ნინოს "შავი გედი" და 14 წელი პუანტებსა და აბრეშუმის "ლენტებთან" ერთად

ნინოს "შავი გედი" და 14 წელი პუანტებსა და აბრეშუმის "ლენტებთან" ერთად

საერთაშორისო კონკურსი ბალეტში, სახელწოდებით - "Riga Spring-2013" უკვე IX გაზაფხულია, რიგის " Moscow house"-ში ტარდება და ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიება გახლავთ. ის ქართველებისთვის წელსაც წარმატებული აღმოჩნდა. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა - ნინო სამადაშვილმა და ერიკ ბურომ რიგიდან თბილისში ორი პირველი პრემია (კლასიკური და თანამედროვე ცეკვის შესრულებისთვის) და სპეციალური პრიზი ჩამოიტანეს... ნინო სამადაშვილს, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამომავალი ვარსკვლავია, თბილისში დაბრუნების შემდეგ შევხვდი.

- ნინო "გედების ტბიდან" შავი გედის გასახიერება საბალეტო სამყაროში პატივად მიიჩნევა... არადა, როგორც ვიცი, მხოლოდ 20 წლისა ხარ...

- დიახ, 20 წლისა ვარ და 14 წელიწადია, ვცეკვავ.

- ცეკვავ მსოფლიო დონის ბალერინას, ნინო ანანიაშვილის თეატრში...

- დიახ, გამიმართლა, რომ ასე მოხდა. წარმოიდგინეთ, მაქვს შესაძლებლობა, ყოველი სამუშაო დილა ნინო ანანიაშვილის გვერდით კლასიკის რეპეტიციებით დავიწყო. ის ჩვენთან, დასთან ერთად, ყოველდღიურად ვარჯიშობს. არ არის საჭირო სადმე წასვლა, უცხო ქვეყანაში გადაკარგვა, დიდი ხელოვნის მოსაძებნად, ის აქვეა. სიმართლე გითხრათ, მის გვერდით ისე აღარ ვღელავ, როგორც ეს სკოლაში ყოფნის დროს მემართებოდა ანუ სულის შეხუთვამდე აღარ ვნერვიულობ. ნინო ჩვენთან ურთიერთობისას ძალიან უშუალოა, მაგრამ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მის გვერდით ყოფნას მოაქვს, არასდროს მაძლევს მოდუნების საშუალებას.

- შეგიძლია თქვა, რომ ნინო ანანიაშვილი შენი კოლეგაა?

- არა, არა, ამას თამამ ფიქრშიც ვერ გავბედავ. ის ძალიან დიდია!

- ერიკზე რას გვეტყვი?

- ერიკ ბურო კანადელია, 24 წლის გახლავთ. ჩვენს თეატრში ის ნინოს სახელმა მოიყვანა. სხვა ქვეყნებიდანაც (ინგლისი, იაპონია...) გვყავს ბალერონები, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენს თეატრს ბალერონების პრობლემა აღარ აქვს... რიგაში ერიკთან ერთად წასვლა ბოლო მომენტში გადაწყდა, რადგან ჩემმა პარტნიორმა ფეხი დაიზიანა და ცეკვას ვერ შეძლებდა. ერიკი კარგი ბიჭია. მასთან ურთიერთობა იოლია. თან მშვენივრად ცეკვავს. შესანიშნავი პარტნიორობა გამიწია, ეს შედეგმაც გვაჩვენა.

- ნინო, ბალერინობა როდის და რატომ გადაწყვიტე?

- 6 წლის ვიყავი, როცა დედამ პიონერთა სასახლეში ბალეტის წრეზე მიმიყვანა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, მაგრამ სიხარულით წავყევი, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარდა. დედამ ალბათ ჩემი აღნაგობისა და ცეკვის დიდი სიყვარულის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. სასახლეში ოთხი წელი გავატარე, სადაც შემიყვარდა სცენაც, პუანტებიც და აბრეშუმის "ლენტებიც"... იქვე გადაწყდა, რომ ბალეტს აღარასოდეს ვუღალატებდი. 10 წლისამ სწავლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავაგრძელე. პირველი გასტროლი იტალიაში, სწავლის პერიოდში მქონდა. მაშინ ნინო ანანიაშვილმა თავის დასთან ერთად მეც წამიყვანა. იქ გავიგე, რისთვის სწირავს მოცეკვავე პირად ცხოვრებას, ამასთან, ყველა სხვა ადამიანურ სურვილს ბალეტს და რომ ბალერინას შრომის ლოგიკური შედეგი მაყურებლის ოვაციაა... ოვაციებს ნინოს უმართავდნენ, მე კი ჩვენს დასთან ერთად, სცენაზე ვიდექი და მაჟრიალებდა...

- 18 წლისა ჩვენი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობი გახდი... გამოდის, რომ თინეიჯერობა სარეპეტიციო დარბაზში გაატარე...

- დიახ, სარეპეტიციო დარბაზში გავატარე იმისთვის, რომ შემდეგ სცენაზე მეცეკვა. ბალერინას შრომა არასდროს იწყება და მთავრდება, ეს მუდმივი დახვეწის, ძიების პროცესია და ამას სხვაგვარად ვერ შეძლებ, თუ შენს საქმეზე შეყვარებული არ ხარ. სწორედ ეს სიყვარული გაიძულებს, უარი თქვა მეგობრებთან ერთად ბარში წასვლაზე, დაიძინო თავის დროზე, გაიღვიძო ადრიანად, მიირთვა ის საკვები, რომელიც სულაც არ გიყვარს, მაგრამ ძალას გმატებს; მოიკლო ბევრი ადამიანური ცდუნება... არ იფიქროთ, რომ ახლა ვწუწუნებ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ბოლოს ის ერთი დღე გადაწონის ხოლმე, როდესაც საკუთარ ნაშრომს მაყურებლის წინაშე გამოიტან. ბედნიერების განცდა იმდენად ხელშესახებია, რომ მის ფონზე სხვა ყველაფერი ფერმკრთალდება... რა მოსატანია, მაგრამ ხინკალსა და ცხელ ხაჭაპურზე გამუდმებით უარს ამბობ, კინოში გოგონებთან ერთად სიარული, ჭორაობა, სიცილი ან ამხანაგის დაბადების დღეზე წასვლა...

- მეორე წელიწადია, დასში ცეკვავ და როლებიც საკმაოდ დააგროვე. "გედების ტბამდე" რა იყო?

- თეატრში ჩემი პირველი სოლო პარტია "დონ კიხოტში" ვარიაცია იყო და ნელ-ნელა მომემატა როლები - იურა პოსოხოვის ორ დადგმაში სოლო პარტიები შევასრულე. ერთი დადგმა "ანარეკლი" გახლავთ და მეორე "საგალობელი" მეორე რიგის კონკურსის გამარჯვებული თანამედროვე ცეკვაში. ამის გარდა ვიცეკვე: რატმანსკის ბიზეს ვარიაციებში, "მაკნატუნაში", "ჟიზელის" "ვილისებში", გოგი ალექსიძის "ფრთებში", ეშტონის "დღესასწაულში", საშა ევთიმოვას "საიდუმლო ბაღში". ამ როლებს კი მოჰყვა "გედების ტბა" და მიხარია, რომ მან წარმატება მომიტანა. პა დე დეს შესრულება რთული ილეთია ტექნიკური თვალსაზრისით. მასში ემოციური და ტექნიკური სირთულეები ერთად არის თავმოყრილი. გარდა იმისა, რომ კლასიკურ ჩარჩოს უნდა მოერგო, შენი დამოკიდებულებაც უნდა შემატო.

- და იმისთვის, რომ ეს გამოვიდეს, დღეში რამდენი საათი უნდა იმუშაო?

- რაც თეატრში მივედი, დილის 11-დან საღამოს 8-9 საათამდე დარბაზში ვარ.

- ალბათ უკვე გაქვს რჩეული დღეები, რომელიც შენს საბალეტო კარიერას უკავშირდება.

- ჩემი კარიერიდან უკვე მაქვს თვე და სამი დღე, რომელიც თერთმეტ წარმოდგენასა და ერთ სოლო კონცერტს მოიცავს, რომელსაც როგორც დიდ ბედნიერებას ისე ვიხსენებ... ახლა იაპონურ გასტროლებზე მოგახსენებთ: შარშან ზაფხულს, ნინო ანანიაშვილმა იაპონელებს ტოკიოში თავისი გასაოცარი "გედების ტბა" ჩაუტანა... იაპონიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ხალხის, გარემოს, ქვეყნის, მათი კულტურისა და ნინოს ერთობლივი დამსახურება იყო. იმდენი სიახლით, შთაბეჭდილებით, უცხო ქვეყნის კულტურით, მათი ჩვევებითა და დამოკიდებულებით გაოგნებული და გაბრუებული აღმოვჩნდი. იაპონელები სამი საათი იცდიდნენ, რომ ნინო კიდევ ერთხელ დაენახათ წარმოდგენის დასრულების შემდეგ, - ორი წუთით მაინც, სანამ თეატრიდან გამოვიდოდა და მანქანაში ჩაჯდებოდა. არც ასეთი ხანგრძლივი ტაში მინახავს სადმე და არც იმდენი ცრემლი...

- არც ისეთი ძვირად ღირებული ბილეთები, არა?

- დიახ, ბილეთები მართლაც ძვირი ღირდა. ფასი 100 ევროდან იწყებოდა, მაგრამ დარბაზში ერთი ადგილიც არ იყო თავისუფალი. ჩვენთან ბილეთის ფასი 5 ლარით იწყება და თუ სპექტაკლი ძალიან გაპიარებული არ არის, მაყურებელი დარბაზში თითქმის არ არის. იმას არ ვამბობ, რომ ნინო ცარიელ დარბაზში ცეკვავს, მაყურებელი ყოველთვის ჰყავს, მაგრამ იმდენი არა, რასაც იმსახურებს... იცით, ნინოს არ სჭირდება დამატებითი ტაში, რომ გაიგოს, რას წარმოადგენს. მგონია, რომ თუკი ჩვენი მაყურებელი ხელიდან უშვებს ასეთ ხელმისაწვდომ ბედნიერებას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს იზარალებს...

- ნინო, შეიძლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ?

- თუ ვინმეს აინტერესებს, კი ბატონო...

- ასეთ ახალგაზრდა გოგონას, ასეთი დიდი მიზნები რომ გაქვს, თუ გიოცნებია იმაზე, რაზეც შენი კბილა გოგონები ოცნებობენ - მაგალითად, პრინცზე, რეალური ცხოვრებიდან?

- დიახ, მეც ვოცნებობდი. ახლა აღარ ვოცნებობ იმიტომ, რომ უკვე სამი წელიწადია, ვიპოვე, თუ თავად მიპოვა... ახლა იმაზე ვოცნებობ, რომ დრო ვიპოვო მასთან ურთიერთობისთვის. ძალიან მეხმარება... თავადაც ძალიან დაკავებული ადამიანია, მაგრამ ითვალისწინებს ჩემს დაძაბულ გრაფიკს... ზოგჯერ დღე ისე გაივლის ხოლმე, რომ მხოლოდ ორი წამით თუ ვახერხებ რეპეტიციიდან დაველაპარაკო... საღამოს კი ისეთი დაღლილი ვარ, ჩემთან არის, მაგრამ ვხვდები, რომ აუცილებელია დავიძინო, დილით რომ ძალა მქონდეს... კარგი განცდაა, - ყველა ჩემი პრობლემა, სურვილი, ოცნება მისიცაა... გამიმართლა, თემო საჯაიას რომ შევხვდი.

- რომელიც პოპულარული მომღერალია...

- ესეც მახარებს, რომ ის პოპულარულია, ნიჭიერი და ასეთი ერთგული. დედა და თემო რომ არ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი, ამდენ ძალას სად ვიპოვიდი?

- წარმატებებს გისურვებ მშვენიერების გზაზე და იმედი მაქვს, შენი უფრო დიდი წარმატებების მემატიანეც გავხდები.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება