”მას ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს, ვიდრე მე და ვისურვებდი, მეც მასავით კარგი ვიყო”

”მას ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს, ვიდრე მე და ვისურვებდი, მეც მასავით კარგი ვიყო”

რამდენიმე წლის წინ თბილისში ბევრს ლაპარაკობდნენ ტელეწამყვან სალომე არშბასა და თავისუფალი თეატრის მსახიობ კახა მიქიაშვილის სიყვარულის ამბავზე, რომელიც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. ცნობილი წყვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. სალომე პრესას არ სწყალობს და ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს, სამაგიეროდ, კახაა გახსნილი ჟურნალისტებთან. ჩვენც სწორედ მას შევეხმიანეთ, რათა მათი ოჯახური ცხოვრების შესახებ თქვენთვის მეტი ინფორმაცია მოგვეწოდებინა. დაახლოებით ერთი წლის წინ წყვილს გოგონა - თინათინი შეეძინა, რომელიც კახასთვის მეორე შვილია, მას 7 წლის ანასტასიაც ჰყავს, დებს ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ.

კახა მიქიაშვილი:

- მადლობა ღმერთს, თეატრალურ საქმიანობას ვაგრძელებ, საკმაოდ დაკავებული ვარ ამ მხრივ, რამდენიმე დღეში მივდივართ გასტროლებზე ფინეთსა და თურქეთში, გარდა ამისა, ბატონი ავთო ვარსიმაშვილი იღებს ფილმს სახელწოდებით "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა", რომელშიც ძირითადად "თავისუფალი თეატრის" მსახიობები ვთამაშობთ, გამონაკლისი მხოლოდ ნინო ანანიაშვილი და ნინო ქათამაძე იქნებიან, სწორედ ამ ფილმით შედგება მათი კინოდებიუტი. მაყურებელი ფილმის ნახვისას ბევრს იცინებს, მაგრამ მასში ცოტა სევდა და ის რეალობაც იქნება გადმოცემული, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და რის გამოც სახლი იპარება ფანჯრიდან. მეტს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ ყოფილ პოლიციელ კახა ქავთარაძეს განვასახიერებ, ამ შემთხვევაში ფილმშიც კახა მქვია.

ოჯახის მთავარი საზრუნავი...

- არ მიყვარს, როცა მშობლებს საკუთარი შვილი ყველაზე გამორჩეული ჰგონიათ და აქებენ, ამიტომ გაფეტიშებული მამის პოზიციიდან ვერ გამოვალ, თუმცა გეტყვით, რომ თინათინი მალე ერთი წლის გახდება, ძალიან კარგი გოგოა, ხალისიანი და ჭკვიანი. სულ მიკვირს, მე რანაირად მყავს ასეთი კეთილი შვილი (იღიმის). ეტყობა, სალომეს გენეტიკა და ნიჭიერება უფრო ჭარბობს მასში. საწყის ეტაპზე, როცა პატარა იყო, უფრო აქტიურად ვიყავი მის აღზრდაში ჩართული, ახლა, როგორც კი დროს გამოვნახავ, მასთან ურთიერთობის სიამოვნებას არ ვიკლებ. როდესაც დაღლილი ხარ ან პრობლემა გაქვს, განსაკუთრებით მაშინაა კარგი პატარასთან ყოფნა, ერთს რომ გაგიღიმებს და ხელს მოგისვამს, ყველაფერი გავიწყდება ადამიანს, ამიტომ არასდროს დამიწუწუნია იმის გამო, რომ ბავშვს ბევრი დრო და ყურადღება სჭირდება...

რასაკვირველია, ჩემს უფროს შვი­ლს, ანასტასიას, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თინასთან, მართალია, ის მხოლოდ 7 წლისაა, მაგრამ უფროსი ადამიანივით ეპყრობა და ეკონტაქტება დას, ეფერება, რამდენჯერმე იტალიიდან საჩუქარი ჩამოუტანა, ხშირად კითხულობს და მოდის მის სანახავად. გულწრფელად მიხარია, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი. მინახავს, როცა უფროსი შვილი დედმამიშვილზე ეჭვიანობს ხოლმე, ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმართლა, ანასტასია ძალიან გონიერი და შეგნებული ბავშვია და ალბათ სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო.

მეორე შვილმა პასუხისმგებლობა გამიორმაგა, სანამ მამა გავხდებოდი, თუ მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი, ჩემს ჩაცმასა და სიამოვნებაზე, ახლა, როცა გასტროლზე მივდივარ, პირველ რიგში, იმას ვფიქრობ, ბავშვებს რა ვუყიდო, რა სჭირდებათ და მერე, თუ დრო და ფინანსები მრჩება, საკუთარ თავზე ვიწყებ ზრუნვას.

მეუღლე - სალომე

- სალომე "ჯი-ემ-ჯი ქალთა კლუბში" მუშაობს, სადაც გადაცემა "დღის აკორდი" ეკა სოსელიასთან ერთად მიჰყავდა, ეკა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, ეთერში ჯერ არ დაბრუნებულა, ამიტომ ახლა სალომეს ნიკა წულუკიძე უწევს პარტნიორობას, ასევე კვირაში ერთხელ კულინარიულ გადაცემა "უცხო სურნელს" უძღვება. სალომეს დედა ძალიან ეხმარება, როცა თავად სამსახურშია, ბავშვზე მისი ოჯახი ზრუნავს, ძიძა კარგია, მაგრამ უკეთესია, პატარა ოჯახის წევრებთან გაიზარდოს, ჯერჯერობით ამას ვახერხებთ და ვნახოთ, მომავალში როგორ წარიმართება მოვლენები.

განაწილებული საოჯახო ფუნქციები

- რაც შეეხება სალომეს კული­ნა­რობას, ოჯახის წევრებისგან ის ამ მხრივ მეტად განებივრებული იყო, ამიტომ ნელ-ნელა სწავლობს რაღაცების მომზადებას. ისე, რამდენიმე კერძი ძალიან გემრიელი გამოსდის და ამას ჩემი მეგობრებიც აღიარებენ. ადამიანს რომ მოშივდება, ისეთი კარგი რაღაცების გაკეთებას შეძლებს, თვითონაც გაუკვირდება, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. ხანდახან მეც ვმზარეულობ. ჯერჯერობით საფირმო კერძები არ მაქვს, მაგრამ ბორშჩს, ჩაქაფულს, ოსტრის, სოუზს, ლობიოს კარგად ვამზადებ, ვინც მიირთმევს ჩემს ნახელავს, მოსწონთ და იმედია, არ მატყუებენ (იღიმება). კეთების დროს მთავარია, არ იჩქარო და სიამოვნება მიიღო პროცესისგან, ამ შემთხვევაში კერძიც გემრიელი გამოდის, კერძს ყოველთვის ეტყობა, გულითაა გაკეთებული თუ არა.

უპრეტენზიო ქმარი

- სანამ დავქორწინდებოდი, ოჯ­ახის წევრებისგან ყველანაირად გა­ნებივრებული ვიყავი, ხშირად მისაყვედურია იმის გამო, თუ რამე მოწესრიგებული არ მხვდებოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ ვარ, ამ მხრივ ცუდი შვილი და შვილიშვილი უფრო ვიყავი, ვიდრე ქმარი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება