ნანკა კალატოზიშვილი: "არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება"

ნანკა კალატოზიშვილი: "არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება"

გასულ კვირას, საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის - "ნაწილები" - პრემიერა გაიმართა. ფილმში მოთხრობილია სამეცნიერო ექსპერიმენტის დღემდე უცნობი ენერგეტიკული წყაროს შესახებ, რომელსაც მთავარი პერსონაჟი - დავით ბერიძე ატარებს. მის წამოწყებას კოლეგები საეჭვოდ მიიჩნევენ და ამიტომაც არის, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ეხმარება. ექსპერიმენტს ადამიანები სავალალო შედეგამდე მიჰყავს...

ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები ასრულებენ: ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, ლაშა ონიანი, გიორგი კალანდაძე, ნოდარ მამულაშვილი, გიორგი გურგულია, დავით ქაცარავა და მარინა ჯანაშია. ამ სამეცნიერო ფანტასტიკის რეჟისორი კი ნიკოლოზ ჯავახიშვილი გახლავთ, რომლისთვისაც ეს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მსახიობი დავით ქაცარავა პროდიუსინგშიც მონაწილეობდა.

ნანკა კალატოზიშვილი:

- ჩემი გმირი ოპტიკური ფიზიკოსია და მეცნიერი მეუღლე ჰყავს. ისინი ატარებენ ექსპერიმენტს, რომელსაც ხალხი სავალალო შედეგამდე მიჰყავს. მართალია, ჩემი გმირი რაღაცას ხვდება, იძიებს, მაგრამ მას არავინ უსმენს. თუმცა, საბოლოოდ მისი ნათქვამი გამართლდება... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პარტნიორი, - ანუ მეუღლის როლის შემსრულებელი ნიკა თავაძეა და ეს ძალიან მიხარია. მასთან ერთად თამაში გამიადვილდა. ძალიან კომფორტული ადამიანია.

- შენს გმირს რაიმეთი თუ ჰგავხარ?

- ყველა პერსონაჟში ვპოულობ საკუთარი თავის რაღაც ნაწილს. ეს გმირი კი მხოლოდ იმით მგავს, რომ სიმართლის ძიება და დამტკიცება მასსავით მიყვარს.

- როგორც ვიცი, ფილმის გადაღების პროცესი გაჭიანურდა...

- მართალია, რამდენიმე ნაწილად დაიყო, მერე კი ფილმის ხელახლა გახმოვანება გახდა საჭირო. აქამდე ფილმი არასდროს გამიხმოვანებია და ეს ჩემთვის ცოტა რთული საქმე აღმოჩნდა. სულ სხვაა, როცა თამაშობ და იმ დროს მთელ შენს ემოციას ავლენ და მეორე - როცა უყურებ შენს ნათამაშებს და ეს უნდა გაახმოვანო. ისე ვინერვიულე, რომ მუშაობის პროცესში რამდენჯერმე ვიტირე კიდეც. დღესაც ძალიან ვნერვიულობ - არ მიყვარს ხალხის თანდასწრებით ეკრანზე საკუთარი თავის ყურება, ამის ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს. აი, ასე მანერვიულებენ ამ ორსულ ქალს...

გიორგი კალანდაძე:

- ფილმში გური ფოფხაძის როლს ვასრულებ, რომელიც ძალზე საინტერესო ადამიანია. ის თავისი მოქმედებებით გარკვეულ გავლენას ახდენს მთელ სურათზე. საკმაოდ "ღრმა" პიროვნებაა, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებს, მერე კი ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს. ვფიქრობ, დაკისრებულ მისიას კარგად გავართვი თავი, მაგრამ ვნახოთ, როგორ მოეწონება მაყურებელს ჩემ მიერ განსახიერებული ეს პერსონაჟი.

- გიორგი, ამ ფილმში როგორ მოხვდი?

- ჩვეულებრივი კასტინგის მეშვეობით. ამ როლის მიღება ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რადგან რაც აქამდე ფილმებსა თუ სპექტაკლებში მითამაშია, მათგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი განვასახიერე, თანაც - ეს ადამიანი მე არაფრით მგავს...

შემოქმედებითი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ფილმის ჟანრი ქართულ თანამედროვე კინემატოგრაფიაში მართლაც, განსხვავებულია. სცენარი ისეა აგებული, რომ მისი შინაარსი ნებისმიერი ქვეყნისთვის გასაგები იქნება; ის არ ეხება მხოლოდ ქართულ ლოკალურ თემატიკას და შესაბამისად, ფილმის საზღვარგარეთ გატანა იგეგმება. პროდიუსერების აზრით, "სპირალის" შემდეგ, საქართველოში ასეთი ჟანრის ფილმი არ გადაუღიათ და ის მაყურებლისთვის საინტერესო უნდა იყოს...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება