ოლესია თავაძე - ქალი, რომელიც ხატავს, წერს და ცხოვრობს

ოლესია თავაძე - ქალი, რომელიც ხატავს, წერს და ცხოვრობს

ოლესია მხატვარია. ხატავს, წერს და ცხოვრობს... ცხოვრობს წვერში - უკაცრიელ სააგარაკო ადგილას, იმერეთიდან გადატანილ ძველ ოდაში. შორს - ხმაურიანი, მტვრიანი ქალაქიდან. შორს - პოლიტიკისგან, ინტრიგებისგან, ჭორ-მართლისგან, უსაგნო ყოველდღიურობისგან. ახლოს - ბუნებასთან. ხატავს, წერს, ცხოვრობს იქ, სადაც ღვივის რაღაც ნაღდი, უტყუარი, სადაც ყველაფერი ხელუხლებელია, სადაც შეგიძლია დააკვირდე ყვავილის აღმოცენებისა და დაჭკნობის ციკლს.

შველი

სანამ სოფელი დაფუძნდებოდა, ჩვენს ოდას ვინ არ აკითხავდა: კურდღლები, მელიები, ტურები, ფოცხვერები მრავლად იყვნენ. შაშვები და კოდალები კი დღესაც შემოგვრჩნენ. ერთადერთი ეულად შველი მოდიოდა - შორიახლოს აჩრდილივით, ფრთხალად გაირინდებოდა და ისევ ქრებოდა. ნელ-ნელა ყველა გაიკრიფა და არც შველის გაუჩინარებას გავუკვირვებივარ.

მერე მითხრეს, ის შველი ჩემი მეგობრის მამას მოუკლავს.

ნეტავი არ იყოს მართალი.

იქ, ბუნებაში ყველა სულდგმული შენი ყურადღების, ზოგჯერ აღფრთოვანების, ზოგჯერ მზრუნველობის, ზოგჯერ სიყვარულის საგანად იქცევა, შენი თანამდევი ხდება. მერე აღარ ლაპარაკობ მომქანცველ, ამაო თემებზე, ავადმყოფობაზე, პოლიტიკაზე, სხვის ცხოვრებაზე. ფიქრობ გაშლილ სივრცეებზე, კაკლის ქარებზე, აბრიალებულ ყაყაჩოებზე, შინაბერა ძაღლებზე, ციცინათელებზე, ზანზალაკებიან ძროხებზე, შესაწირ ცხვრებზე, ფრთხილ ჩიტებზე, უიღბლო კატებზე...

მოსაუბრე

წარსულში - ხუთჭიდელი, დიდი ქვეყნის ჩემპიონი, საქართველოს ჯარის ოფიცერი, "სპეცნაზში" ნაომარი.

დღეს - ჯერაც ახალგაზრდა, ოთახში გამოკეტილი რუსი მამაკაცი მარტო ზის სავარძელში. ტელევიზორი, თვითონ და ...თუთიყუში. პატარა, ყვითელი თუთიყუში, ხმის გამცემი და მოტლიკინე.

კაცი კი მარტო იმას უცდის, როდის იტყვის: - З и н а  п р и ш л а!

იქ მარტოობაში, მეტად გაფორიაქებენ ისინი - გზას თუ ცხოვრებას, თუ ვიღაცეების მიერ დადგენილ მაგისტრალურ ხაზებს აცდენილები - ენთუზიასტები, ლტოლვილები, მათხოვრები, მოხუცთა თავშესაფარის მკვიდრები, ლოთები, რომანტიკოსები, ქურდები, მეძავები, წმინდანები ...

წვერში, ოლესია პასკუალინასთან და კუსკუსასთან - ორ ჭკვიანთვალება ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

- არ გეშინია?

- რისი?

- თუნდაც ნადირის.

- აქ თვინიერებაა.

- მარტოობის...

- ნაღდთან ვარ პირისპირ.

- სევდის...

- კი, ზოგჯერ მოგეძალება რაღაცნაირი სევდა და ხატვას მოგანდომებს.

- ახლობლების გარეშე?

- ხომ გითხარი, აქ მეტად იწმინდება, იწრიტება მიმართებები...

...ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა მეკითხებიან, როგორ ვძლებ ტელევიზორის ან ცხელი წყლის გარეშე, როგორ და ცივ წყალში ვხტები. მაღიზიანებს ახალგაზრდობის გამოტირება, გამოკიდება, ლეშის გაყინვის სურვილი ან გაუთავებელი შეკითხვა, რას ვჭამ? საჭმელი მთავარია მათთვის, ვინც ამ შეკითხვას სვამს... არც მე ვშიმშილობ, ოღონდ თევზისთვის და ხორცისთვის პირი არ დამიკარებია.

თევზი

ლამაზი, ჯიშიანი ქალი თავის პატარა გოგო-ბიჭს სადილს უმზადებდა, ლამაზად მოძრაობდა სამზარეულოს სივრცეში, საქმიანობის მოსაწყენი ყოველდღიურობა სანახაობად ექცია. ტარიანი ტაფა მსუბუქად შედგა ცეცხლზე, მაგიდას მიუბრუნდა, პარკიდან თევზები გადმოყარა. თევზები მკვახედ დაეცნენ მაგიდაზე. ქირურგიული მოძრაობით დიდი დანა მოიმარჯვა და ის იყო გამოფატვრა დაიწყო, რომ თევზები აფართხალდნენ. წუთით შეკრთა, თევზებიც შეკრთდნენ და ნელ-ნელა უკლეს ფართხალს.

ყოველთვის მოინახება ერთი უფრო არათევზი, უფრო ცოცხალი. იმ ერთმა, სულის ღაფვას მძლავრად კუდის ქნევა მოაყოლა, გაიზნიქა, შეხტა და ქალს ხელიდან გაუსხლტა. ქალის უცაბედ დაბნეულობას იერიში მოჰყვა - კუდში სტაცა ცალი ხელი, მეორე - დანის პირს ჩაავლო და ტარი ურტყა პიტდაფჩენილ თავში. თევზი იბრძოდა, პირს ჩქარ-ჩქარა აფჩენდა, ყოველი თავში ჩარტყმის მერე უფრო მწარდებოდა. ქალიც ეშხში შევიდა და ისეთი გამეტებით ურტყამდა დანის ტარს თავში, თევზს კბილები რომ ჰქონოდა დააყრევინებდა.

ქალმა დარტყმის სიჩქარეს და სიძლიერეს უმატა, გახურდა და ხელებში ჩამკვდარ თევზს უკვე ისე, სიხარულით ურტყამდა. შუადღე იყო, ბავშვებს ეძინათ.

- ჯაინისტი არა ვარ, ვეგეტარიანელი ვარ. რელიგიის მიმართაც ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ერთმა მონაზონმა მითხრა ერთხელ მამაჩემზე, თვითონაც არ იცოდა ღმერთი რომ სწამდაო. ძირითადად რელიგიის ფილოსოფიით ვარ დაინტერესებული. ვკითხულობ ფლორენსკის, ვოინო-იასენეცკის, რენე გენონს... ასეთი ლიტერატურა თვითკმარი ყოფისკენ შემოგიძახებს...

ოლესია თავაძე ორი კულტურის ნაყოფია - ქართულისა და რუსულის. ორი ამოუძირკვავი ძარღვი უფეთქავს - ქართული და რუსული. აქ რუსია, რუსეთში ქართველი. წერა ურჩევნია ქართულად, კითხვა რუსულად.

მამა

"ინტელიგენტობის ცნება ცოტა მოუხელთებელია, სხვა ყველაფერთან ერთად, შესაფერ ფიზიოლოგიასაც გულისხმობს, ალბათ. სისხლჭარბი ვიტალურობა, ყანწები და ძალმომრეობა, მე მგონი, არ უხდება. პროფესორიც ეგეთი იყო, რიონის ფშანების ნებით, უფრო ნორვეგიელი, ვიდრე ქართველი. მისი სრული ოდიოზურობა ხიფათის გამომწვევიც იყო და ხიფათის ამცდენიც. ოლესიას მინიატურიდან "პროფესორი", დახასიათება მამისა, რომელმაც უსაზღვრო თავისუფლება და სიყვარული აჩუქა.

დედა

მხატვარი პეტერბურგიდან, რუსულ-უკრაინულ-პოლონური კულტურის ანაბეჭდებით, ჯიშიანი, თვალწარმტაცი ქალი, დიდხანს გაუცხადებელი წარსულით, დაფარული გვარითა და მოგონებებით. შეყვარებული ქართულ სიმღერაში, ფრესკებში, ხევსურულ ორნამენტში...

ღვთაებრივი ბავშვობა შალაურსა და კურდღელაურში თელავის მისადგომებთან, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტს, საცდელი მეურნეობა ჰქონდა.მამა მეცნიერი იყო, ბიოლოგი, იქ მუშაობდა. ალაზნის ველი, კავკასიონი, ქედნების გადაფრენა, ირგვლივ ვენახი, სახლში ნახერხის ფეჩი, კარლ ლინეისა და კარლ ბრიულოვის ფოლიანტები, ძილისპირულად ნუკლეინმჟავისა და ფერთაშლის ამბები.

დედა წიგნებს თავისი ხელით უხატავდა....ყოველდღე, უპირობოდ, უნდა ეხატა, ეკითხა. მერე, საკუთარი აზრი უნდა დაეწერა წაკითხულზე. ამისთვის წიგნის ბოლოს სუფთა ფურცელი იყო ჩაკრული. ყველაფერი მატერიალური მეორეხარისხოვანი იყო, სულიერი - ხელმისაწვდომი, მეტ-ნაკლებად! მე-6 კლასამდე სწავლობდა მოსკოვში, მერე საქართველო და ოლესიას გაუნელებელი, გამძაფრებული აღფრთოვანება ქართული სივრცით.

ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში დედის დაჟინებული ძალისხმევით მოხვდა. მერე, მათემატიკოსობა მოუნდა, მომზადება დაიწყო, დიდ იმედებს ამყარებენ ისინი, ვისაც საგანი ესმოდა, მაგრამ შეხვდა მამაკაცს, რომლის გავლენითაც ისევ მხატვრობის სასარგებლოდ შეცვალა პოზიცია და მას დაუკავშირა ცხოვრება. ჩნდება ვაჟი, პირველი და ერთადერთი.... მაგრამ ოლესია გაუხედნავია, ლაღად არის გაზრდილი, ტრადიციული იდილიური სივრცე მოუხელთებელია მისთვის, უღელს ვერ იდგამს. ხატავს და ცხოვრობს, ცხოვრობს და ხატავს.

მერე, ალბათ, ისეთ მამაკაცს უნდა შეხვედროდა, როგორსაც შეხვდა. რომელიც სილაღეს და თავისუფლებას შეუნარჩუნებდა, გაანებივრებდა თავისებურად, არ აიძულებდა სხვასავით ეცხოვრა, შეინახავდა ისეთ უცხოს, როგორი სახელიც დაარქვეს, სახელი თავისას ითხოვს ხოლმე, რაც არ უნდა თქვა...

ზაზა აბზიანიძე მწერალია წიგნთან, წიგნით გაზრდილი. მასაც თავისი სამყარო და კონსტიტუცია აქვს. საერთო და გაზიარებულია გრძნობა, ფიქრი, შეხედულებები, დამოკიდებულებები, მისწრაფებები - წერა, ხატვა. ზაზა მწერალია და ხატავს, ოლესია მხატვარია და წერს. ერთად ცხოვრებისას, ოჯახში ხდება ინტერესების, მოწოდებების დიფუზია.

"ეტყობა რასაც ტილო ვერ იტევს, სიტყვებად იღვრება, ამას ზაზას გვერდით ყოფნაც განაპირობებს ვწერ ჩემთვის დამანგრეველზე, და ახლა ალბათ სხვებსაც დავანგრევ". რენე გენონი ამბობს, "ადამიანი არც მეტია და არც ნაკლები სულთქმილთა შორის. იგი ერთ-ერთია უთვალავ არსებათა უსასრულო მწკრივში, რომელთაგანაც ბევრი მასზე მაღლა დგას და ბევრი - მასზე დაბლა.

თეთრი ნაგაზი

თოვლზე თეთრი კავკასიური ნაგაზი წევს, თოვლისგან ფერით ვერ გაარჩევ, მზეს ეფიცხება, ძვლებს ითბობს, ქანცგამოლეულს, გაყინულს, მზემ სულზე მოუსწრო, მოათბო. ისვენებს ძაღლი, ძალას იკრებს, ძალა სჭირდება ძაღლური ცხოვრების გასაგრძელებლად, ლუკმა პურის საძებნელად. ჩაფიქრდა, ჩათვლიმა. გვერდზე დაცემული ჩრდილი იგრძნო, შეიშმუშნა. ბრგე, წახნაგოვანი მუტრუკი თეძოების თამაშით მიაბიჯებდა. ძაღლი დაინახა, გვერდულად წიხლი მოიქნია, მძიმე სათხილამურო ჩექმა კბილებში გლიჯა, მსუქნად გადააფურთხა , მიიხედ-მოიხედა და ისევ თეძოების თამაშით გააგრძელა გზა. ძაღლს წკმუტუნის ძალაც არ ჰქონდა, ერთი ამოიბლუყუნა და ნაცემი თავი თოვლში ჩაჰყო. კაცურმა კაცმა ჩაუარა.

...და რამდენია ასეთი კაცური კაციც და თეთრი ნაგაზიც, ადამიანისგან დაჩაგრული პირუტყვიც და ბედისგან დაჩაგრული ადამიანიც. დამნახავი უნდა და კიდევ უფრო იშვიათი - გულშემატკივარი, იქნებ მეგობარი...

მოკლედ, ათას ამგვარ ფიქრს აგიშლის წვერის ბინადარი მხატვარი ქალი, მისი ნაწერი და ნახატი... სხვათაშორის, ოლესია თავაძის ნამუშევრები ქარვასლაშია გამოფენილი, კიდევ ორი დღე იქნება... ნახეთ. მერე მისი "სევდიანი ჩანაწერებიც" წაიკითხეთ და მერე ვილაპარაკოთ...

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება