გეოლოგიიდან კინომდე - ოპერატორ ლომერ ახვლედიანის არჩევანი

გეოლოგიიდან კინომდე - ოპერატორ ლომერ ახვლედიანის არჩევანი

მისი თაობის წარმომადგენლები ხშირად გულისტკივილით ლაპარაკობენ იმ თბილ გარემოსა და ადამიანების ერთმანეთთან გულისხმიერ დამოკიდებულებაზე, რომელშიც მათმა ბავშვობამ გაიარა. განსხვავება მაშინდელი და დღევანდელი საზოგადოების ურთიერთობებში იყო პირველი თემა, რაზეც ოპერატორ ლომერ ახვლედიანს შინ სტუმრობისას ვკითხე და თავდაპირველად ახალგაზრდობის გახსენება ვთხოვე...

- შეუძლებელია, ახალგაზრდობის წლები კარგად არ გახსენდებოდეს. რაც უფრო შორდები ბავშვობას, მით უფრო ლამაზი და კარგი ჩანს ის. საზოგადოებაში დამოკიდებულებები პრინციპულად შეცვლილია. ჩვენს დროს გოგონას სახლში მიცილება, კინოში წასვლა, სეირნობა განსაკუთრებული სითბოს მომგვრელი და ემოციური მოვლენა იყო. ჩემი წლებიდან და დღევანდელი გადასახედიდან მეჩვენება, რომ მანდილოსნისადმი დამოკიდებულება მაშინ უფრო რომანტიკული და ამაღლებული იყო, ვიდრე დღესაა. თბილისი პატარაა, ეროვნებას ყურადღებას არავინ აქცევდა და ეს უბნის პრინციპი იყო. სოლოლაკში გავიზარდე, ოროთახიანი ბინა გვქონდა სულხან-საბას ქუჩაზე, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ის უშველებელი იყო (იღიმის). სამი დედმამიშვილი ვართ, უმცროსი და-ძმა მყავს.

- რაც შეეხება პროფესიულ არჩევანს, 17 წელი ის ასაკია, როცა ბავშვს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, რა ისწავლოს და ხშირად გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები იღებენ. ვიცი, რომ თავდაპირველად "გეპეიში" ჩააბარეთ...

- დიახ, 17 წელი მცირე ასაკია იმისთვის, რომ მიხვდე, რა გინდა აკეთო ცხოვრებაში. გამიხარდა, რომ თქვენც ასე ფიქრობთ. ჩემი აზრით, იმ პერიოდში, როცა სკოლას ამთავრებდი, აუცილებელი იყო ინსტიტუტში ჩაბარება, შემდეგ მეცნიერ-მუშაკი უნდა გამხდარიყავი. დღეს თქვენს თაობაში და შემდგომ, ახალგაზრდას გაცილებით მეტი საშუალება აქვს. ადრე იწყებენ მუშაობას და მალე ხდებიან დამოუკიდებლები. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ამიტომ გზა ნებისმიერ ინსტიტუტში ხსნილი მქონდა. ბიძაჩემი "გეპეიში" სამთო ფაკულტეტის დამაარსებელი იყო, ხოლო ჩემზე ხუთი წლით უფროსი დეიდაშვილი გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მეც გეოლოგიურზე ჩაბარება მოვინდომე, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მაინც რაღაც სხვა მინდოდა. ეს იყო თეატრი, წიგნის კითხვა, კინოში გაქცევა. ჯერ კიდევ ბოლო კურსიდან პალეობიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, მაგრამ გულს ვერ ვუდებდი. ღმერთმა ნუ ქნას, მთელი ცხოვრება ის აკეთო, რაც არ მოგწონს. ძნელია, არ გსიამოვნებდეს იქ მისვლა, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებ. ოთხი წლის შემდეგ სამუშაოდ კინოსტუდიაში წავედი. ჩემი მიღება მეგობრებმა ტიტო კალატოზიშვილს სთხოვეს. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, მარტო ჩემს მეუღლეს, ნანას არ დაუწუნებია ჩემი არჩევანი. მაშინ უკვე პირველი შვილიც გვყავდა - ნინო, მეორე შემდეგ შეგვეძინა - არჩილი. დავუწყე ნინოს ფოტოების გადაღება და ეს კინოს მიმართ სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება იყო (იღიმის).

- კინოსტუდია "ქართულ ფი­ლმში" არაერთ რეჟისორთან გიმუშავიათ, მათ შორის იყვნენ თენგიზ აბულაძე, ლანა ღოღობერიძე, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, თემურ ფალავანდიშვილი. მამაკაც და ქალ რეჟისორებს შორის განსხვავება თუ იგრძნობოდა?

- არა. ფაქტობრივად, ჩვენს ყველა რეჟისორთან ვიმუშავე, ბატონი ოთარ იოსელიანის გარდა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი პირველი ფილმი ბატონ თენგიზთან გადავიღეთ. მას და ბატონ ტიტოს დიდი ღვაწლი აქვთ ჩემზე. თენგიზ აბულაძე საოცარი პიროვნება იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მასზე უმცროსი ვიყავი, მაგრამ ძალიან დავმეგობრდით. მასთან ჯერ ოპერატორის ასისტენტად ვმუშაობდი, "ვედრების" გადაღების დროს - მეორე ოპერატორად, პირველი საშა ანტიპენკო გახლდათ. ამის შემდეგ მე და ირაკლი კვინიკაძემ გადავიღეთ ფილმი "ქვევრი" - რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით. შემდეგ უკვე თენგიზმა მთავარ ოპერატორად დამიძახა. მაშინ ის იღებდა ფილმს "სამკაული სატრფოსთვის". აქ კარგი დეტალია და გეტყვით (იღიმის), იმ დროს მე რეჟისორობა მინდოდა და ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, მის ასისტენტად მემუშავა. ჯერ ეს ფილმი გადაიღე და მერე ვნახოთო, - მითხრა მან. პირველად, როცა გადაღებას ვიწყებდი, თენგიზმა და ტიტომ კინემატოგრაფიის თვალსაზრისითაც ბევრი რჩევა მომცეს. საერთოდ, ვფიქრობ, ჩემი მუშაობის პირველ პერიოდში ძალიან გამიმართლა, რადგან ვიმუშავე შესანიშნავ რეჟისორებთან. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონია ლანა ღოღობერიძე. ჩვენ ერთად გადავიღეთ "აურზაური სალხინეთში". ასევე ბატონ ელდარ შენგელაიასთან, მასთან მუშაობაც დღესასწაულივითაა. ბოლოს საქართველოში მასთან ერთად გადავიღე ფილმი "ექსპრეს ინფორმაცია".

- არის ფილმები, რომელთაც ყოველთვის ჰყავს მაყურებელი, მაგრამ პირადად თქვენთვის რომელია ყველაზე ძვირფასი?

- ცალსახად თქმა რთულია, მაგრამ ჩემს ბიოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვან ფილმად "ნატვრის ხე" მიმაჩნია. ახლახან მოსკოვში ვიყავი და ორ ღონისძიებაზე უჩვენეს ეს ფილმი. დიდი ხანი არ მქონდა ნანახი და საოცრად მომეწონა. მართლა დიდი ფილმია. ეს მხოლოდ ჩემი აღიარება არ არის, მთელი კინემატოგრაფიული სამყარო ასე ფიქრობს და თან უყვარს ყველას, ვინც ნახა. მათ შორის ახალგაზრდებსაც, განსაკუთრებით მათ, ვინც კინოს სფეროში მუშაობს. ოპერატორისთვის გამართლებაა ამგვარი მნიშვნელოვანი ნაწარმოებების გადაღება. კინო ბევრი ადამიანის შრომის შედეგად იქმნება, მაგრამ იმავდროულად არ გამოვრიცხავ რეჟისორის უპირატესობას. ჭკვიანი რეჟისორი ისაა, რომელიც კარგი მასალის არსებობის დროს, ცდილობს თანამოაზრეებსა და პროფესიონალებთან იმუშაოს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი ვიყავი, როცა თენგიზმა "ნატვრის ხეზე" სამუშაოდ დამიძახა. თავშეკავებული კაცი ვარ, მაგრამ არ მრცხვენია იმის თქმის, რომ "ნატვრის ხე" ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რაც მე მინახავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება