დათო ფორჩხიძე - "ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი"

დათო ფორჩხიძე - "ჩემი ცოლი არასდროს იფიქრებს იმაზე, რომ ვუღალატებ ან ვინმეში გავცვლი"

კარგი რესპონდენტების იშვიათობას ჟურნალისტები ხშირად ვუჩივით. პროფესიით ჟურნალისტი რომ აღმოჩნდა, დათო ფორჩხიძისგან არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ ჟურნალისტები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საუკეთესო რესპონდენტები არიან. რას ატლიკინებ ენასო, ეუბნებიან, მაგრამ მაინც ატლიკინებს. ალბათ იმიტომაც გვიყვარს ჟურნალისტებსაც და მკითხველსაც.

წინა კვირას საბავშვო "ახალ ხმაში" მისი გუნდის წევრმა გაიმარჯვა. დათო მწვრთნელის სტატუსით უკვე მეორედ გახდა ამ პროექტის გამარჯვებული, ალბათ ესეც ნიჭია, თუმცა დღეს ჩვენ მუსიკოსს სულ სხვა თემაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ და საკმაოდ საინტერესო, აქამდე უცნობი დეტალები ამოვქექეთ მისი ბიოგრაფიიდან.

- ჩვეულებრივ, ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მატერიალურად არასდროს გვიჭირდა, თუმცა არც ფუფუნებაში გვიცხოვრია. მამა ეკონომისტია. წლების განმავლობაში თავისი პროფესიით მუშაობდა. დედა საბავშვო ბაღის პედაგოგია და მალე ალბათ პენსიაზე გავა. მყავს სამი წლით უფროსი და. ჩვენი ოჯახის მთავარი სიმდიდრე პატიოსნება, ერთგულება და ერთმანეთის სიყვარული იყო და არის დღემდე. ჩემი მშობლების ცხოვრების წესით მივხვდი, რომ ჰაერიდან, უშრომლად არაფერი მოდის, საკუთარი მომავლის, ბედ-იღბლის განმსაზღვრელი თავად უნდა ვიყო.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლების მხრიდან?

- მამა ხშირად მისთვის წარმატებულ ადამიანებს მახსენებდა, ვისთვის უნდა მიმებაძა. მიბაძვა ცუდი სიტყვა არ არის. ჩვენ რატომღაც ცუდად გვესმის ამ სიტყვის შინაარსი. ჩემი აზრით, სულაც არ არის ცუდი, რომ ნიჭიერ ადამიანებს მიჰბაძო.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- ორივეს მიქსი ვარ. მამაჩემი ხშირად იმაზე მეჩხუბება, რაზეც თავად არის ხოლმე საჩხუბარი. მეუბნება, რომ წინააღმდეგობის მანიით შეპყრობილი ადამიანი ვარ, რომ ყველას ყველაფერში ვეწინააღმდეგები. პრინციპში მართალია, ვერ შევედავები, მაგრამ ამაში მას ვგავარ. ახლაც იმ ენაზე ვსაუბრობ, რა ენაზეც ის საუბრობდა ჩემს ასაკში. ვარ ხისტი, მკაცრი, კრიტიკული, ოღონდ ყველას მიმართ, მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც, კონკრეტულად ერთ ადამიანს აღარ ამოვიჩემებ ხოლმე, როგორც ადრე ვაკეთებდი ამას... დედა სიკეთის პროპაგანდას მიწევდა მთელი ბავშვობა და თუ რამ ამგვარი დევს ჩემში, მისი დამსახურებაა, თუმცა ისე არ გამიგოთ, რომ მამაჩემი ბოროტია. ხელოვნებასთან ურთიერთობაც დედის დამსახურებაა. ლექსებს წერდა და მერე გვიკითხავდა ხოლმე ოჯახურ წვეულებებზე. ჩვენ სულ დავცინოდით (იღიმება). ძალიან ლამაზი იყო დედა და არის ახლაც. ზესტაფონის რაიონში დაიბადა და ბავშვობაში ფილმში გადაღება შესთავაზეს. ეს მისი სანათესავოსთვის ტრაგედია იყო, უფლება არ მისცეს. ამ კუთხით წინ წავედით.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?

- მერვე კლასამდე მთაწმინდაზე ვცხოვობდით და პირველ სკოლაში ვსწავლობდი, მერე გავფართოვდით, მამაჩემს ოთხოთახიანი ბინა მისცეს და იქ გადავედით. ვარკეთილში ვისწავლე ბოლო სამი კლასი. პირველი სკოლა უფრო ნათელ ფერებში დამამახსოვრდა. პატარა ვიყავი, სიმშვიდე იყო, სიწყნარე. ვარკეთილის სკოლაში როცა ვსწავლობდი, უკვე ქვეყანა აირია.

- ქუჩის აკადემია თუ იყო შენს ცხოვრებაში და რა გამოცდილება მოგცა?

- ჩემი სამეგობროს 90% ფიქრობდა, რომ როცა გაიზრდებოდა, "ძველი ბიჭი" უნდა გამოსულიყო. ეს სტატუსი კი არა, უკვე პროფესია იყო. შემდეგ უმრავლესობა მიხვდა, რომ არ გამოსდიოდა ეს ძველი ბიჭობა და ჯობდა ემღერა, ან სხვა რამ გაეკეთებინა და ამის გამო დედიკოს ბიჭს არავინ დაუძახებდა. მახსოვს, ერთხელ, ჩემს მეგობარ ბიჭს პრობლემა რომ შეექმნა, მე ავედი კანონიერ ქურდთან და ვთხოვე, ეპატიებინათ მისთვის შეცდომა. არ ვიტყვი, ვინ იყო ის ადამიანი, მაგრამ ამ ამბავს მოგიყვებით, საკმაოდ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. მოკლედ, მოვითხოვე აუდიენცია, ჩემს უფროს მეგობრებს ვთხოვე, შემახვედრეთ ამ ადამიანს-მეთქი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ჯგუფი "სახეც" ტელევიზორში ჩანდა. შესაბამისად, ვიცოდი ისიც, რომ იმ ავტორიტეტულ პიროვნებას ჩემ შესახებაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია. რომ ავედი გრძელი თმითა და უცნაური იმიჯით, ეს პიჟონი ვინ არისო, იკითხა. მისმა მარჯვენა ხელებმა და ჩემმა უფროსმა მეგობრებმა უთხრეს, ეს ისაა, ჩვენ რომ გთხოვეთო. მერე რა, პიჟონი ფრანგულად მტრედს ნიშნავსო, იხტიბარი არ გაიტეხა (იცინის). ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ძველი ბიჭი, ძველი ბიჭების უფროსები პატივს მცემდნენ.

- რთული პერიოდი იყო, ყაჩაღობა, ქურდობა, ნარკოტიკი. ცდუნების წინაშე თუ მდგარხარ?

- არასდროს. მოსკოვში "იურმალას" ფესტივალზე როცა ჩავედი (ერთი პერიოდი ეს კონკურსი მოსკოვში ტარდებოდა, რადგან ბალტიის ქვეყნებთან ჰქონდათ პრობლემები), რამდენიმე წელი იქ გავატარე. ჩემს მეგობრებთან ვცხოვრობდი. ჩემს ოთახში იხარშებოდა წამალი. დილას იმ უბნის მილიციელი შემოდიოდა და მოიხმარდა იმ ნარკოტიკს. მერე ვიღაც ძველი ბიჭი შემოდიოდა წამლისთვის. მოკლედ, ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ როცა მათთან ერთად სხვა წრეში მოვხვდებოდი, ისეთში, სადაც არ მიცნობდნენ, თუ ვინმე წამალს შემომთავაზებდა, მე არაფრის თქმა არ მჭირდებოდა, ჩემები თვითონ ეუბნებოდნენ, ამას არ შესთავაზოთო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება