ფრენკ სინატრა ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას როგორც ამერიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.
XX საუკუნეში სინატრა ლეგენდარული გახდა არა მარტო მუსიკალურ სამყაროში, არამედ ამერიკული კულტურის ყველა ასპექტში. მისი გარდაცვალების შემდეგ ზოგიერთი ჟურნალისტი წერდა: "ეშმაკსაც წაუღია კალენდარი. ფრენკ სინატრას სიკვდილის დღით XX საუკუნე დასრულდა".
სინატრას სასიმღერო კარიერა ჯერ კიდევ 1940 წელს დაიწყო, სიცოცხლის ბოლოსთვის მუსიკალური სტილისა და გემოვნების ეტალონად მიიჩნეოდა. მისი შესრულებული სიმღერები ესტრადისა და სვინგის სტილის კლასიკად იქცა, რომელზეც ამერიკელების რამდენიმე თაობა აღიზარდა. ახალგაზრდობაში მეტსახელებად ფრენკისა და ხმას ეძახდნენ, უფრო გვიანდელ პერიოდში მისტერ ცისფერ თვალებს. აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების 50 წლის განმავლობაში სინატრამ 100 უცვლელად პოპულარული დისკ-სინგლი ჩაწერა.
მუსიკალური ტრიუმფის გარდა, სინატრა წარმატებული კინომსახიობიც იყო. მისი წარმატების მწვერვალი "ოსკარის" პრემია გახლდათ. სინატრას მიღებული აქვს "ოქროს გლობუსი", ამერიკული კინომსახიობების გილდიის პრემიები და სხვა. ცხოვრების განმავლობაში 80-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
ომის პირმშო
პირველი მსოფლიო ომის პირმშო ფრენკ ალბერტ სინატრა ქვეყანას ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჰობოკენში მდებარე მონრო-სტრიტზე მდგარ მრავალბინიანი სახლის მეორე სართულზე 1915 წლის 12 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას. დღეს, როდესაც საომარი მოქმედებები უკვე რვა თვეს გრძელდებოდა.
ბიჭის გაჩენის დროს დედამისმა უმძიმესი რამდენიმე საათი გაატარა, მძიმე მშობიარობის მიზეზი თითქმის ექვსკილოიანი ჩვილი იყო. იგი ოჯახში ერთადერთი შვილი გახლდათ. პატარა ფრენკის მამა, მარტინ სინატრა, გემთსაშენში მექვაბედ მუშაობდა. ვაჟის გაჩენის შემდეგ მარტინს პრობლემები გაუჩნდა, არ ჰქონდა მუდმივი სამუშაო. ამიტომ იგი საკრივო ბრძოლებში მონაწილეობდა, სადაც ძალიან მალე პოპულარული გახდა. დედამისი დოლი ჰობოკენში დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო. რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსი ბიჭის დედა გახლდათ: პირქუშ, აქტიურ ქალს ოჯახი უყვარდა, მაგრამ დიასახლისობას სოციალურსა და პოლიტიკურ საქმეებს ამჯობინებდა. დაკავებული სამუშაო გრაფიკის გამო დოლი ვაჟს დიდი ხნით დედასთან ტოვებდა. ისინი ამერიკაში იტალიიდან იყვნენ იმიგრირებული: მარტინი სიცილიელი, დოლი ჩრდილოეთ გენუიდან იყო.
გზა დიდებისკენ
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, სინატრას ბავშვობიდან ძალიან უყვარდა სიმღერა. 13 წლის ბიჭუნა ბარებში მღეროდა და ამით ფულს შოულობდა. მოზარდობაში სინატრა ჟურნალისტის კარიერაზე ოცნებობდა და გაზეთში მუშაობდა. როდესაც რედაქტორმა მიანიშნა, რომ საგამომცემლო საქმისთვის ცოდნა არ ჰყოფნიდა, სინატრამ სამდივნო სკოლაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. შედეგად, რეპორტიორად აიყვანეს - იგი სასპორტო რუბრიკას უძღვებოდა. სამსახურიდან თავისუფალ დროს ფრენკი რადიოშოუ "მეიჯერ ბოუზის" კერძო სტუმარი იყო. რადიოშოუში კვარტეტთან ერთად მღეროდა
1935 წელს ჯგუფ The Hoboken Four-თან ერთად სინატრამ ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში გაიმარჯვა და მათთან ერთად თავის პირველ ნაციონალურ ტურნეში გაემგზავრა. ამ ტურნეს შემდეგ 18 თვე ნიუ-ჯერსის მუსიკალურ რესტორანში შოუმენად მუშაობდა. სინატრას კარიერულ წარმატებას ხელი შეუწყო ცნობილ სვინგურ ჯაზორკესტრში მუშაობამ, რომლის ხელმძღვანელებიც გამოჩენილი მესაყვირე ჰარი ჯეიმსი და ტრომბონისტი ტომი დორსი იყვნენ.
1938 წელს კვარტეტი ინგლვუდ კლიფსში პირველად წავიდა საგასტროლოდ და სინატრას პირველი პროფესიონალური ჰონორარი კვირაში 25 დოლარი იყო. კვარტეტში მონაწილეობის გარდა, სინატრა კონფერანსიედ მუშაობდა და სხვადასხვა კომედიურ სცენებს წარმოადგენდა. რაღაც დროის განმავლობაში სინატრა ამ ჯგუფთან ერთად გამოდიოდა, მაგრამ უკვე 1940 წელს ტომი დორსის ორკესტრში გადავიდა, რომელთან ერთადაც ოთხმოცდაათი სიმღერა ჩაწერა. 1942 წელს მისი სოლოკარიერა შედგა. მალე ფრენკი ახალგაზრდების კერპი გახდა. 1944 წელს კოლუმბის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, დარბაზი მისი ნიჭის დამფასებლებმა შტურმით აიღეს.
1943-1952 წლებში მომღერალი სტუდია "კოლუმბია რეკორდსთან" თანამშრომლობდა, ერთ წელიწადში "კაპიტოლ რეკორდსში" გადაბარგდა. ამის შემდეგ მომღერალმა საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია დააფუძნა.