მედეა კუჭუხიძე - "მე ხომ პროფესიონალი ვარ და პროფესიონალები არ სჭირდებათ"

მედეა კუჭუხიძე - "მე ხომ პროფესიონალი ვარ და პროფესიონალები არ სჭირდებათ"

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორი მედეა კუჭუხიძე სპექტაკლს დგამს. ამჯერად ის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრში მსახიობებთან გადის რეპეტიციებს. ჰოფმანის "პატარძლის ამორჩევა" მაყურებლის წინაშე თეატრალური სეზონის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ...

- თეატრალურ ოჯახში არ დავბადებულვარ. ჩემმა ბავშვობამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაიარა და მაშინ წარმოდგენა არ მქონდა თეატრზე. ეგ კი არა, სათამაშოებიც არ გვქონდა. დღემდე მაქვს შემორჩენილი ის უკმარისობის შეგრძნება და ლამაზ სათამაშოს რომ დავინახავ, სულ მინდა, ვიყიდო, თუმცა ირგვლივ პატარა არავინ მყავს (იღიმის).

ომი რომ დამთავრდა, მერე უკვე დავყავდით თოჯინების, ოპერისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. სკოლაში სწავლის პარალელურად, პიონერთა სასახლეში დრამწრეში არ მივლია, იქ მხოლოდ მათემატიკისა და ქიმიის წრეზე დავდიოდი. ერთი სიტყვით, იმ დოზით "მივიღე" თეატრი, როგორც ჩვეულებრივმა მაყურებელმა, თუმცა ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ფაქტობრივად, მოსწავლეობის დროს მსოფლიო დრამატურგია და თეორიული ნაშრომების დიდი ნაწილი უკვე წაკითხული მქონდა. მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, რადგან ვფიქრობ, თეატრი უწინარესად მსახიობს ეკუთვნის. სკოლა მედალზე დავამთავრე და თეატრალურ ინსტიტუტში მივედი, მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტზე არ მიმიღეს. წამოვედი და საბუთები უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე, თუმცა თეატრზე ისევ ვფიქრობდი და იქაც კი საკურსო თემად ბერძნული თეატრი ავირჩიე.

საერთოდ, მე მჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ ასე შევხვდი რეჟისორ მერაბ ჯა­ლიაშვილს. იმ პერიოდში ტელევიზია ახალი დაარსებული იყო და თეატრალური ინსტიტუტიდან, ახალდამთავრებული რეჟისორების დიდმა ნაწილმა მუშაობა ტელევიზიაში დაიწყო. მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე ხუთ წელი­წადში ერთხელ იყო მიღება. მერაბს საერთო ნაცნობების წრეში ვხვდებოდი. შემომიჩნდა და მირჩევდა, სარეჟისოროზე ჩამებარებინა. მეც უნივერსიტეტს თავი დავანებე და თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. გამოცდაზე სამსახიობო უნარ-ჩვევებსაც ამოწმებდნენ. კომისიაში ისხდნენ გენიოსები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ჯგუფს ვასო ყუშიტაშვილი იყვანდა. ჩემს ეტიუდს აპლოდისმენტები მოჰყვა. ხორავამ დაიძახა, გილოცავთ, ხალხო, მეორე მაკო საფაროვა დაიბადაო.

- რა ეტიუდი შეასრულეთ?

- იმ დღეს დიმიტრი ალექსიძემ ყველას ტრაგიკული ხასიათის ეტიუდები მოგვცა. დავალების მიხედვით, ვითომ მეგობარმა ავადმყოფი ბავშვი დამიტოვა. სანამ ის დაბრუნდება, მე აღმოვაჩენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მალიკო მრევლიშვილმა ქოლგა მომაწოდა, გავახვიეთ, ვითომ ბავშვი იყო. იმ პერიოდში ყველა ცოცხალი მყავდა, ასე ვთქვათ, სიკვდილი ახლოს არ მინახავს, მაგრამ ეს განცდა მაინც გადმოვეცი. ერთი სიტყვით, ჩემმა ეტიუდმა დადებითი შეფასება მიიღო. მაშინ, დღევანდელი დღისგან განსხვავებით, თეატრალურ ინსტიტუტში საუკეთესო სპეციალისტები ასწავლიდნენ. მაგალითად, ჩვენი მეტყველების პედაგოგი სერგო ზაქარიაძე იყო. რაც შეეხება ვასო ყუშიტაშვილს, ჯერ ის იყო ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი და შემდეგ მიხეილ თუმანიშვილი.

- იმ პერიოდში მსახიობებსა და რეჟისორებს თეატრებში ანაწილებდნენ. თქვენ სად მოხვდით?

- იმ ადგილას, სადაც ახლა მოზარდ მაყურებელთა თეატრია, სანკულტურის თეატრი, ანუ სანიტარული თეატრი ფუნქციონირებდა. ის არა კულტურის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. სპექტაკლები ამავე თემაზე იდგმებოდა და დაწყების წინ, დარგის სპეციალისტები, ექიმები, ლექციებს კითხულობდნენ.

ვასო ყუშიტაშვილი დიდი პიროვნება იყო. ქართველებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ცუდი თვისება უმადურობაა. ამ ადამიანსაც ასე მოექცნენ. ამ დიდმა რეჟისორმა ფრანგ რეჟისორ შარლ დიულენთან ერთად პარიზში დააარსა თეატრი "ატელიე". ეს არის ადამიანი, რომელმაც რუსეთის საზღვრებს გარეთ პირველმა გაიტანა ჩეხოვის პიესები და დადგა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან მრავალი წელი გაატარა საზღვარგარეთ და საქართველოში რომ დაბრუნდა, არა მხოლოდ მარჯანიშვილის თეატრში, არამედ ყველა ქალაქის თეატრში იმუშავა, მათ შორის ზუგდიდის თეატრში. ერთხელ შემხვდა და მითხრა, სანკულტურის თეატრში სპექტაკლს ვდგამო. მალე ამავე თეატრში დირექტორად დანიშნეს ყოფილი მსახიობი ვახტანგ ჯანხუტაშვილი. მან მიშა თუმანიშვილს სპექტაკლის დადგმა სთხოვა. მიშა მაშინ თავისი წარმატებული კარიერის ზენიტში იყო, არ ეცალა და შესთავაზა, თეატრში მე მემუშავა. მაშინ მეოთხე კურსზე ვიყავი და ჩემი წინასადიპლომო სპექტაკლი სანკულტურის თეატრში დავდგი, ამას იქვე მოჰყვა სადიპლომო სპექტაკლიც. იმავე პერიოდში რამდენიმე მსახიობმა ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით მარჯანიშვილის თეატრი მიატოვა და სანკულტურის თეატრში მოვიდნენ. სპექტაკლი მათთან ერთადაც დავდგი. მაშინ შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ოთარ მეღვინეთუხუცესთან.

ერთ დღეს დამიბარა კულტურის მინისტრმა თენგიზ ბუაჩიძემ და მკითხა, საქართველო თუ გიყვარსო? რასაკვირველია, დავეთანხმე. ჰოდა, ახლა შენს სამშობლოს ყველაზე მეტად სოხუმში სჭირდები და სამუშაოდ სოხუმის თეატრში უნდა წახვიდეო. უარი ვერ ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი მყავდა, სოხუმში მაინც წავედი. იქ დიდხანს არ დავრჩენილვარ. ხრუშჩოვმა თეატრებს დოტაციები მოუხსნა და ისინი მხოლოდ შემოსავალზე დარჩნენ. სოხუმი საოცრად არათეატრალური ქალაქი იყო. ალბათ ეს ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ, ისე ვშიმშილობდით, თითქმის ყველა დაავადდა. ეს სიტუაცია მხოლოდ სოხუმში არ ხდებოდა, სხვა თეატრებშიც ბევრი გახდა ავად. ამის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის რექტორმა ილია თავაძემ სოხუმიდან თეატრალურ ინსტიტუტში გადმომიყვანა. მაშინ რექტორებადაც, განსხვავებით დღევანდელი დღისგან, ჭკვიან და საინტერესო ადამიანებს ნიშნავდნენ. იმ დროს გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. 1964 წელს მან თეატრში "ანა ფრანკის დღიურის" დასადგმელად მიმიწვია, რომელშიც არიადნა შენგელაია მონაწილეობდა. ამ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად. ერთ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები დაესწრნენ, ქალბატონმა ვერიკომ დამავლო ხელი და თქვა, ძლივს ვნახე რეჟისორი, რომელიც კარელ ჩაპეკის "დედას" დამიდგამსო. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი სწორედ ეს იყო. იქ თითქმის ნახევარი საუკუნე გავატარე, მაგრამ დღევანდელ ხელმძღვანელობას მე არ ვჭირდები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება