რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მსახიობს პოპულარობისთვის

რა მსხვერპლის გაღება შეუძლია მსახიობს პოპულარობისთვის

ის გოგონების ყურადღებით განებივრებული გახლავთ და მათგან წერილებსაც ხშირად იღებს. უყვარს ჭამა. ვერ იტანს ქვეწარმავლებს. ოცნებობს ლეკვზე... "დეტექტორის" შეკითხვებს სერიალის - "შუა ქალაქში" პატარა მსახიობი, ფრთხილი და დაკვირვებული რატი გოგატიშვილი პასუხობს.

- ვთქვათ, სცენარის ნაცვლად, სერიალის წარმომადგენლებმა სასწავლად ისტორიის გაკვეთილი მოგცეს...

- ძალიან გამიკვირდება. სიმართლე გითხრათ, სწავლა დამეზარება, მაგრამ მაინც ვისწავლი.

- სცენარის სწავლა არ გეზარება?

- არა. სხვათა შორის, სცენარს გადასაღებ მოედანზე გვაძლევენ და იქვე ვსწავლობ.

- ყველაზე მეტად, რისი საგნის სწავლა არ მოგწონს?

- ჭადრაკის სწავლის პროცესი არ მომწონს. ასეთ დროს ხომ ძირითადად, თეორიას გვასწავლიან, თამაშს კი მხოლოდ რამდენიმე წუთს ვუთმობთ.

- უჩინმაჩინი რომ იყო, რას მოიმოქმედებდი?

- რესტორნებს დავივლიდი და სტუმრებს შეკვეთილ კერძებს შევუჭამდი (იცინის).

- ჭამა ძალიან გიყვარს თუ უბრალოდ, ხალხის რეაქცია უფრო მეტად გაინტერესებს, როცა მათი თეფშებიდან საკვები გაქრება?

- მსუნაგი ვარ, მაგრამ ხალხის რეაქციაც საინტერესო იქნება (იცინის).

- ვთქვათ, სერიალის წარმომადგენლები დიეტის დაცვას გთხოვენ...

- დავიცავ!

- ვთქვათ, დავით გოგიჩაიშვილი გიბარებს და გეუბნება, რომ შენმა პატარა დაიკომ მთელი გადამღები ჯგუფი სასტიკად სცემა და არ სურთ, ასეთი საშიში გოგონას ძმასთან თანამშრომლობა...

- რა გაეწყობა? შინ წამოვალ, მერე კი დაიკოს დავსჯი.

- გამორიცხავ, რომ შეიძლება, დავით გოგიჩაიშვილი ხუმრობდეს?

- უჰ, რას ამბობთ? თქვენ ჩემს დას არ იცნობთ (იცინის)! ძალიან ცელქია. ამას წინათ ღობეზე ძვრებოდა და ფეხი დაიშავა, ახლა ნაკერი ადევს.

- რძე სინამდვილეშიც არ გიყვარს?

- რძის პროდუქტები მიყვარს, მაგრამ რძის დალევა - არა.

- ვთქვათ, რძის სარეკლამო სახედ აგირჩიეს და კლიპში გადასაღებად მიგიწვიეს. გადაღებისას კი რძის დალევაც აუცილებელია.

- დავთანხმდები. რძეს ნაძალადევად დავლევ, სამაგიეროდ - პოპულარული გავხდები.

- პოპულარობა გაკლია?

- არა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად პოპულარული ვიქნები...

- ბევრი დუბლის გადაღება და შესაბამისად, ბევრი რძის დალევა რომ დაგჭირდეს?

- არა უშავს, დავლევ.

- ვთქვათ, სერიალში პაატას როლის შემსრულებელმა - ნოდარ გურგენაშვილმა დაბადების დღეზე თხა გაჩუქა...

- თხას სოფელში წავიყვან, მოვუვლი. მერე თხის რძეს გავყიდი (იცინის).

- ნოდართან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ვმეგობრობთ. მხიარული ადამიანია, მაგრამ რეალურად, თხა რომ მაჩუქოს, გამორიცხულია!

- შანსი რომ გქონდეს, 1 დღით რომელ არსებად გადაიქცეოდი?

- ძაღლად ან ჩიტად: ძაღლის თვალით დანახული სამყაროც საინტერესო იქნება და ფრენაც.

- ვთქვათ, გამოცდაზე შეგხვდა ასეთი საკითხი: "ქალთა სახეები სერიალში - "შუა ქალაქში"...

- გამიხარდება. იქვე მოვიფიქრებ რამეს და გამომცდელს გავაკვირვებ (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება