ინდოეთის არმიის საბრძოლო ერთეულის პირველმა და ერთადერთმა სამხედრო მოსამსახურე ქალმა შანტი ტიგამ თავი მოიკლა.
ტიგა დასავლეთ ბენგალის შტატის საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც გასულ კვირას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის შემდეგ მოხვდა. ქალი უცნობმა პირებმა გაიტაცეს. პოლიციამ იგი სარკინიგზო ლიანდაგზე, ბოძზე მიბმული იპოვა. თავად ტიგამ განაცხადა, რომ გამტაცებლებს მისთვის არაფერი დაუშავებიათ. სამშაბათს კი იგი სამედიცინო დაწესებულების საპირფარეშოში ჩამოხრჩობილი იპოვეს.
"წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა, რადგან საავადმყოფოში უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, საპირფარეშომდე კი იგი მცველმა და ვაჟმა მიაცილეს",- აცხადებს პოლიციის თანამშრომელი.
მან ასევე დასძინა, რომ ტიგას წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა. მას სამსახურში მოწყობის სანაცვლოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის აღებაში ედებოდა ბრალი.
შანტი ტიგა ინდური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გმირი გახდა, როდესაც 50 მეტრი 12 წამში გადალახა და 1,5 კმ-იან გარბენში კოლეგებს 5 წამით აჯობა, რის შემდეგაც სამსახურში მიიღეს. შანტიმდე ინდოეთში ქალს მხოლოდ არასაბრძოლო სამხედრო შენაერთის ოფიცერი შეეძლო გამხდარიყო. "მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდამეცვალა, სამხედრო სამსახურში ჩაბმის იმედით მოხალისეებში ჩავეწერე",- განმარტა მაშინ ტიგამ საკუთარი არჩევანი და დასძინა, რომ სამხედრო სამსახური ყოველთვის მისი ოცნება იყო.
მომზადებულია Times of India-ს მიხედვით.