთვის კარგად სწავლობდა, მაგრამ საბოლოოდ სცენაზე დგომის სურვილმა აჯობა ექიმობის სურვილს და ამას არც ნანობს. თავის ბენდთან ერთად უამრავი გეგმა აქვს. მომავალში, ბევრის რჩევით, შეიძლება, კლასიკურ მუსიკაშიც სცადოს ბედი, მაგრამ ამჯერად, როგორც თვითონ ამბობს, ჯაზშია "გადავარდნილი". 

რატომ დაშორდნენ მშობლები ერთმანეთს

- მშობლები ნელი მუმლაძე და ზაზა ებრალიძე ერთ ანსამბლში ცეკვავდნენ. მერე თბილისის უნივერმაღში ერთად დაიწყეს მუშაობა. მაშინ გაიპარნენ, შექმნეს ოჯახი. ამ სიყვარულის ნაყოფი პირველად ჩემი და იყო, ქეთევანი, რომელიც ჩემზე ცამეტი წლით უფროსია და მერე მე გავჩნდი. დედის და მამის ოჯახში შერიგების და განშორების თემა ხშირად ფიგურირებდა. ამიტომ გავჩნდი ჩემი დის დაბადებიდან ცამეტი წლის შემდეგ და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი შერიგების ნაყოფი ვარ. ადრე შესამჩნევი იყო ჩემსა და ჩემს დას შორის ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ ახლა, მგონი, ჩემზე კა­რგად გამოიყურება. ფოტოზე მე, დედა და ჩემი და ვართ.

- ჩემი აზრით, დები ერთმანეთს არ ჰგავხართ.

- საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს. ჩემი და უფრო გამხდარი და ხორბლისფერია. თმა სწორი აქვს. მხოლოდ მიმიკებითა და სახის რაღაც ნაკვთებით ვგავართ ერთმანეთს.

- ხვეული თმით ვის ჰგავხარ?

- ხვეული თმა რომ მაქვს და თეთრი რომ ვარ, მამიკოს და მისი დედის "დამსახურებაა". ამ შემთხვევაში მამის გენმა იმძლავრა. დედაც არაა შავგვრემანი, მაგრამ მამას უფრო ვგავარ. დედა სულ ამბობს, ვერაფრით დაგიმსგავსეთო.

- ხვეული თმა დისკომფორტს არ გიქმნიდა?

- ბავშვობაში სულ მოკლე ან შეკრულ და უკან გადაწეულ თმას ვატარებდი. თუ აიბურდებოდა, არაფერი შველოდა. უნდა გადამეხოტრა. ახლა ბევრი საშუალებაა ჩემნაირი თმის მოსავლელად, მაგრამ ბავშვობაში ბალზამს ჩემთვის არავინ იყიდდა. ამიტომ ძალიან მიჭირდა მოვლა. სამ-ოთხ დღეში ერთხელ დედას ჩავუჯდებოდი კალთაში და მვარცხნიდა. მე თვითონ ვერ ვივარცხნიდი. ვცდილობდი, დაბანიდან დაბანამდე თმა არ აბურდულიყო. საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, სულ ტილები მყავდა. ტილები ჩვენი ოჯახის ძალიან ხშირი სტუმრები იყვნენ. ერთხელ თუ ჩაიბუდებდნენ ჩემს თმაში, მერე მისი მოშორება კოშმარი იყო. ამიტომ ბავშვობაში ხშირად მხოტრავდნენ თმას. საბავშვო ბაღში ტილებისგან გასუფთავებული მივიდოდი და უკან ტილებით ვბრუნდებოდი. ამბობდნენ, წნევისთვის კარგია ტილებიო, მაგრამ აბა, მშობლებისთვის გეკითხათ, ეს როგორი კოშმარი იყო.

- მეტსახელი გაქვს?

- მეტსახელების მოყვარული არ ვიყავი. ზოგიერთი ბავშვი მოიგონებდა ხოლმე რამე სახელს და იტყოდნენ, ეს დამიძახეთო. მე ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. "ვარსკვლავების აკადემიამდე" ყველა მარიკას მეძახდა. მე ეს სახელი ძალიან არ მომწონდა. დედას სულ ვეუბნებოდი. ეზოში ბავშვებთან რომ ვთამაშობ, მარიკას ნუ დამიძახებ, მარითი მომმართე-მეთქი. მერე მარიც აღარ მომწონდა. "ვარსკვლავების აკადემიაში" შემერქვა მარიკო და მას მერე ყველა მარიკოთი მომმართავს.

- მომდევნო ფოტოს საინტერესო წარწერა აქვს, "მამიკო და ნაშები".

- თავიდან არ ვიცოდი, რომ მამა მეზობლებთან იყო ამ ფოტოზე. დედამ რომ ნახა წარწერა, მითხრა, რად გინდოდა, ასე რომ დაწერე, მამიკოს რატომ არცხვენ, მეზობლებთან ერთად აქვს ფოტო გადაღებული, ნაშებში არ დადიოდაო. სამწუხაროდ, მამა უკვე გარდაცვლილია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება