რაზე ოცნებობს ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ქალიშვილი

რაზე ოცნებობს ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ქალიშვილი

ქეთათო ჩარკვიანი არცთუ ისე მკაცრი დედაა. შვილს რჩევებს ყოველთვის აძლევს, თუმცა მის ცხოვრებაში ზედმეტად არასდროს ერევა. ნანა მსახიობობაზე ოცნებობს, ამასთანავე, კულინარიის პროფესიონალურ დონეზე დაუფლება სურს. დედაშვილურ ურთიერთობაზე ქეთათო და ნანა გვესაუბრებიან.

- ქეთათო, რა იგრძენით, ნანა პირველად რომ დაინახეთ?

- ძალიან მინდოდა, გოგონა მყოლოდა. დაიბადა თუ არა, პირველად ის ვიკითხე: - "გოგოა"? სასაცილო ბავშვი იყო: უცხოპლანეტელს ჰგავდა, მიწისთხილივით გრძელი თავი ჰქონდა და ყავისფერი გახლდათ. მშობიარობას ირაკლიც ესწრებოდა და ყველაფერს კამერით იღებდა. როცა შვილი პირველად, ძუძუს მოსაწოვებლად შემომიყვანეს, მაშინ გავაცნობიერე, რომ დედა ვიყავი. ადამიანის ცხოვრებაში შვილის დაბადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა და თუ ის საყვარელი მამაკაცისგან ჩნდება, ეს კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა.

- სხვების მსგავსად, თავიდან თქვენც ხომ არ გაგიჭირდათ შვილის მოვლა?

- ნანას დაბადებამდე მგონი, ბავშვი ხელშიც არ მყავდა აყვანილი, მაგრამ მისთვის პამპერსის გამოცვლა, დაბანა და ა.შ. არ გამჭირვებია... არიან ქალები, რომლებსაც ბავშვის გაჩენის შემდეგ დეპრესია ეწყებათ. მე უცნაური განცდა მქონდა: მეგონა, ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო და უკვე აღარავის ვჭირდებოდი. არადა, ძალიან ვცდებოდი: ბოლოს და ბოლოს, სხვას თუ არავის, შვილს ვჭირდებოდი.

- ნანას გაზრდაში ირაკლი თუ მონაწილეობდა?

- აქტიურად მონაწილეობდა. ის კარგი და მოსიყვარულე მამა იყო. ყველაფერში მეხმარებოდა - დაძინება, ჭამა, დაბანა, გასეირნება. ერთი პერიოდი ნანა ძუძუს აღარ ეკარებოდა, თითქოს ეზარებოდა, ღამით კი თვალი მოვკარი: ირაკლი ჩუმად როგორ აჭმევდა ბოთლში ჩასხმულ რძეს. მივხვდი, რატომ იყო ნანა გაზარმაცებული. ჩვენ რიგრიგობით ვიძინებდით, ბავშვი უყურადღებოდ რომ არ ყოფილიყო.

- ნანას გაზრდაში სხვა ვინმე გეხმარებოდათ?

- თავდაპირველად არავინ. ვფიქრობ, შვილისთვის მშობლის ენერგია ძალზე მნიშვნელოვანია. იმ პერიოდში მუსიკას სახლში, ასმაგი ბედნიერებით ვქმნიდით...

- რთული გასაზრდელი იყო? ახლა მასთან ურთიერთობაში სირთულეებს თუ აწყდებით?

- ძალიან ადრე იღვიძებდა: დილის 5-ზე უკვე ვდგებოდით და მთელი დღე გამოუძინებლები დავდიოდით. ახლაც ასეა, ძილი არ უყვარს, მე გვიან დაძინება და შესაბამისად, გვიან ადგომა მიყვარს. მოკლედ, დღესაც ცუდ დღეში ვარ (იღიმის)... მასთან ურთიერთობისას სირთულეს ხშირად ვაწყდები. გაიზრდება, ჩამოყალიბდება და მიხვდება, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც მასზე ყველაზე მეტად შესტკივა გული - დედაა და რასაც ვეუბნები, საწყენად კი არ უნდა მიიღოს, პირიქით - გაითვალისწინოს.

- ირაკლის ჰგავს?

- არა მარტო მამას, არამედ ოჯახის ყველა წევრს ჰგავს. ირაკლისთან მსგავსებას ხშირად, მის გამოხედვაში ვიჭერ ხოლმე; მხრებით და კისრითაც ძალიან ჰგავს, რაც მახარებს. თუმცა მთავარია, როგორი ხასიათი ექნება, რამდენად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას, თორემ ვინმესთან გარეგნულ მსგავსებას რა აზრი აქვს? შეიძლება, ადამიანი ანგელოზს ჰგავდეს, მაგრამ თვალებში ეშმაკები დაურბოდეს.

ნანა:

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. მხოლოდ გარკვეული მომენტები მახსენდება: როგორ მიკეთებდა თმას, როგორ მაჭმევდა...

- ქეთათოსთან მეგობრობ?

- დედასთან ყველა შვილი უნდა მეგობრობდეს, თუმცა ეს ცოტა არ იყოს, ძნელიც არის. ხანდახან მერიდება ვუთხრა, რომ ცუდად მოვიქეცი, რომ დავაშავე. ხშირად სკოლის ამბებს ვუყვები. მაინტერესებს, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. მომთხოვნია და მეუბნება: ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, მომავალში წარმატებას რომ მიაღწიოო. ჰოდა, ასეთ დროს მეცადინეობას ვიწყებ ხოლმე (იცინის).

- ბაბუას ხშირად სტუმრობ?

- პარასკევს, შაბათსა და კვირას ბაბუასთან ვატარებ. პარასკევს მასვენებს, შაბათს კი ინგლისურის მეცადინეობას ვიწყებთ: გრამატიკა, სიტყვების სწავლა, ტექსტების კითხვა... მოკლედ, კონტროლში ვარ. ბაბუას უნდა, რომ კარგად ვისწავლო.

- სკოლაში კარგად სწავლობ? ყველაზე მეტად, რომელი საგანი გიყვარს?

- მეოთხე კლასში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ან ძალიან ცუდად ვსწავლობ. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. თავისუფალი გაკვეთილია, - ანუ რასაც გინდა, გააკეთებ. თეატრის შესახებ მაინტერესებს ცნობები. მიყვარს უცხო ენებიც, რადგან იოლად ვითვისებ.

- როგორც ვიცი, ლონდონში სწავლობდი, არა?

- ლონდონის სკოლაში 2 წლის განმავლობაში ვისწავლე. იქ კვირაში მხოლოდ ერთხელ გვქონდა საშინაო დავალება გასაკეთებელი, აქ - ყოველდღე.

- ქეთათო, ლონდონში ნანას გაშვება არ გაგიჭირდა?

- 5 წლის იყო, ლონდონში რომ გავუშვი და ეს ჩემთვის მართლაც, ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ ვინაიდან ჩემი შვილისთვის ასე იყო საჭირო, მონატრების გრძნობა და სენტიმენტები გვერდზე გადავდე, ბავშვს მივეცი შანსი, რომ ესწავლა. ნანამ ისწავლა სხვადასხვაგვარ, ეთნიკური ჯგუფისა თუ აღმსარებლობის ადამიანებთან ურთიერთობა - ეს საჭიროა სამომავლოდ ჯანსაღი ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად.

ნანა:

- პირველი სამი თვე დედის გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირდა. რამე რომ მჭირდებოდა, ვიძახდი: - "დედა!" ამ დროს კი ის იქ არ იყო. დედას ფოტოები მქონდა წაღებული, ყოველღამე ვათვალიერებდი და მეტირებოდა. ბაბუა-ბებიასთან და მამიდაშვილებთან ერთად ვცხოვრობდი. ლონდონი მაგარი ქალაქია და კარგადაც ვერთობოდი.

- სკოლის გარდა, ახლა რითი ხარ დაკავებული?

- მუსიკაზე დავდივარ. ინგლისში ცეკვაზე დავდიოდი და აქაც ვაგრძელებ ცეკვის შესწავლას. გარდა ამისა, ფრანგულში ვემზადები.

- მომღერლობას არ აპირებ?

- არანაირი სურვილი არ მაქვს. მუსიკა მიყვარს, მაგრამ მომღერლობა არ მინდა.

ქეთათო:

- მუსიკალური ბავშვია. ადრე ჩემთვის მიუღებელ მუსიკას უსმენდა, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი; ვფიქრობდი, - გემოვნება შეეცვლება-მეთქი და ასეც მოხდა. ახლა სხვებისგან "აღმოაჩენს" ხოლმე იმას, რასაც მე თავიდანვე ვასმენინებდი.

- ნანა, სამომავლოდ რა პროფესიას აირჩევ?

- მსახიობობა მინდა. მსურს, სცენაზე ვთამაშობდე და ფილმებშიც ვმონაწილეობდე, პარალელურად კი კულინარიას პროფესიონალურად დავეუფლები.

- ქეთათო, როგორ ფიქრობ, ნანას პროფესიულ არჩევანში ჩაერევი?

- მის არჩევანში არასდროს ჩავერევი. რაც სურს, ის უნდა გააკეთოს! ადამიანმა ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, უბრალოდ, მე რჩევას მივცემ.

- ჩაცმისას ერთმანეთის რჩევებს თუ ითვალისწინებთ?

- შვილის მოსაზრებას ანგარიშს ყოველთვის ვუწევ და მის რჩევებს ვითვალისწინებ. ნანასთან ძალიან მომთხოვნი ვარ. როცა ვხედავ, რაღაც არ უხდება, ამას ვეუბნები. ჩემი აზრით, შვილს თუ არ ასწავლე და გვერდიდან არ დაანახვე რაღაცები, ისე ვერაფერს მიხვდება.

- ნანა, უფროს ძმასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მაქსიმესთან მაგარი ურთიერთობა მაქვს. სხვათა შორის, ბევრი აღნიშნავს, რომ მას ვგავარ. მიყვარს ძმასთან ერთად თამაში, ლაპარაკი. მაქსიმე მოსკოვში ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩამოდის, ამიტომ იშვიათად ვხედავ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება