რით გადარია ხვიჩა მაღლაკელიძემ მომავალი ცოლისდები

რით გადარია ხვიჩა მაღლაკელიძემ მომავალი ცოლისდები

ხვიჩა მაღლაკელიძისა და მარი ჩახვაძის სიყვარული უკვე 17 წელია, გრძელდება. ისინი 5 წელი შეყვარებულები იყვნენ, მერე დაოჯახდნენ და ბათუმიდან თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. როგორც საუბრისას აღნიშნეს, მათ გრძნობას შვილები - ირაკლი და ილია უფრო მეტად აძლიერებენ.

- როგორც ვიცი, მარი დანახვისთანავე შეგიყვარდათ. მანამდე თუ გჯეროდათ ერთი ნახვით სიყვარულის?

ხვიჩა:

- არ მჯეროდა, მაგრამ დავიჯერე. იმ პერიოდში ბავშვთა ანსამბლში - "ზღვის შვილები" ვუკრავდი. ახალი ჯგუფის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. მე და რამდენიმე ანსამბლის წევრი ნიჭიერი ბავშვების შესარჩევად სკოლებსა და ინსტიტუტებში დავდიოდით. ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს დარბაზში მარი დავინახე და მომეწონა, მაგრამ ცოტა ხანში ვეღარ ვიპოვე, რამაც გადამრია.

მარი:

- დარბაზიდან ხვიჩა რომ წავიდა, მეც წავედი.

ხვიჩა:

- კი არ წავედი, გავედი. დარბაზში რომ დავბრუნდი და მარი ვეღარ დავინახე, გადავირიე. გადავწყვიტე, მომეძებნა. ძმაკაცებმა მხარი ამიბეს და მარის მთელი ზაფხული, ბათუმის ქუჩებში ვეძებდით. რატომღაც, გვიან გამახსენდა, რომ ბულვარშიც უნდა მეძებნა და ბიჭებთან ერთად წავედი. დავინახე, ორ გოგოსთან ერთად მოდიოდა (მაშინ არ ვიცოდი, რომ ისინი მისი დები იყვნენ). დანახვისთანავე გავექანე და პირდაპირ დავეტაკე, მაგრამ არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. უცებ, უფროსმა დამ მარი უკან გასწია და გადამიდგა: რა გინდა, რაშია საქმეო? ჯერ დავიბენი, მერე ვუთხარი, - ამ გოგონას კარგი მონაცემები აქვს და გიტარაზე დაკვრის სწავლა არ უნდა-მეთქი? ისე ვაქე და ვადიდე, რომ მისი დები გადავრიე. ბოლოს, მარიმ მითხრა, - გიტარა არ მაქვსო. ვუპასუხე: ოღონდ მოდი და ჩემს გიტარას გათხოვებ-მეთქი.

მარი:

- ისე მაქებდა, დავიჯერე, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი და მხოლოდ ამიტომ მეძებდა (იღიმის).

ხვიჩა:

- მარის მოსვლის დროს მოსწავლეები არ დავიბარე და პირველსავე გაკვეთილზე გამოვკითხე, ვინ იყო, საიდან იყო, სად სწავლობდა. ბოლოს, ჩემი გიტარა მივეცი და სახლამდეც მივაცილე.

- როდის მიხვდით, რომ ხვიჩას თქვენ მიმართ გრძნობა ჰქონდა?

მარი:

- ხვიჩა ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ ბრმაც მიხვდებოდა, რა სურდა.

ხვიჩა:

- ის ყოველდღე მოდიოდა, სხვა ბავშვები - კვირაში ორჯერ; მარი სწავლის საფასურს არ იხდიდა, სხვებისთვის კი სწავლა ფასიანი იყო.

- მარი სხვა გოგონებისგან რით გამოირჩეოდა?

- უბრალოდ, იმ მომენტში მარი "ხელში მომყვა". ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი, რომ "გულაობა" და ღამის ტუსოვკები რა იყო, არ ვიცოდი; გამუდმებით ვმუშაობდი და ფულის შოვნის მანიამ ისე შემიპყრო, რომ გასართობად დრო აღარ მრჩებოდა. დილით მუსიკალურ სკოლაში ვმუშაობდი, მერე რესტორანში ღამის 11-12 საათამდე ვუკრავდი და მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდებოდი მარის. მაშინ ბათუმი მკვდარი ქალაქი იყო; საღამოობით ქუჩა მხოლოდ ასლან აბაშიძის სახლთან გახლდათ განათებული და ჩვენც, ავტომობილით იქ მივდიოდით. მარი იმდენად თავისუფლად იყო ჩემთან, რომ სახლის ჩუსტებით მიჯდებოდა მანქანაში. თუ ციოდა, მანქანას ზღვის ნაპირზე ვაყენებდი და ვსაუბრობდით. 5 წლის მანძილზე ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი.

- თქვენ რით მოგხიბლათ ხვიჩამ?

მარი:

- თავისი ენერგიულობითა და ხასიათით. ძალიან დიდი იუმორის გრძნობა აქვს და სულ თავგადასავლებში იყო გახვეული.

- ე.ი. ბათუმშიც პოპულარული იყავით?

ხვიჩა:

- იმდენად პოპულარული ვიყავი, რომ ინსპექტორები მამის სახელით მომმართავდნენ და 10 ლარს ისე მართმევდნენ. ერთხელ, წვიმიან ამინდში ასლან აბაშიძის სახლთან მანქანა გამიჩერდა და ვეღარ დავქოქე. მარი რესტორანში, კიევურ კატლეტზე მყავდა დაპატიჟებული და გამოპრანჭული, ავტომობილში იჯდა. ვთხოვე, მანქანიდან გადასულიყო და მოსწოლოდა. მანქანა კი დავქოქე, მაგრამ მარი ისე დასველდა, რომ რესტორანში ვეღარ წავედით.

მარი:

- ერთხელ ხვიჩა ნასვამი მოვიდა, მაგრამ მაინც გავისეირნეთ. პოლიციამ მანქანა ჩამოართვა. დიდხანს ცდილობდნენ მის დაქოქვას, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მერე, ხვიჩას უთხრეს: ოღონდ შენი მანქანა მოგვაშორე და ჯარიმას აღარ გადაგახდევინებთო.

- ხვიჩა, მარის დები როგორ "გადმოიბირეთ"?

- ძალიან იოლად. უფროსი ცოლისდა - ირა უნიკალური მყავს და მას "ჩემს სიდედრს" ვეძახი. მარი რომ გავიცანი, დედა გარდაცვლილი ჰყავდა. ირა მარიზე როგორც დედა, ისე ზრუნავდა, სულ აკონტროლებდა. პაემანზე რომ უშვებდა, მკაცრად აფრთხილებდა: ღამის 12 საათზე სახლში იყავიო.

მარი:

- ხვიჩას პაემანზე თუ აგვიანდებოდა, ყვავილებს ყიდულობდა და ისე მოდიოდა. ერთხელ, ისე დაემთხვა, რომ მთელი კვირა, ყოველდღე დაგვიანებით მოდიოდა და ჩემი სახლიც ყვავილებით აივსო. ბოლოს, ირამ ხვიჩას დაურეკა და უთხრა: მარის ყვავილებს რომ ჩუქნი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ სახლში როცა არ არის, თავი პანაშვიდზე მგონიაო.

ხვიჩა:

- ერთხელ მარი შინ არ დამხვდა. მისთვის ნაყიდი სუნამო ბებიას მივაწოდე და ვიდრე ვეტყოდი, - ეს მარის გადაეცით-მეთქი, სიხარულისგან ლამის გადაირია: ეგონა, რომ მას მივუტანე...

- ასე ახლოს თუ იყავით ერთმანეთთან, შეუღლებამდე ფიზიკური ურთიერთობა არ გქონდათ?

- კი, გვქონდა. სხვათა შორის, ეს საჭიროა იმისთვის, რომ წყვილმა ერთმანეთი უკეთ გაიცნოს.

მარი:

- ეს ჩვენს დაოჯახებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ სულ ერთად ვიქნებოდით და ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია.

- თბილისში რომ ჩამოხვედით, ყველაფრის თავიდან დაწყება არ გაგიჭირდათ?

ხვიჩა:

- თბილისში წამოსვლა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ბათუმში ფული აღარ იშოვებოდა; მაშინ ბათუმში ფულს მხოლოდ ისინი შოულობდნენ, ვისაც მამა ჰყავდა პარლამენტარი ან დედა - ბოზი, ან თავად იყო მებაჟე. თბილისში შემოთავაზებულ სამსახურს დავთანხმდი, მარის ხელი მოვხვიე და მატარებლით ჩამოვედით... ერთ ამბავს გავიხსენებ: თბილისში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. კარზე ზარი დარეკეს; გვითხრეს, - თელასიდან ვართო. მარიმ კარი გახსნა თუ არა, ვიღაცები შემოცვივდნენ, მარის იარაღი დაადეს, მე ხელები გადამიგრიხეს. გულში მეცინებოდა, - ნეტავ, აქ რა ეგულებათ, რის წასაღებად მოვიდნენ-მეთქი? აიღეს 130 ლარი, ჩემი მობილური ტელეფონი და ერთი ნივთი, რომელიც ოქრო ეგონათ. ბინიდან უკვე გადიოდნენ, მათ მარი გაეკიდა და მობილური წაართვა. წარმოიდგინეთ, როგორი გოიმები იყვნენ... მერე იმ ტიპებმა სხვა ბინის გაძარცვა სცადეს და სახლის პატრონმა ერთ-ერთი მათგანი იარაღით მოკლა, მეორე - დაჭრა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.

- სტრესი როგორ გადაიტანეთ?

- მარის არანაირი სტრესი არ ჰქონია, პირიქით - მე მამხნევებდა. ეს ყველაფერი ხუმრობა-ხუმრობით გადავიტანეთ.

მარი:

- კარის გახსნის შიში დამჩემდა. ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ საშიში არაფერია, არ ვაღებ.

- ალბათ, როგორც ყველა ცოლ-ქმარი, თქვენც ხშირად კამათობთ ხოლმე...

- ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვკამათობთ, ხვიჩას მოუცლელობაა. ოჯახისთვის ცოტა დრო რჩება, სულ დაკავებულია და ერთმანეთი გამუდმებით გვენატრება.

ხვიჩა:

- კამათი არ გამოგვდის, რადგან როცა ამას დააპირებს, ისე ვცვლი სალაპარაკო თემას, რომ ავიწყდება, რისი თქმა სურდა. ჩვენი კერა უნდა იყოს მყარი, ჩვენი სიყვარული - დაუძლეველი, შვილები კი ამ გრძნობას ასაზრდოებენ... ვიდრე ჩემს ცხოვრებაში მარი გამოჩნდებოდა, რაღაც უცნაური და "პიჟონური" ჩაცმა-დახურვა მიყვარდა; გამხდარი ვიყავი და ბლანჟეს ვატარებდი, ჩიბუხს ვეწეოდი. მოკლედ, შინაგანად ბომჟი მარიმ შემცვალა.

- თქვენი შვილის - ილიას დაბადებას დაესწარით. ეს მარიმ გთხოვათ თუ თქვენი სურვილი იყო?

მარი:

- როდესაც ირაკლი გავაჩინე, ვინანე, რომ ეს სასწაული ხვიჩამ არ ნახა. შვილის მოვლინება ისეთი რამ არის, რისი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

ხვიჩა:

- როცა ირაკლი დაიბადა, მაშინ ამ პროცესზე მამის დასწრება "მოდაში" არ გახლდათ. ის კი არა, იმ პერიოდში სამშობიაროში არც სინათლე იყო და არც - საჭმელი. მარის სანახავად რომ მივდიოდი, სანთლები, ქაბაბი და მწვადი მიმქონდა. ვიცოდი, მელოგინესთვის ასეთი კვება არ შეიძლებოდა, მაგრამ შიმშილით ხომ არ მოვკლავდი? საბედნიეროდ, ასეთი კვების გამო ბავშვს არაფერი მოსვლია...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება