თოჯინებზე შეყვარებული მედეა ლორთქიფანიძე

თოჯინებზე შეყვარებული მედეა ლორთქიფანიძე

დავინტერესდით, თუ როგორი გემოვნება აქვს "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს - მედეა ლორთქიფანიძეს, რომლის პერსონაჟიც ლამის ყველას ჭკუას ასწავლის და აკრიტიკებს. "მას შემდეგ, რაც ამ სერიალში ვმონაწილეობ, გემოვნება ან დამიკნინდა, ან - მოდას ავყევი", - გვითხრა "მანანა ბებიამ" და იმაშიც გამოგვიტყდა, რომ ყმაწვილქალობის პერიოდში 15-სანტიმეტრიანი "საბოებიდან" "ჩამოვარდნილა"...

- ზოგადად, გემოვნებიანი ადამიანი ვარ და უგემურ კერძებსაც არ ვამზადებ! უგემოვნოდ ჩაცმული ქუჩაში კი არა, სახლშიც არ გავივლი. ქალი შინ ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, მით უმეტეს - თუ გათხოვილია: ქმარს ყოველთვის გამოპრანჭული, "გამოწკეპილი" უნდა დახვდეს. შეიძლება, ქმრის შეხედულება ცოლის გემოვნებას ბოლომდე არ ესადაგებოდეს, მაგრამ ქალმა მეუღლეს პატარ-პატარა რაღაცები ისე უნდა შეაპაროს, რომ ნაწყენი არც ერთი დარჩეს. გასათხოვარმა გოგონამ კი ჩითის კაბა რომ ჩაიცვას, უბრალოდ თმა გადაივარცხნოს და თმის პატარა სამაგრი გაიკეთოს, მაინც ლამაზი გამოჩნდება! არ მომწონს, როცა გოგონებს ჭიპი უჩანთ, თან - რაღაცები ჰკიდიათ. საყურე ყურზე ვიცი, დედიკო, თორემ ჭიპზე, წარბზე, ლოყაზე, ენაზე რა უნდა? ეს გემოვნება კი არა, "წიკია"! შანელის მოდა რომ შემოვიდა და ქალმა შარვალი პირველად ჩაიცვა, ყველას გაუკვირდა, მაგრამ ლამაზი და კარგი რომ იყო, მოდას ყველა აჰყვა. ახლა ტუჩს და ენას ყველა ხომ არ იხვრეტს? დახეული შარვლის მოდისაც არ მწამს. მახსოვს, სოფელში სტუმარი რომ გვეწვეოდა, ვიდრე ჭიშკრიდან სახლამდე მოვიდოდა, ბაბუაჩემი ჩოხა-ახალუხს ჩაიცვამდა და სტუმარს ასე ეგებებოდა. ახლა ისეთი დაგლეჯილი შარვლებით დადიან, რომ წინათ, ასეთ ფორმაში გამოწყობილი თავმოყვარე კაცი მეზობელთან არ გავიდოდა. ეს მოდა როგორც მოდის, ისე მიდის...

"საბოები" რომ იყო აქტუალური, მეც მოვირგე და იცი, ამ ფეხსაცმლიდან რამდენჯერ ჩამოვვარდნილვარ? ჰმ, 15 სანტიმეტრის სიმაღლის იყო! "ფრანცუზკები" პირველად რომ ჩავიცვი, პირველი კურსის სტუდენტი გახლდით. ახლა სკოლის მოსწავლეს და მასწავლებელს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ: მოზარდებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აცვიათ, მანიკიური უსვიათ, წამწამები ტუშით აქვთ აპრეხილი და ა.შ. მოდა შენ უნდა მოგერგოს, თავად კი არ უნდა მოერგო და აჰყვე. ის უნდა ჩაიცვა, რაც გიხდება. ქალაქში ჩემზე 10-15 წლით უმცროსი, მაგრამ ჩემსავით მსუქანი ქალი მოკლე კაბით და "არანორმალური" ფეხებით ბევრჯერ მინახავს! გამხდარ გოგოს ყველაფერი უხდება, დედა, მაგრამ 40 წელს გადაცილებულმა ქალმა ახალგაზრდებს არ უნდა მიჰბაძოს: მათი მოდა სხვაა, ჩვენი - უფრო მეტად მოკრძალებული იყო... ხომ იცი, ახლა წარწერებიანი მაისურია მოდაში. ჰოდა, ზოგმა ინგლისური ენა არც იცის და მაისურზე ისეთი რაღაცები აწერია, სიცილით მოკვდები!

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებულად ვინ ან რამ იმოქმედა?

- ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. დედა შარვალში გამოწყობილი რომ მენახა, მაშინ ეს სასწაული იქნებოდა! ის ერთ-ერთ ფოტოზე შალვა დადიანთან და სიმონ გორისელთან ერთად არის აღბეჭდილი; ზამთრის პეიზაჟია, მაგრამ დედას მაინც "ბასანოჩკები" და წინდები აცვია - მაშინ ასეთი მოდა იყო. ახლა ზამთარში ყველას ჩექმა აცვია, თეატრში ჯინსის შარვლით დადიან!

- უკვე ჯინსის კლასიკური სტილის შარვალიც ხომ არსებობს?

- დედიკო, ჯინსი მუშებისთვის გამოიგონეს და არა - თეატრში სასიარულოდ. პირადად მე, შარვლით თეატრში არ შევალ... (ცოტა ხნის შემდეგ) არა, ახლა უკვე ისე მივეჩვიე, რომ შევალ! ვიდრე სერიალში მიმიწვევდნენ, ქუჩაში შარვლით არაფრით გავიდოდი, მაინც ძველი აღზრდა "მქონდა", მაგრამ ახლა ეტყობა, გემოვნება ან დამიკნინდა, ან მოდას ავყევი (იცინის).

- ბინა ვისი გემოვნებით გაქვთ მოწყობილი? დედამთილთან ამის გამო უთანხმოება ხომ არ მოგსვლიათ?

- ოჯახში რძალი რომ შედის, დედამთილს პატივი უნდა სცეს. ჩემმა შვილმა "ხრუსტალის" ვაზები შემანახვინა - მოდური აღარ არისო. არადა, თავის დროზე ჩეხოსლოვაკიიდან როგორ ვათრიე, იცი? მოდა რას ჰქვია, კაცო? მოდა არის სილამაზე! დედამთილის გემოვნებაში არ ჩავრეულვარ. ნეტავ, შინ ვინმე რამეს გამიკეთებდეს და მაგაზე როგორ ვინერვიულებ?

- განსაკუთრებული ნივთი, ოჯახური რელიკვია თუ გაქვთ?

- თოჯინები მიყვარს. 30 წლის წინ მოსკოვში, ბავშვის დაბადების დღეზე მივდიოდით და მე და ჩემმა მეუღლემ სათამაშო ძაღლი ვიყიდეთ. ისე მომეწონა, რომ შინ მოვიტანე და როგორც რელიკვიას, ისე ვუფრთხილდები. ძალიან კარგი პუდელია... ჩემს ერთ-ერთ თოჯინას თავზე გვირგვინი ადგას. სავარცხელს რომ გადაუსვამ, გვირგვინი ინთება. ძალიან ლამაზია. იცი, რამდენი დოლარი მივეცი? იმ ფასად კარგ პალტოს ან ტყავის ქურთუკს იყიდდი, მაგრამ თოჯინა რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი, ისე მომეწონა! პატარა მანქანების კოლექციაც მაქვს, მაგრამ ჩემმა შვილიშვილმა თითქმის ყველა დამიმტვრია... ბაბუაჩემი თავადი იყო და კომუნისტებმა ყველაფერი ჩამოართვეს. ასე რომ, ოჯახში დიდი რელიკვიები ნამდვილად არ მაქვს.

- როგორი ფილმები მოგწონთ?

- ბოლო 2 წელიწადია, ქართულ არხებს უფრო ხშირად ვუყურებ. ამას წინათ ერთ-ერთ ტელეარხზე "ლამაზმანი" გადიოდა და მერამდენედ ვუყურე, აღარ მახსოვს.

- საინტერესოა, როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვთ?

- ჯაზი და კლასიკური მუსიკა ძალიან მომწონს. "პლასტინკების" კოლექცია მაქვს. საოპერო წარმოდგენების პრემიერებზე მოსკოვში დავდიოდი. უმოტივო სიმღერები არ მომწონს, მათი მოსმენისას ცუდად ვხდები! ასევე, ვერ ვიტან, როცა კარგ ქართულ სიმღერებს გადააკეთებენ ხოლმე! "თბილისოს" და "სულიკოს" გადაკეთება საჭირო არ არის. კიდევ, ვესტერნებში ბანჯოზე რომ უკრავენ, ის მომწონს...

- კინოთეატრებში დადიხართ?

- იშვიათად. ტელევიზორმა ყველა "გაგვაფუჭა".

- თეატრის ხშირი სტუმარი ხართ?

- მარჯანიშვილის თეატრი ძალიან მიყვარს! როგორ შეიძლება, კულტურულმა ადამიანმა თეატრში არ იაროს? შეიძლება, კინოში არ შეხვიდე და ფილმი ტელევიზორში ნახო, მაგრამ თეატრში, ოპერაში აუცილებლად უნდა წახვიდე!.. ოსტროვსკის სპექტაკლები მიყვარს! ჩვენი კლასიკოსების ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები ძალიან მომწონს! ვაჟას "მოკვეთილზე" ვგიჟდები!

- თანამედროვე რეჟისორების ნამუშევრები მოგწონთ?

- დოის და მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორებს პატივს ვცემ. ახალგაზრდებს სულ სხვა ხედვა აქვთ. ხანდახან დამცინიან,

- გინდა, რომ ისევ "ღალატი", "და-ძმა", "ქრისტინე" დადგანო? დიახ, ესენიც მინდა!

- როგორი კერძები მოგწონთ?

- ქართული! "ბალახბულახეულობას" ვერ ვიტან! ცომეულის გარდა, ყველაფერს კარგად ვამზადებ: "სამეფო" საცივიდან დაწყებული, ლობიოთი დამთავრებული!

- კერძების მომზადება ვინ გასწავლათ?

- ჩემმა მეგობრმა - მაყვალა ჩიქოვანმა. რომ გავთხოვდი, ერბოკვერცხის შეწვაც არ ვიცოდი, რადგან შინ დედა, ბებია და მოსამსახურე მყავდა, არაფრის გაკეთება არ მჭირდებოდა, გათხოვილი კი "გლახა" დღეში აღმოვჩნდი, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი ვისწავლე და ახლა, ჩემი მომზადებული კერძები სერიალის პავილიონშიც მომაქვს. სხვათა შორის, მურაბების "სპეცი" ვარ! სიმართლე გითხრათ, სახლის დალაგება არ მიყვარს, უჰ, უჰ!..

- დალაგებაში ვინმე გეხმარებათ?

- ჩემი შვილი მოდის ხოლმე და მეკითხება: დედა, ამ კარადას რა გირევსო? დაალაგებს, მაგრამ მეორე კვირას რომ მოდის, ისევ არეული ხვდება. შინ რომ მივდივარ, დალაგების თავი არ მაქვს და კარადა სულ არეულია. რაღაც მინუსი ხომ უნდა მქონდეს (იცინის)?

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე თუ ზრუნავდით?

- ამ მხრივ, შვილისთვის მიმართულებაც არ მიმიცია. თუ თავად არ ისწავლა, გემოვნებას ვერავის ჩამოუყალიბებ. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი კერძების მომზადებით თავად დაინტერესდა და ახლა ჩემზე უკეთ ამზადებს; უფრო მეტიც - ხაჭაპურს და ლობიანსაც აცხობს!

- ცომეულის მომზადება რატომ არ იცით?

- რომ მოვინდომო, ალბათ ვისწავლი. ჩემმა შვილმა მიყურა, მოინდომა და კერძების მომზადება ასე ისწავლა.

- სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" თქვენს პერსონაჟზეც გკითხავთ: მანანა ბებია როგორი ქალია?

- ძალიან კარგი ქალია. ოჯახი და შვილი უყვარს! მართალია, რძალთან კონფლიქტი აქვს, მაგრამ ისეთი - არა, რომ ნინასთან ხელჩართული ბრძოლა ჰქონდეს. მანანას არ მოსწონს, რომ ახალგაზრდები კაფეში მიდიან მაშინ, როცა შინ დედამთილი კერძებს ამზადებს. ხანდახან ნინა პატარა ბავშვებს შინ მარტო ტოვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის კარგი რძალია. მანანა ცდილობს, რომ ცოლ-ქმარი შეარიგოს და ალბათ, მიზანს მიაღწევს. ნათიას ვამტყუნებ: ცოლშვილიან კაცთან რომანი არ უნდა გაება. კაცი ოხერია: კარგი გოგო დაინახა, რომელსაც დიდი მკერდი ჰქონდა, გოგონამ კი გაუღიმა და კაცსაც მეტი რა უნდა?"

- "თქვენს შვილს" არ ამტყუნებთ?

- დათოც დამნაშავეა: როცა ცოლ-შვილი გყავს, რა "გეგოგოება"?! მაგრამ კაცი 40 წელს რომ გადასცილდება, მერე თავისებური "გაფრენები" აქვს.

- ოდესმე მკითხავთან თუ ყოფილხართ?

- არა, კაცო! სხვათა შორის, ადრე სამსახურში ყავაზე მკითხაობა იყო მოდაში. მსგავსი რაღაცების არ მჯერა.

- დაბოლოს, საინტერესოა, საქართველოში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?

- ჰომოსექსუალები თუ ავადმყოფები არიან, უმკურნალონ, მაგრამ თუკი ეს ავადმყოფობა არ იკურნება, მაშინ თავი დაანებონ. იყვნენ თავისთვის; ჩვენ ნუ დაგვიშავებენ და რაც უნდათ, ის უქნიათ. უბრალოდ, ჰომოსექსუალიზმის აფიშირება არ მომწონს. ჩვენ სხვანაირი მენტალიტეტი გვაქვს და ბევრი წმინდა რამ შემოგვრჩა. ძველი ადათ-წესები თუ არ დავიცავით, დავიღუპებით. ასე რომ, ჩემო ახალგაზრდებო, ჭკუით იყავით, ერთმანეთს ნუ "დაჭამთ" და ყველაფერი კარგად იქნება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება