ტატიანა ივანოვა პროფესიით მხატვარია, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 18 წლისამ სამხედრო სამსახური აირჩია. სიყვარულიც სწორედ ჯარში იპოვა, დაქორწინდა და ვაჟიც ჰყავს. 2008 წელს იძულებული გახდა სამხედრო სამსახური დაეტოვებინა.
- სამხედრო სამსახურს 18 წლისა შევუდექი. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში საქართველოში რა რთული ვითარება იყო, ჩემი მეზობლები ჯარში მსახურობდნენ და გადავწყვიტე მეც მათთან მემუშავა. ქვეყანას ჩვენი თანადგომა სჭირდებოდა, ჯარიც მაშინ ყალიბდებოდა. მიწევდა ღამეების თენება, ყაზარმულ რეჟიმში ცხოვრება.
- ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა გოგო როგორ გაგიშვეს სამხედრო სამსახურში?
- ჩემი მეზობელი იყო ნაწილის უფროსი, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახიდან წინააღმდეგობა არ მქონია. ბევრი გოგო არ იყო მაშინ ჩვენს ნაწილში, მე ვიყავი ყველაზე პატარა და ყველა კარგად მექცეოდა. 2006 წელს წავედით ერაყში, ბაღდადში, დედას ეს არ უნდოდა, მაგრამ მაშინ ყველა ვფიქრობდით, რომ საქართველოსთვის კარგ საქმეს გავაკეთებდით, შევიდოდით ნატოში... ერაყში მწვანე ზონაში ვმსახურობდი, სადაც შედარებით სტაბილური მდგომარეობაა და მცხოვრებლების შესვლა-გამოსვლა კონტროლდება. აქ ძირითადად ამერიკელების მიერ აგებული ზონებია, ქართველი სამხედროები სწორედ მათ ვეხმარებოდით, იქვე იყო გაეროს გენერალური შტაბიც. 6 თვე ვიმსახურე ბაღდადში, მეორე მისიის დროს კი ალკუტში გამგზავნეს. იქ არავის სიცოცხლე არ არის დაზღვეული, დიდია დაღუპვის რისკი, მაგრამ ქართველი სამხედროები კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. დაჭრილი ჯარისკაცები ერაყიდან გერმანიის ჰოსპიტალში გადაჰყავდათ, მეც თან დავყვებოდი მათ. როგორც მოკავშირე ოფიცერს, გარკვეული ხნით გერმანიაში დარჩენამ მომიწია, შემდეგ კი ამერიკაში გადავედი მეუღლესთან ერთად.
- მომავალი მეუღლე ერაყში ყოფნისას გაიცანით?
- ჩემი მომავალი მეუღლე ბესიკ ბალახაძე ერაყში მსახურობდა, დაიჭრა და სწორედ მე დამევალა მისი ამერიკულ ჰოსპიტალში გადაყვანა. ის ნაღმზე აფეთქდა და ფეხი დაკარგა. შედარებით კარგ პროთეზებს სწორედ ამერიკის ჰოსპიტალში აკეთებენ და ამიტომაც გადავიყვანეთ ამერიკაში. მაშინ ჩვენს შორის არანაირი გრძნობა არ ყოფილა, არც გვისაუბრია ამაზე. 2008 წელს საქართველოში დაბრუნებამ მომიწია, დედაჩემი მძიმედ იყო ავად და ამის გამო მომიხდა სამსახურის დატოვება. მაშინ საკონტრაქტო სამსახური არ არსებობდა და ამან მიშველა. სწორედ საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ შეყვარებული ვიყავი, თურმე მასაც მოვაკლდი. სწორედ ამის შემდეგ შევუღლდით. გვყავს 3 წლის ვაჟი გიორგი, რომელიც ხან საქართველოშია, ხანდახან კი ჩვენთან ჩამოგვყავს ამერიკაში. არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმას, რასაც მე განვიცდი ჩემს შვილთან დაშორებით. სულ მენატრება, მაგრამ სამწუხაროდ, არ შემიძლია ერთდროულად ბავშვსაც მივხედო, მეუღლესაც და სამსახურშიც ვიყო. ჩემი მეუღლე გიორგობას აფეთქდა ნაღმზე და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. სწორედ წმინდა გიორგის პატივსაცემად დაარქვა ბავშვს ეს სახელი.
- ამერიკაში რას აკეთებთ ახლა?
- სამედიცინო ასისტენტი ვარ. სამწუხაროდ, ქართველ სამხედროებს არ აქვთ სათანადო დაფასება და ყურადღება საქართველოს მხრიდან. როცა ჩემი მეუღლე ნაღმზე აფეთქდა და ფეხი დაკარგა, მხოლოდ 35-ლარიანი პენსია დაუნიშნეს. მიზეზი ის იყო, რომ ერაყში მეომარი ჯარისკაცი ვეტერან მეომრად არ ითვლება. გული დამეწვა, როცა ვნახე, რა დღეში არიან ჩვენი ბიჭები, მათ დაფასება და მოვლა სჭირდებათ. ჩვენ მეგობრების დახმარებით წამოვედით ამერიკაში, მანდ რომ დავრჩენილიყავით, რა აზრი ექნებოდა? 2005 წელს სამხედრო ორდერი გადმომეცა, ელიას მთაზე სამხედროებს ფართობები გადასცეს, სადაც თავად უნდა აეშენებინათ სახლი, მაგრამ ამ ფართობსაც კი არ გვიმტკიცებენ და საკუთარი სახლიც არ გაგვაჩნია.
- არ გენატრებათ სამხედრო სამსახურში დაბრუნება?
- მიჩვევა იცის სამხედრო სამსახურმა. მე რომ წამოვედი, მაშინ ბევრი წამოვიდა ჩემთან ერთად, ზოგსაც დაატოვებინეს სამსახური. ზოგს გვარის გამო, ზოგს რუსეთში ჰქონდა სწავლება გავლილი და იმიტომ, რა მნიშვნელობა აქვს სად რას დაამთავრებ? ჩვენ ყველა საქართველოს სამსახურში ვიდექით. სამხედრო ფორმა მაქვს წამოღებული ამერიკაში, ხანდახან გულში ჩავიკრავ და ვკოცნი, ისე მენატრება ჯარი.
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)