26 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯგუფ "შინისა" და თბილისის სიმფონიურ ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. გემანიიდან დაბრუნებულმა "შინმა" ქართველ მსმენელს ახალ ალბომში -"არაჩვეულებრივ გამოფენა" ჩაწერილი სიმღერები წარუდგინა.
"არაჩვეულებრივმა გამოფენამ" ეთნოჯაზის სიმფონიური ორკესტრისა და თანამედროვე ბალეტის წარმოდგენები გააერთიანა. გია ყანჩელის, მაილს დევისის, მაიკ სტერნის, ხოაკინ როდრიგოს, ჯონ მაკლაფინის, რაჯ კაპურის და ქართული ხალხური მუსიკის მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები ჯგუფმა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა, რომელსაც ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტში კონსერვატორიის ვოკალურმა სექსტეტმაც მიიღო მონაწილეობა. საცეკვაო ნომრები კი ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასის წევრებმა შეასრულეს. სპეციალურად კონცერტისთვის მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები - თურქი ილიას მირზაევი, ბულგარელი - თეოდოსი სპასოვი და არგენტინელი დანიელ მესინა მოიწვიეს. კონცერტის რეჟისორი დავით დოიაშვილი იყო.
პროდიუსერ მარინა ბერიძის თქმით, თითოეული ადამიანი იგრძნობს, რომ ეს არის მისთვის შექმნილი მუსიკა.
"ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ახალი, თამამი ნაბიჯი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ალიანსი შედგა და მთავარი ალბათ ის არის, რომ, ეს არის ზაზა მიმინოშვილის "შინი" და ვატო კახიძე თავისი ორკესტრით, ასევე ნინო ანანიაშვილის ბალეტი და არის აბსოლუტურად ქართული და აბსოლუტურად ევროპული. ძალიან კარგი პერფორმანსი გამოვიდა და პრინციპში ეს ექსპერიმენტია. ასე მგონია, რომ თითოეული ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის მისთვის შექმნილი",- აცხადებს ბერიძე.
კონცერტის პროგრამაში კი ვკითხულობთ: "ჩვენ ვართ დიდი მუსიკალური პორტრეტების არაჩვეულებრივ გამოფენაზე! პროექტი პირველი: გია ყანჩელი. უჩვეულოა მართლაც ეს გამოფენა!
ერთის მხრივ ეს თითქოს გამოფენაა მუსიკის, ამავე დროს თითქოს ფილმია მუსიკაზე. არადა სინამდვილეში უბრალოდ მუსიკაა მაესტროს მუსიკაზე! ხოლო ურთიერთობა მასთან, როგორც შეუმდგარი საუბარი მამასთან, რომელიც გვერდზე არ გყავს. და ის მაინც ყოველთვის შენთანაა. ახლაც კი, აქ ჩვენ შორის! ჩვენ მოწვეულნი ვართ ტრაპეზზე, მუსიკის ტრაპეზზე. სუფრა გაშლილია - აქ, თბილისის პატარა ეზოში, რომელშიც თავისუფლად ეტევა მთელი სამყარო. ამიტომაც ნუ გაგაკვირვებთ სტუმრებს შორის მაილს დევისის, მაიკ სტერნის, ხოაკინ როდრიგოს, ჯონ მაკლაფინის, რაჯ კაპურის და სხვათა შეხვედრა - ოსტატის მუსიკა აერთიანებს დროებს, სამყაროებს. მაშ ასე, ყოველივე მზად არის - ძველი, კეთილი ქართული ღვინო და ღირსეული თამადა მხოლოდ ელოდებიან დასაწყისს...".
ჯგუფის ახალი ალბომის პრეზენტაცია-კონცერტზე 11 კომპოზიცია შესრულდა. კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. განმეორებითი კონცერტი კი 29 მაისს გაიმართება.
CD ალბომის შეძენა დღეიდან "ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებშია შესაძლებელი.