მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა 1500 კილომეტრი იფრინა

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა 1500 კილომეტრი იფრინა

შვეიცარიის პოლიტექნიკური სკოლის სპეციალისტების მიერ შექმნილმა და მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა მორიგი რეკორდი დაამყარა. 1541 კმ-იანი გადაფრენა Solar Impulse-მა ამერიკის ტერიტორიაზე, ფენიქსიდან დალასში შეასრულა.

ფრენის მაქსიმალურმა სიმაღლემ 8200 მ, საშუალო სიჩქარემ კი - 84 კმ/სთ შეადგინა. პილოტი პროგრამა Solar Impulse-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანდრე ბორშბერგი იყო.

ექსპერიმენტული თვითმფრინავის შექმნის პროექტი შვეიცარიელმა ბიზნესმენმა და მილიონერმა ბერტრან პიკარმა დააფინანსა. ჰაერში საფრენად ის მხოლოდ მზის ენერგიას მოიხმარს.

Solar Impulse-ს ფრთები მზის ელემენტებით არის დაფარული. საფრენი აპარატის სიგრძე 21,8 მ, ფრთის გაქანი კი - 63,4 მ-ია. აპარატს ოთხი ძრავა აქვს და ის მხოლოდ 1588 კგ-ს იწონის. ჰაერში ის პირველად 2009 წლის 3 დეკემბერს აფრინდა.

პირველი რეკორდი უჩვეულო თვითმფრინავმა 2010 წლის 7-8 ივლისს დაამყარა, როდესაც მიწაზე აფრენიდან 26 საათის შემდეგ დაეშვა. ფრენის მაქსიმალურმა სიმაღლემ 8700 მ შეადგინა, რაც მზის ელემენტებიანი აპარატებისთვის რეკორდია. მის ფრთებზე განლაგებული 12 ათასი მზის ელემენტი მიღებული ენერგიის ნაწილს აკუმულატორებს გადასცემს. ეს ენერგია ღამით საფრენად სავსებით საკმარისია. თეორიულად Solar Impulse-ს ჰაერში ყოფნა შეუზღუდავად შეუძლია.

უახლოეს მომავალში პიკარი ჯერ ტრანსატლანტიკური ფრენის, შემდგომ კი დედამიწის გარშემო მოგზაურობასაც გეგმავს. ამისთვის ის მეორე Solar Impulse-ს აშენებს. მისი ფრთის გაქანი 80 მ-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერ A380-ის ანალოგიურ პარამეტრს აღემატება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე