რაში ადანაშაულებს დათო ფორჩხიძე ქართველ საზოგადოებას

რაში ადანაშაულებს დათო ფორჩხიძე ქართველ საზოგადოებას

"ახალი საბავშვო ხმის" ჟიურის წევრი - მუსიკოსი და პროდიუსერი დათო ფორჩხიძე მიიჩნევს, რომ ქართველ საზოგადოებას განსხვავებული აზრების მიღება გვიჭირს და ვერ ვხვდებით, რომ არსებობის უფლება სხვის გემოვნებასაც აქვს. ის ინფორმაციის მისაღებად უპირატესობას ტელევიზორს ანიჭებს. უყვარს ტრადიციული ქართული კერძები.

- ყველა ადამიანი გემოვნებიანად მიიჩნევს თავს. პირადად მე, ყოველთვის მომწონდა, როცა პიროვნება სხვებისგან რაღაცით გამორჩეული იყო. ჩემი აზრით, გემოვნება ზომიერებას გულისხმობს: ზომიერი თუ ხარ, ე.ი. გემოვნებიანიც იქნები.

- როგორ ყალიბდებოდა თქვენი მუსიკალური გემოვნება?

- ჩემი ბავშვობა კომუნისტურ საქართველოს უკავშირდება. მაშინ დასავლეთიდან რაც შემოდიოდა, ეს მაქსიმუმ, იტალიური ესტრადა გახლდათ და სან-რემოს მუსიკალური ფესტივალი პოპინდუსტრიის მწვერვალი გვეგონა. იმ დროს კლასიკურ მუსიკალურ განათლებას (ფორტეპიანოს განხრით) ვიღებდი და მივხვდი, რომ ეს მომწონდა. მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ ქართული ხალხური სიმღერები გამორჩეულად კარგი იყო. შემდეგ, ახლა უკვე ცნობილი ქართული ჯგუფები გამოჩნდა და "ვია 75"-ს რომ მოვუსმინე, მესიამოვნა. რაღაც პერიოდის მერე მშობლებმა და უფროსი ასაკის ახლობლებმა ამერიკული მუსიკა მომასმენინეს, ბრიტანულის მოსმენა კი მოგვიანებით დავიწყე, როცა უკვე მუსიკოსად ჩამოვყალიბდი. ვიცოდი, სალამური ან ფანდური რა იყო, მაგრამ როცა დასარტყამ ინსტრუმენტს, ბასს, სინთეზატორს გავეცანი, მივხვდი, მათი მოსმენა უფრო მეტად მსიამოვნებდა... ვფიქრობ, არსებობს მუსიკა, რომელიც მე არ უნდა "გავაკეთო" და არც ვუგულშემატკივრო, თუმცა იმაშიც გამოგიტყდებით, რომ გემოვნება ხშირად მეცვლება. ხომ იცით, ნიჭიერ ადამიანებს აზრების "გადაფასება" ახასიათებთ. შეიძლება, ერთი და იგივე მუსიკა სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა აკუსტიკით, სხვადასხვა ადამიანებთან ერთად განსხვავებულად წარმოჩინდეს. ჩემი პროფესია მოითხოვს, ხალხის გემოვნებას "გავარტყა", მაგრამ ისე, რომ პირადი ღირსება არ შემელახოს. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ხალხის გემოვნებას ვერაფერი გავუგე: ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივ მსმენელს ხშირად, ძალიან მაგარი რაღაც მოსწონს. ამ დროს ვფიქრობ, - ხალხი მუსიკას ადეკვატურად აფასებს-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად, ძალიან ცუდ რაღაცაზეც ამბობენ, - კარგიაო. მიკვირს, ამას როგორ ახერხებენ?

- ბოლოს რომელმა ფაქტმა გაგაოცათ?

- პერსონიფიკაციისგან თავს შევიკავებ. ხალხის გამოსწორებას როცა ვცდილობდი და ვამბობდი, - ეს ცუდია-მეთქი, მივხვდი, რომ ჩემ მიერ ამის "ღაღადი" არაფრის მომტანი იყო. უბრალოდ, სიმართლის თქმით ვიღაცებს თავს ვაზიზღებდი. საქართველოში ვინმეს თუ ვაკრიტიკებ, ხალხის 80% მიიჩნევს, რომ იმ კონკრეტულ პიროვნებას ვლანძღავ და ცუდი ვარ. არადა, ჩემი მიზანია, სტუდიაში, საკონცერტო დარბაზსა თუ მუსიკალურ პროექტში მუსიკოსის ამპლუაში მყოფმა, საზოგადოებას ჩემი გემოვნება აგრესიულად მოვახვიო თავს და ის მოვაწონო, რაც თავად მომწონს - სხვაგვარად მუსიკოსის ფუნქციას ვერ ვხედავ. მოგეხსენებათ, ამჟამად მუსიკალურ პროექტში ჟიურის წევრი გახლავართ. იქაც ხშირად ხდება, რომ ხალხი გენიოსს კარგად მიიღებს, "ხელში აიტაცებს", მაგრამ უცებ, მას გვერდით აბსოლუტურ უნიჭობას უყენებს.

- ერთ-ერთი კონკურსანტის შესახებ გკითხავთ, რომლის ნამღერითაც თითქოს, ჟიურის ყველა წევრი აღფრთოვანდა, მაგრამ წითელი ღილაკისთვის ეკა კახიანს რომ არ დაეჭირა ხელი, ბიჭუნა პროექტს მიღმა დარჩებოდა...

- მე მისი ნამღერით არ აღვფრთოვანებულვარ და აღვნიშნე კიდეც: შეიძლება, ეს ბავშვი "ახალი ხმა" გახდეს, მაგრამ ეს ხმა ძალიან ძველია-მეთქი. როცა ვუსმენდი, მეგონა, დიდი ბიჭი მღეროდა, შემოვტრიალდი და პატარა დავინახე. ეს ეგზოტიკა იყო! მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკურსანტი ხალხს მოსწონს, დიდ სცენაზე მის მომავალს ვერ ვხედავ, რადგან ის უკვე დიდი კაცივით მღერის. ეს სტილი მოდური მამაჩემის ახალგაზრდობაში იყო და არ ველოდი, ხალხს ასე თუ მოეწონებოდა. თუკი უგემოვნო და "უსმენო" ვარ, ჩვეულებრივი მსმენელები კი - პროფესიონალები არიან, მათ გაუმარჯოთ!.. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი შემებრალა, ვინც პროექტიდან "გავარდა". ვიცი, ხალხს მაშინ ვუყვარვარ, როცა იმას ვაკეთებ, რაც მათ მოსწონთ, მაგრამ როცა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა, ფიქრობენ, რომ ცუდად ვიქცევი. არადა, ღმერთმა იცის, რომ ყველასთან მართალი ვარ...

- სხვა ქართულ მუსიკალურ პროექტებს თუ უყურებთ?

- ბევრ პროექტს ვუყურებ. მგონი, საქართველოში უფრო მეტი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, ვიდრე მათი მიღების, შეფასების "გამოკვების" საშუალება გვაქვს. ამდენი ნიჭიერი ბავშვი სად "წავიღოთ", რაში გამოვიყენოთ, არ ვიცით.

- არსებობს მუსიკალური ჟანრი, რომელშიც არასოდეს იმუშავებთ?

- ბავშვობაში ბებიას და ბაბუას იმერეთში, ყოველ შაბათ-კვირას ვსტუმრობდი. გზად, რომელიმე "ზავიდენიეში" ღვეზლის საყიდლად შესულს სულ ფანოღური სიმღერები მესმოდა. დავინტერესდი, - ასეთი სიმღერები მხოლოდ ამგვარ დაწესებულებებში რატომ არის-მეთქი? - შვილო, ეს გოიმობააო, - მშობლებმა ამიხსნეს. დღეს ასეთ სიმღერებს ტელევიზიებში, რადიოებში "ატრიალებენ"! ამას წინათ, ტელეგადაცემას ვუყურებდი, სადაც შესაბამის სამოსში გამოწყობილი "ქსოვრელები" ტივზე ისხდნენ, მღეროდნენ, თან - მწვადს წვავდნენ. ეს ერთმანეთს ისე ორგანულად ერწყმოდა, რომ დავფიქრდი, - მათთან ყოფნა მერჩივნა თუ მაგალითად, ბელგიაში, ელექტრონული მუსიკის ზეიმზე? ჟანრი ჟანრად არ ჩამოყალიბდებოდა, თუკი მასში გენიოსები არ იმუშავებდნენ. მაგალითად, რეგეი არ მომწონს, მაგრამ ბობ მარლი მიყვარს. ფანოღშიც იყვნენ მაგარი ტიპები, მაგრამ დღეს აღარ არიან. ფოლკლორი უნდა გვქონდეს, რადგან ის ჩვენს იდენტურობას და თვითმყოფადობას უსვამს ხაზს, მაგრამ თანამედროვეობასაც აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი; რადგან ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ, კარგად და გემოვნებით უნდა ვაკეთებდეთ იმას, რაც დღეს მთელ მსოფლიოს მოსწონს.

- რადგან ჩვენი საუბრის ძირითადი თემა გემოვნება გახლავთ, თქვენს იმიჯზეც გვითხარით რამე...

- 1998 წელს თმა შევიღებე, ეს კი მაშინ სკანდალური ნაბიჯი იყო! როკის სტილში რომ მემღერა, სხვანაირად ჩავიცვამდი, მაგრამ მე არენბის ვმღეროდი, "ბოის თუ მენს", "ქეისი და ჯოჯოს" ვუყურებდი. ძალიან მომწონს "ჯამიროქუაის" სოლისტის ქუდები, მაგრამ მე ასეთ ბუმბულებიან ქუდებს ვერ დავიხურავ.

- წიგნებს თუ კითხულობთ?

- დიდი ხანია, ლიტერატურული ნაწარმოები არ წამიკითხავს. დამცინიან - ინტერნეტს არ აღიარებო; რა ვქნა, "ტელევიზიის კაცი" ვარ. ერთხელ ავიაინდუსტრიის წარმომადგენელს ვესაუბრებოდი. მისი სფეროდან ისეთი დეტალები ვიცოდი, რომ თანამოსაუბრეს გაუკვირდა, - საიდან იციო? - "დისქავერს" ვუყურებ და ინტერნეტიდანაც ბევრ ინფორმაციას ვიღებ-მეთქი... ფილმზე - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" "ჭკუა მეკეტება"! არადა, წიგნის ავტორმა პროტესტი გამოთქვა, - ფილმი ცუდად გადაიღესო. დღეს ადამიანისთვის კომფორტის შექმნას ცდილობენ და ჩვენ მათი "მძევლები" ვხდებით... როგორ ფიქრობთ, - ტელევიზიის ჟურნალისტი უფრო მეტად პრესტიჟულია თუ პრესის?

- ალბათ ინფორმაციას და მისი გადმოცემის ხარისხს გააჩნია.

- მაგრამ პრესაში ბევრ უსიამოვნო რაღაცას ვკითხულობ. მაგალითად, ის ინფორმაცია, რომელიც "დისქავერზე" მქონდა მოსმენილი, ქართულ ჟურნალში დამახინჯებულად დაწერილი წამიკითხავს. ქართველ ტელეჟურნალისტებზეც იმავეს თქმა შემიძლია: როგორც მე "ვაკეთებ" ცუდ მუსიკას, ისეთივე ცუდი ჟურნალები და ტელევიზიები გვაქვს.

- მიიჩნევთ, რომ ცუდ მუსიკას ქმნით?

- დიახ, რადგან ამერიკელები და ევროპელები გაცილებით უკეთესს "აკეთებენ"!

- საქართველოში თქვენ მიერ შექმნილ მუსიკაზე უკეთესს ვინ "აკეთებს"?

- არ მინდა, ქართველებს შორის მაგარი ვიყო - ეგ ეტაპი გავიარე. ბევრი კოლეგა მყავს და უკეთეს მუსიკას ხან ისინი "აკეთებენ", ხან - მე, მაგრამ ერთ დონეზე ვართ... ამ თვალსაზრისით, უცხოელები ჩვენზე მაღლა დგანან.

- დათო, შვილების გემოვნების ჩამოყალიბებაზე როგორ ზრუნავთ?

- მიმაჩია, რომ ზოგადად, ქართველები ცუდი მშობლები ვართ. ვცდილობთ, შვილებს დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ მივცეთ და სხვა ერის წარმომადგენლებს დავცინით, - 18 წლის მერე, შვილებს სახლიდან აგდებენო. ქართველი მშობელი შვილს ცხოვრების ბოლომდე უკან დასდევს; თავად რაღაც რომ დააკლდა, ამას შვილში "დებს". ჩემთან მოსული ბავშვების მშობლების 90%-ს თავის დროზე სიმღერა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და ახლა შვილებზე ზრუნავენ, პედაგოგებთან დაჰყვებიან... ხანდახან ზედმეტი მოსდით. მშობლების საქციელის გამო, შვილები დამოუკიდებლობას ვერ ეჩვევიან და მარტო დარჩენილები, უსუსურები არიან.

არ ვამბობ, რომ ძალიან ავადმყოფი საზოგადოება ვართ, მაგრამ ბევრ რაღაცაზე არასწორად ვფიქრობთ და განსხვავებული აზრის მიღება გვიჭირს. უფროსი შვილისთვის, რომელიც 12 წლის გახლავთ, კერპი ვარ. ზედმეტად ცდილობს, თავი მომაწონოს და რაც მე მომწონს, ის მოიწონოს. ამაზე ვჩხუბობთ ხოლმე. მეუბნება, - შენ მომწონხარ, მაგარი მამიკო ხარო! იმდენად ბევრი რჩევა მივეცი, რომ დარწმუნებული ვარ, მიუღებელს არაფერს ჩაიდენს. ალბათ ისეთი იქნება, როგორიც მინდა რომ იყოს, რადგან შესაბამის გარემოში ვზრდი. მამასთან ასეთი პრობლემა მქონდა: სიმღერა რომ ავირჩიე, მეკითხებოდა, - ჟურნალისტიკა აღარ გინდაო? კონსერვატორიაში ხომ არ ჩავაბაროთო? ბოლოს ვუთხარი, - ცოლიც ერთად ხომ არ შევირთოთ-მეთქი? ყოველთვის გვერდში მედგა. ვეუბნებოდი, - მარტო დამტოვე, რადგან ოდესმე პრობლემის წინაშე მარტოც აღმოვჩნდები-მეთქი. ეს ამბავი შვილებთან მოყოლილი მაქვს და იმედია, მათ ყველაფერზე საკუთარი აზრი ექნებათ. შეიძლება, მათი შეხედულება ჩემსას დაემთხვეს, მაგრამ როცა საწინააღმდეგოს იტყვიან, მინდა, არგუმენტებით ახსნან, თუ რატომ ფიქრობენ ასე...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება