აქსესუარების "ხამი" გიორგი ვარდოსანიძე და "მშვიდობის ხის" ნაყოფი

აქსესუარების "ხამი" გიორგი ვარდოსანიძე და "მშვიდობის ხის" ნაყოფი

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე გარეგნობაზე განსაკუთრებულად არასდროს ზრუნავს, გოგონების მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ უჩივის. მსახიობი ცოტა ხნის წინ, კომედიურ სერიალში - "კოქტეილი" გამოჩნდა, სადაც მექალთანე ბიჭის როლს ასრულებს...

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ადრე გრძელი თმა მქონდა - როლის გამო გავიზარდე. ყველაზე კომფორტულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა თმა გადაპარსული მაქვს, მაგრამ ახლა ისევ როლის გამო, გრძელი ვარცხნილობის ტარება მომიწევს. რომ არა ჩემი პროფესია და საჭიროება, არ გავიზრდიდი; მეზიზღება, დილით ახალგაღვიძებულს თმა თვალებზე რომ მეფარება.

- გრძელი თმა რომელი როლის შესასრულებლად გჭირდება?

- დორიან გრეის. სპექტაკლზე მუშაობას აგვისტოს ბოლოს ვიწყებთ. სასურველია, ამ დროისთვის გრძელი თმა მქონდეს.

- თმის ფერის შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- (იცინის) არა, არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ. სპექტაკლისთვის თუ დამჭირდა, ალბათ, შევიღებავ კიდეც, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ბუნებრივ ფერს დავიბრუნებ.

- სალონს ხშირად სტუმრობ?

- ვინმემ სალონში თუ დამინახა, შეუძლია, მოვიდეს და ერთად ვიცინოთ. სალონს 3 თვეში ერთხელ თუ მივაკითხავ, როცა ვარცხნილობის შესწორება მჭირდება.

სახის კანის მოვლა

- წვერის გაპარსვა მეზარება. "რიჟა" წვერი მაქვს და მანამდე არ ვიპარსავ, ვიდრე წითელი არ გახდება. მშრალი კანი არ მაქვს, მაგრამ ზაფხულში დედა კრემს მაინც მასმევინებს - არ გამოგიშრესო. სიმართლე გითხრა, ესეც მეზიზღება.

ვარჯიში და დიეტა

- სულ ვვარჯიშობ. თუ ტრენაჟორებზე ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ვცდილობ, პრესი და "აჯიმანია" შინ მაინც გავაკეთო. წონა "დავაგდე" და აღარც დიეტა მჭირდება. უბრალოდ, ვცდილობ, ბევრი ცომეული და ტკბილეული არ ვჭამო. გვიან, ღამის 12 საათის მერე, არაფერს მივირთმევ.

- წონაში რამდენი კილოგრამით დაიკელი?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის პერიოდში 20 კილო "დავაგდე". ისე, მსუქანი არასდროს ვყოფილვარ - მაქსიმუმ, 97 კილოს ვიწონიდი. ახლა 80 კილო ვარ და ეს წონა "მიჭირავს".

- სპორტით თუ ხარ დაკავებული?

- ამჟამად - არა, მაგრამ ადრე ფეხბურთსა და კარატეზე დავდიოდი.

სამოსი

- შოპინგი ძალიან მიყვარს. თუ შესაძლებლობა მაქვს, რაღაცებს ვყიდულობ, მაგრამ ბრენდებზე არ ვფიქრობ. შავი ფერი მომწონს. "მოჩაჩულ" ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ფეხსაცმელიც თავისუფალი სტილის მომწონს. კლასიკური სამოსი მეზიზღება. ჩემს გარდერობში კოსტიუმებსა და პერანგებს ვერ ნახავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ადგილები, სადაც შედარებით სოლიდურად ჩაცმული მივდივარ. მაგალითად, როცა კორპორაციული წვეულების წამყვანი ვარ...

აქსესუარები და სამკაული

- ერთადერთი, რაზეც "გარეკვა" მჭირს, სამკაული და აქსესუარებია - ჩვეულებრივი "ხამი" ვარ! ბეჭდები, მძივები, ტყავის სამაჯურები და მსგავსი რაღაცები ძალიან მიყვარს! მეგობრები "დარინდას" მეძახიან, რადგან სამკაულებით "აჩოჩხილი" დავდივარ; უამრავი რაღაც მიკეთია: კისერზე - მძივები, მაჯაზე - სამაჯურები. ბავშვობის მეგობარმა ინდოეთიდან "მშვიდობის ხის" ნაყოფისგან დამზადებული ყელსაბამი ჩამომიტანა, რომელიც მუქი ყავისფერი პატარ-პატარა რგოლებისგანაა გაკეთებული. ჰოდა, ამ სამკაულს არასოდეს ვიხსნი.

მზის სათვალეებზე ვგიჟდები და ხანდახან, ამის გამოც დამცინიან, რადგან ზამთარშიც მიკეთია, ზოგჯერ კი ღამითაც არ ვიხსნი. ე. წ. "ლენონები" ძალიან მიყვარს! გამორჩეულად ერთი, "რეიბანების" სტილის სათვალე მომწონს. ვცდილობ, სულ ის მეკეთოს, რადგან კომფორტულია!

საქმე

- თეატრი და გადაღებები - ამჟამად, ამ 2 საქმით გახლავარ დაკავებული... პირველი ივნისიდან რეპეტიციები დამეწყება, ივლისის ბოლოსთვის კი გასტროლებისთვის ვემზადებით. ახლახან "კომედი არხზე" ახალი იუმორისტული სერიალი - "კოქტეილი" დაიწყო, რომელშიც მექალთანე გოგსიკას როლს ვასრულებ. სიმართლე გითხრა, საათებს ვითვლიდი, როდის დაიწყებოდა. მგონი, კარგი გამოვა. ადრე "კომედი ჯგუფთან" შეხება არ მქონია. მის წევრებზე კარგის მეტი, არაფრის თქმა არ შემიძლია, შინაურული სიტუაცია დამხვდა. მსახიობების ჯგუფს რაც შეეხება, ქეთა ლორთქიფანიძესთან ერთად ადრეც მიმუშავია. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ.

ოჯახი

- ოჯახში სამნი - მე, დედა და მამა ვართ. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი მაქვს. სამწუხაროდ, მშობლებთან ურთიერთობისთვის ცოტა დრო მაქვს. ვცდილობ, თავისუფალი დრო შინ გავატარო, რადგან დედ-მამა ძალიან მენატრება. არაჩვეულებრივი მშობლები მყავს. თუკი ცხოვრებაში რაიმესთვის მიმიღწევია, ეს მათი მხარდაჭერითა და სიყვარულით მომხდარა.

- დედისერთა შვილს მშობლები განებივრებდნენ?

- დედისერთა კი ვარ, მაგრამ განებივრებული ნამდვილად არ ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ მშობლებმა სწორად აღმზარდეს. ცდილობდნენ, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. მართალია, ბავშვობის პერიოდში მათ სიცოცხლე გავუმწარე, მაგრამ დღეს ბედნიერები არიან.

- ცელქი იყავი?

- ძალიან! სულ დალეწილი ვიყავი. "შრამები", მოტეხილობები ჩემთვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა. მშობლებს 24-საათიანი სანერვიულო ჰქონდათ, სულ სადღაც მეძებდნენ... ამჟამად ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, მთლიანად საქმეზე ვარ "გადართული". სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, ჩემს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ. ადრე ვამბობდი, - შავგვრემანი, მწვანეთვალება გოგონები მომწონს-მეთქი, მაგრამ ასეთი გარეგნობის შეყვარებული არასოდეს მყოლია...

ძაღლი

- ჩემს ძაღლს ედუარდი ანუ ედი ჰქვია. ის 14 წლის წინ, ბატონმა გივი სიხარულიძემ მაჩუქა. იმ პერიოდში ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშით ვიყავი გატაცებული და ძაღლს სახელი მისი პერსონაჟის პატივსაცემად დავარქვი. ავია, სულ მკბენს. მეზიზღება, მაგრამ არ კვდება და რა ვიღონო? ოჯახის წევრებს ჩემზე მეტად მგონი, ის უყვართ (იცინის)!

გართობა

- ვცდილობ, მეგობრებს არ მოვწყდე: ჩვენი გართობის სტილი ბუნებაში "გაბოდიალებას", სანადიროდ ან სათევზაოდ წასვლას გულისხმობს. ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. ქალაქგარეთ ვერთობი, თბილისში - ვერა. მანქანაში კარავი და საძილე ტომარა სულ გდია. მე და ჩემს მეგობრებს სადაც დაგვიღამდება, იქ გვითენდება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება