31 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მანანა თოდაძე სოლოკონცერტს გამართავს. ათწლიანი პაუზის შემდეგ მომღერალი თბილისელ მაყურებელს უმასპინძლებს. "ამ დღეზე ვოცნებობდი და დიდხანს ვემზადებოდი", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ჩემმა რესპონდენტმა. რატომ დატოვა საქართველო 14 წლის წინ, რის გამო აქილიკებდნენ და როგორია მისი მოსკოვური ცხოვრება, ანსამბლ "ივერიის" სოლისტი თავად გიამბობთ.
- 10 წელია, ქართველი მაყურებლისთვის არ გიმღერიათ, ალბათ განსაკუთრებით ემზადებით ამ კონცერტისთვის...
- ქართველი მაყურებელი მოსკოვშიც არ მაკლია, თბილისშიც "ივერიის" საიუბილეო კონცერტებზე ყოველთვის გამოვდიოდი, მაგრამ ასე საფუძვლიანად, სოლოკონცერტით დიდი ხანია თბილისელ მაყურებელს არ მოვფერებივარ. მომენატრა თბილისელი მაყურებელი, ფილარმონია, სადაც, ფაქტობრივად, გავიზარდე. დიდი ხანია ვემზადები ამ დღისთვის. იმდენი სიმღერა მიმღერია ამ წლების განმავლობაში, ამორჩევა გამიჭირდა, თან ისეთი რეპერტუარი მინდა, ყველა თაობისთვის საინტერესო რომ იყოს.
- ახალი სიმღერებიც ჩაწერეთ, როგორც ვიცი, სპეციალურად ამ დღისთვის.
- დიახ, და ერთ-ერთზე, დათო არჩვაძის სიმღერაზე "გაპატიებ", კლიპიც გადავიღეთ, რომლის რეჟისორიც გახლავთ ბაკურ ბაკურაძე, ხოლო ოპერატორი - რომა გიორგაძე. საოცარი ისტორია ჰქონდა ამ სიმღერის შექმნას. ჩემი პროდიუსერი ბიძინა სირბილაძე მეგობრობს დათო არჩვაძესთან. ძალიან მინდოდა დათოს გაცნობა, მიყვარს "თეატრალურის კვარტეტი", დათოს დიდ პატივს ვცემ. მინდოდა, ჩემს კონცერტში მიეღოთ მონაწილეობა, ოღონდ სხვა სიმღერით. შევხვდით ერთმანეთს კაფეში. ვისაუბრეთ. ბიძინამ ჰკითხა დათოს, რაიმე სიმღერა ხომ არ გაქვს მანანასთვის, კონცერტზე რომ იმღეროსო, მოიცა ერთი წუთითო, თქვა, წამოხტა, მიუჯდა ფორტეპიანოს და დაიწყო დაკვრა. იქვე შეიქმნა ეს მელოდია. ღამის პირველი საათი იყო. დავურეკეთ ნანა ცინცაძეს და სახლში მივადექით ტექსტისთვის. ნანაც არ დაგვზარდა და ასე 3-4 საათში შეიქმნა ეს სიმღერა. ისე მიყვარს ახლის შექმნის პროცესი, უბედნიერესი ვიყავი. დიდი ხანია ასეთი სიტუაცია არ მქონია. მოსკოვში სულ სხვაგვარი რიტმით ვცხოვრობ, სხვა დღის რეჟიმით. მომნატრებია ასეთი რეჟიმი.
- ისეთი გრძნობით მღერით "გაპატიე, დაბრუნებას გთხოვ", რომ მაყურებელს აუცილებლად გაუჩნდება შეკითხვა, არის თუ არა შეყვარებული დღეს მანანა თოდაძე...
- მე სულ შეყვარებული ვარ, ბავშვობიდან ვარ შეყვარებული (იღიმება), არ შეიძლება, ხელოვანი ადამიანი შეყვარებული არ იყოს. სხვა შემთხვევაში ასე ვერ იმღერებ.
- რას აპატიებს და ვის სთხოვს დაბრუნებას მანანა თოდაძე?
- ამ კითხვის ადრესატი უკვე ნანა ცინცაძეა. მისი ტექსტია, როგორც გითხარით, მგონი, ნანაა შეყვარებული (იცინის).
- მოსკოვური ცხოვრება ახსენეთ, სხვა რეჟიმი მაქვს, სხვა გრაფიკიო, თქვით. როგორია თქვენი მოსკოვური ცხოვრება?
- ძალიან განსხვავდება თბილისური ცხოვრებისგან, დატვირთულია. დილის 10 საათიდან უკვე შეხვედრები მაქვს. მეტისმეტად პუნქტუალური ვარ. 10 საათზე რომ მაქვს შეხვედრა დაგეგმილი, ყოველთვის 15 წუთით ადრე მივდივარ. ბავშვობიდან ასე ვარ, არ მიყვარს, როცა მელოდებიან. საბავშვო სტუდია მაქვს, ყოველ დილით მათთან ვმუშაობ. იქიდან სამსახურში მივდივარ, ქართულ რესტორანში, სადაც სისტემატურად ვმღერი. მიწვევენ ბანკეტებზე, კორპორატიულ საღამოებზე, მონაწილეობას ვიღებ გალაკონცერტებში. ზოგჯერ გადაფრენაც მიწევს სხვა ქალაქებში. ამის გამო ხშირად საღამოების ჩაგდება მიხდება ჩემს რესტორანში, სადაც ვმღერი, მაგრამ მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. ძალიან მოწესრიგებულები არიან იქ მცხოვრები ქართველები, კარგად ესმით, რომ ამხელა ქვეყანაში უმუშევრობით თავს ვერ გაიტან.
- თუ არიან მოსკოვში ქართველი მომღერლები, რომლებსაც რესტორნის სცენაზე სიმღერა ეთაკილებათ?
- არა, თავიდან, როცა საქართველოდან წავედი და დიდი სცენიდან რესტორანში გადავინაცვლე, ქილიკიც ბევრი მივიღე და დაცინვაც. წარმოგიდგენიათ, მანანა რესტორანში მღერისო, ამბობდნენ. არ მიმიქცევია ყურადღება. მე ისეთ ადგილებში მიწევს გამოსვლა, ისეთი მსმენელი მყავს, რომელიც დიდ დარბაზებში კონცერტზე შეიძლება ვერ ნახო. პატარა ლა-სკალას ეძახდნენ იმ რესტორანს, სადაც მე ვმღეროდი. საქართველოდან უძლიერესი მუსიკოსები წავიყვანე. ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. როგორ შეიძლება, უკმაყოფილო ვიყო იმით, რომ ღმერთი ლუკმაპურის შოვნის საშუალებას მაძლევს. დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ვექცევი იმ ხალხს, იმ ადგილს, სადაც გამოვდივარ, ვმღერი და საშუალება მეძლევა, ჩემი ნიჭი წარმოვაჩინო.
- საქართველოს დატოვების მიზეზი რა იყო?
- ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა. პირველ მიზეზზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ჩემი ოჯახური მდგომარეობის ბრალი იყო. მიზეზი იყო ისიც, რომ საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო მაშინ საქართველოში. 14 წლის წინ არავის აღარ უნდოდა შენი სიმღერა, წინ ვეღარ წავიდოდი. ბუნებით დაუდგრომელი, აქტიური ადამიანი ვარ. სულ ძიებაში ვარ, ვსწავლობ, გამოცდილებას მოსწავლეებს ვუზიარებ. წელიწადში რამდენჯერმე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ჟიურიში მეპატიჟებიან. მე თაობებს ვზრდი. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, მქონდა მუსიკალური თეატრი "პრესტიჟი", სადაც თაობები გაიზარდნენ და დღეს ისინი პოპულარული მომღერლები არიან. ამით ვამაყობ. დღეს მოსკოვში იმავეს ვაკეთებ და ორმაგად მიხარია, რომ რუსი ბავშვებიც მოდიან, სომხებიც და ქართულ სიმღერას ვასწავლი. ერთი რუსი გოგონა მყავს, მაშა, 7 წლის არის, ისე მღერის მეგრულ სიმღერას, წარმოუდგენელია, ცრემლი არ ჩამოგვარდეს...