როგორ ანებივრებენ ქეთო თოფურიძეს პოპულარული დები

როგორ ანებივრებენ ქეთო თოფურიძეს პოპულარული დები

ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი - მშობლებისგან და უფროსი დებისგან განებივრებული 14 წლის ქეთო თოფურიძე ჟურნალისტობაზე ოცნებობს. როგორც თავად გვითხრა, საკუთარ თავს სწორედ ამ პროფესიაში ხედავს. მას მალე ორი დისშვილი შეეძინება: მისი დები - ნინი ბადურაშვილი და ანასტასია თოფურიძე ორსულად არიან.

- 14 წლის ვარ და პირველ გიმნაზიაში, მერვე კლასში ვსწავლობ. ამ ეტაპზე მთლიანად სწავლაზე ვარ გადართული. ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური მიყვარს. ჟურნალისტიკაზე ჩაბარება მინდა. ახლობლებიც მირჩევენ, რომ ეს პროფესია ავირჩიო.

- პრესაში გინდა მუშაობა თუ ტელევიზიაში?

- ტელევიზიაში. თუმცა, თავიდან არ მექნება იმის ამბიცია, რომ აუცილებლად საკუთარი შოუ მქონდეს. ვფიქრობ, ჯერ უნდა გავიარო ყველა საჭირო გზა საიმისოდ, რომ წარმატებულ ჟურნალისტად ჩამოვყალიბდე, - ანუ ჯერ კორესპონდენტი უნდა ვიყო, ვწერო და ა.შ.

- შენი ოჯახის წევრების უმეტესობა მსახიობი ან მომღერალია, და - ანასტასია მოდელია. არ გიფიქრია, რომელიმე მათგანის გზას გაჰყოლოდი?

- მოდელი რომ იყო, ძალიან კარგი ტანი უნდა გქონდეს, - ანუ ისეთი, როგორიც ანასტასიას აქვს... უკვე აღვნიშნე, რომ ყველაზე მეტად ჩემს თავს ჟურნალისტიკაში ვხედავ, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმებსა თუ სერიალებში რაიმე ეპიზოდურ როლებს. გახსოვთ ალბათ, სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ვთამაშობდი კიდეც. მსახიობობა ჩემთვის ჰობის დონეზეა. სიმღერას რაც შეეხება, დედასთან ერთად ფილარმონიაში მიმღერია, მაგრამ მომღერლობა არ მიტაცებს, ამაზე არასდროს მიფიქრია.

- დედას - ეკა კახიანსა და ბაბუას - იმედა კახიანს შენ მიერ შესრულებული ეპიზოდური როლები მოეწონათ?

- მიუხედავად იმისა, რომ ეკა ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია, შესრულებული როლები მოეწონა. მითხრა, - ყველაზე რთული სახასიათო როლის შესრულებააო. გახსოვთ ალბათ, "სწერვა" გოგოს ვთამაშობდი. მინდა, ნიკა წულუკიძეს მადლობა გადავუხადო, რადგან მან შემომთავაზა ამ სერიალში მონაწილეობა. მას მერე ქუჩაში ბავშვები ავტოგრაფს მთხოვდნენ და ჩემთან ფოტოებს იღებდნენ. ისე, ერთი ჩვევა მაქვს, - ტელეეკრანზე რომ ვჩანვარ, საკუთარ თავს ვერ ვუყურებ, ოთახში შევდივარ და ვიკეტები. ბოლო დროს მე და ნინი ვგიჟდებით სერიალზე - "ჩემი ცოლის დაქალები" და თითო სერიას მინიმუმ, სამჯერ ვუყურებთ (იცინის).

- ახლა მითხარი, როგორი ურთიერთობა გაქვს ეკასთან?

- ეკა ჯიგარი დედაა! გამოცდილია გოგონების გაზრდაში და იცის, როგორ უნდა მომიდგეს. თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ოჯახისა და დედაჩემის დამსახურებაა. ხანდახან არ ვუჯერებ და ეკა მემუქრება, - დაგსჯიო, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი დღე ჯერ არ დამდგარა. დღის განმავლობაში, როცა სადმე გავდივარ, ლამის მთელი ოჯახი მირეკავს: სახლში არ დააგვიანოო. ნინი 27 წლის არის და ბაბუა დღემდე იმას ეუბნება: საღამოს 10 საათზე სახლში იყავიო. მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- მამას პირად ამბებს უყვები?

- ჩემს პირადულში თუ რამე ხდება, ამას პირველად მამა იგებს. თუ რამე არ მოსწონს, მშვიდად და წყნარად მიხსნის, რომ არასწორად ვიქცევი. მას ჩემთვის არასდროს დაუყვირია. იმედაზეც გეტყვით, - ის ჩემთვის ყველაფერია - დედაც, მამაც, ძმაც... ბებიებთანაც ვმეგობრობ, ჩემი დაქალები არიან.

- დებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ალბათ განებივრებენ, რადგან ნაბოლარა ხარ.

- ხშირად მეუბნებიან: ალბათ ანასტასია უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე ნინი, რადგან ის შენი ნახევარდააო. ორივე ერთნაირად, თანაც - ძალიან მიყვარს. ჩემი დები ჩემთვის მისაბაძები არიან. ბოლო დროს ანასტასია "მემკაცრება" (იღიმება), მირეკავს ხოლმე: დროზე მოდი სახლშიო. თვითონ ჩემი ასაკის რომ იყო, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, სკოლასაც ხშირად აცდენდა. ახლა თავის შეცდომებს ხვდება და არ უნდა, მეც მისნაირად ვიქცეოდე.

- ქეთო, როგორც ვიცი, დების ტანსაცმელს ემტერები...

- (იცინის) ჰო, პარაზიტი ვარ. ნინისა და ანასტასიას ტანსაცმელი მერგება. და კიდევ, მე და ანასტასია ნინიზე ვძალადობთ ხოლმე, ის კი ძალიან მომთმენია. მის ადგილას რომ ვიყო, დებს ასეთ რამეებს არ მოვუთმენდი. კარადაში ლამაზი რაღაცები რომ უკიდია, ცდუნებას ვერ ვუძლებ და ვიცვამ... მოკლედ, მთელი ოჯახი მანებივრებს. ნინი საცხოვრებლად მოსკოვში რომ გადავიდა, ტანსაცმლის ნაწილი სახლში დატოვა. მე რა თქმა უნდა, მის სამოსს ხშირად ვიცვამდი. თბილისში რომ დაბრუნდა, დამირეკა, - ახლა გარდერობს ვათვალიერებ და სამი პერანგი დალაქავებულიაო. თავიდან გაბრაზდა, მაგრამ მერე დამშვიდდა. ის ხშირად მჩუქნის რაღაცებს და ეს მომწონს.

- სიძეები მოგწონს?

- ძმებივით მყვანან. სხვათა შორის, ორივეს ირაკლი ჰქვია და ორივე 31 წლის გახლავთ. ხასიათით ერთმანეთს ჰგვანან, ძალიან კარგები არიან. ბედნიერი ვარ, ასეთი არაჩვეულებრივი სიძეები რომ მყავს. როცა ნინი მოსკოვშია, მენატრება, მაგრამ იმაზე ფიქრი მამშვიდებს, რომ ბედნიერია. მერწმუნეთ, ჩემთვის ეს არის მთავარი.

- მალე "ორგზის" დეიდა გახდები. ანებივრებ ორსულ დებს?

- ვანებივრებ, პატივში არიან. ახლა ნინი ჩვენთან არის და ჩემთან სძინავს. ხშირად ვეფერები მუცელზე. ბედნიერი ვარ, რადგან დებს გახარებულებსა და ბედნიერებს ვხედავ. ნინი ივლისის ბოლოს ელოდება გოგოს, ანასტასია კი აგვისტოს დასაწყისში - ბიჭს. ანასტასიამ გადაწყვიტა, ბავშვს ლადო დაარქვას. მას და მის მეუღლეს მოსწონთ ეს სახელი, თანაც, ხომ იცით, ლადო ეკას გარდაცვლილ ძმას ერქვა.

- შეყვარებული არ გყავს?

- არა და არც არასდროს მყოლია. მგონია, რომ შეყვარებულის ყოლა ჩემთვის ნაადრევია. ისე, ბიჭი, რომელიც მომავალში მომეწონება, ჭკვიანი და ერთგული უნდა იყოს. გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, მელოტი და მსუქანი ბიჭები მომწონს-მეთქი.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება