მანანა თოდაძე - "რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ"

 მანანა თოდაძე - "რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ"

მოსკოვში მოღვაწე მომღერალი მანანა თოდაძე მსმენელის წინაშე თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 მაისს წარდგა. მანამდე კი ქალბატონმა მანანამ ჩვენთან საუბარი მოსკოვური ცხოვრების შესახებ დაიწყო.

- ცუდია, რომ პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააფუჭა. საბედნიეროდ, ქართველ და რუს ერებს ხელოვნებაში სადავო არაფერი გვაქვს. რუსები ჩვენს კონცერტებზეც დადიან, აპლოდისმენტებსაც არ იშურებენ და ხელოვნების დაფასებაც არ ეშლებათ... პოლიტიკაში არ ვერევი და არც მაინტერესებს. ჩემს საქმეს გულით და მონდომებით ვაკეთებ. საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე ხშირად მიწვევენ ჟიურიში. კონცერტებზეც ხშირად გვიწვევენ, ქუჩაშიც გვცნობენ, მაღაზიაშიც, აფთიაქშიც და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. გვეფერებიან და იმასაც გვაგრძნობინებენ, რომ ქართულ სიმღერასა და ხელოვნებას აფასებენ. უყვართ ქართული სიმღერა, ცეკვა და ყველაფერი ქართული. რიგითი რუსებისთვის მიუღებელი და მტკივნეულია ის, რაც გასულ წლებში მოხდა, - ის, რომ ქართველები შეყარეს თვითმფრინავებში და გამოადეპორტეს. ამის გამო უხერხულად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, ეს პრობლემა კულტურულ ურთიერთობებს არ შეხებია. რუსული ესტრადის მომღერლებსაც უყვართ ქართველი მომღერლები. კორპორაციულ კონცერტებზეც ხშირად გვიწევს სცენაზე ერთად დგომა... მოკლედ, მოსკოვში სისხლსავსე შემოქმედებითი ცხოვრებით ვცხოვრობ. სამწუხაროდ, წლების წინ ჩემს ქვეყანაში, გარკვეული მიზეზების გამო, შემოქმედებითი თვითრეალიზაცია ვეღარ მოვახერხე და გამოსავლის მოსაძებნად მოსკოვში გავემგზავრე... დღეს იქ ქართულ საქმეს ვაკეთებ, რითაც ვამაყობ.

- ქართველი ხელოვანები თუ ახერხებთ ერთმანეთის თანადგომას, შეხვედრებს?

- უცხო ქვეყანაში უფრო იგრძნობა, რამდენად საჭიროა ერთმანეთის თანადგომა. დიახ, ხელოვანები ხშირად ვიკრიბებით, ერთად კონცერტებსაც ვმართავთ. თუ გავიგეთ, რომ რომელიმე ქართველს უჭირს, მაშინვე მის დასახმარებლად ვერთიანდებით, - საქველმოქმედო კონცერტებს ვატარებთ და ერთმანეთს ასე ვეხმარებით. უერთმანეთოდ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა.

- როგორც შევიტყვე, მოსკოვში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით...

- საბავშვო მუსიკალური სტუდია მაქვს. დაინტერესება დიდია. რუს ბავშვებს ქართულ სიმღერებსაც ვასწავლი. ისინიც სიამოვნებით და მონდომებით მღერიან ქართულ და მეგრულ სიმღერებს. 31 მაისის კონცერტისთვის ქართულ ენაზე მომღერალი რუსი მოზარდები მოსკოვიდან თბილისში ჩამოვლენ და მაყურებელი ნახავს და მოისმენს, რა დიდი სიყვარულით ასრულებენ ისინი ქართულ სიმღერებს.

- თბილისში ხშირად ჩამოდიხართ, მაგრამ უკვე წლებია, კონცერტი არ გაგიმართავთ...

- კი, ხშირად ჩამოვდივარ. თბილისის მიმართ საოცარი ნოსტალგია მაქვს. უკვე რამდენი წელია, რაც აქედან წავედი, მაგრამ ვერ შევეგუე იმას, რომ ამ ქალაქში არ ვცხოვრობ... ჩემი ბოლო კონცერტი თბილისში 10 წლის წინ გაიმართა. ამიტომ ოცნებად მქონდა გადაქცეული, ქართველ მსმენელს მოვფერებოდი სცენიდან, კონცერტი გამემართა, მაგრამ არ გამოდიოდა, ბევრი ხელის შემშლელი პირობა არსებობდა. ბოლოს მკაცრად დავისახე მიზნად, სოლო კონცერტი აუცილებლად ჩამეტარებინა. ჩემი უახლოესი მეგობარი, ბიძინა სირბილაძე დამპირდა, - თუ სოლო კონცერტის გამართვას გადაწყვეტ, ყველაფერში დაგეხმარებიო. ჩემი შვილიც, ლეილაც მთხოვდა, რომ გამებედა და კონცერტი მომემზადებინა. მოკლედ, ეს პროექტი, ჩემი სურვილის პარალელურად, ჩემი მოსკოველი და ქართველი ახლობლების ძალისხმევის წყალობით დაიგეგმა. ამ კონცერტის მომზადებაში დიდი წვლილი "რუსეთის ქართველთა კავშირსაც" მიუძღვის.

- რას გვეტყვით რეპერტუარზე?

- პროგრამა მრავალფეროვანია. წლების მანძილზე ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს შესრულებული. ამ კონცერტისთვის რეპერტუარის არჩევა რთული აღმოჩნდა. ვფიქრობ, არ გამომრჩეს ისეთი სიმღერა, რომელიც მსმენელს ძალიან უყვარს და მისი მოსმენა კიდევ სურს. გადავწყვიტე, ყველა ის სიმღერა შევასრულო, რომელიც პოპულარულია და ხალხს უყვარს. მოკლედ, მსმენელის წინაშე როგორც ახალი, ასევე ძველი ჰიტებითაც წარვდგები, ოღონდ ყველა ძველი სიმღერის ხელახალი დამუშავება, ახლებური გაორკესტრება და ჩაწერა მოხდა, მაგრამ შენარჩუნებულია ის ფორმა, რომლითაც მსმენელმა ისინი შეიყვარა.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი სიმღერა, რომლის პრემიერაც 31 მაისს გაიმართა, უცნაურ გარემოში დაიწერა...

- სიმღერა დათო არჩვაძეს ეკუთვნის. საერთოდ, ამ სიმღერის შექმნა და დათოს გაცნობა კურიოზულ ვითარებაში მოხდა. ჩემს მეგობარს, ბიძინა სირბილაძეს ვთხოვე, დათო არჩვაძესთან დავეკავშირებინე. ბიძინა და დათო მეგობრები არიან და ადვილად მოხერხდა ჩვენი შეხვედრა. ერთმანეთი კაფეში გავიცანით. დათოს ვთხოვე, სოლო კონცერტისთვის ჩემთვის სიმღერა დაეწერა. უცებ დათო წამოხტა და პიანინოს მიუჯდა... მოკლედ, თვალსა და ხელს შუა, არაჩვეულებრივი მელოდია შექმნა. მელოდიას ტექსტი სჭირდებოდა და ღამის პირველ საათზე დათომ ნანა კალანდაძეს დაურეკა. მერე, არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ქალბატონს შუაღამისას სახლში მივადექით. ნახევრად მძინარე მასპინძელი ჩაით გაგვიმასპინძლდა. სანამ ჩაის გეახლებოდით, ნანას მელოდიისთვის ტექსტი უკვე მზად ჰქონდა. საბოლოოდ, ულამაზესი სიმღერა გამოვიდა.

- რას გვეტყვით ლეილაზე?

- ძნელია საკუთარ შვილზე საუბარი, მაგრამ ქალაქურ სიმღერებზე უკეთ ჯაზსა და სოულს მღერის. ის უიტნი ჰიუსტონის რეპერტუარის უბადლო შემსრულებელია. ქართველი მსმენელი ლეილას ფაქტობრივად, ნაკლებად იცნობს... ჩვენს ოჯახში ტრადიციულად, ყველა მღერის. ამიტომ კონცერტზე ჩემი დისშვილი, მაია ყარყარაშვილიც გამოვა სცენაზე. მაიკოს ჰყავს არაჩვეულებრივი მომღერალი შვილი - სოფო სააკაშვილი, რომელიც სერიოზული სასიმღერო კარიერისთვის ემზადება და ჩემს სოლო კონცერტზე მოსული მსმენელი სოფოსაც მოუსმენს. იმღერებენ ჩემი "ივერიელებიც": ქართული საესტრადო სცენის "არწივი" თემურ წიკლაური და ნუგზარ კვაშალი. სიმღერას ძველი რეპერტუარიდან შევასრულებთ. მოსკოვიდან ჩამოვა ჩემი უახლოესი მეგობარი, ლიკა დოლიძე. ასევე შემოგვიერთდება ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, გიორგი მელიქიშვილი. ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია და მსმენელი აუცილებლად შეიყვარებს მის შემოქმედებას. მეტს აღარაფერს ვიტყვი, არ მინდა, საკონცერტო პროგრამა წინასწარ გამოვაცხადო, სიურპრიზებს საკონცერტო დარბაზში მოსულ მაყურებელს დავახვედრებ.

- როგორც ვიცი, ამ კონცერტისთვის სიმღერა ჯემალ სეფიაშვილმაც დაგიწერათ...

- მოკლედ, სულ 3 სიმღერის პრემიერა იქნება. აქედან 2 - დათო არჩვაძეს ეკუთვნის, მესამე კი - ჯემალ სეფიაშვილს. წლებია, ჯემალი და მე ოჯახებით ვმეგობრობთ, მაგრამ მისი სიმღერა არასდროს მქონია რეპერტუარში, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, - სიმღერა დაგიწერეო. ამ ამბავმა გამახარა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემთვის საპასუხისმგებლო კონცერტის გამართვაში მეხმარება. მათ შორის არის მოსკოვში მოღვაწე უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც ამ კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება