"პოეზიის საღამოსთვის ვემზადები"

"პოეზიის საღამოსთვის ვემზადები"

მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ ახალი ამპლუა მოირგო - ის "მაგთიფანის" წამყვანი გახდა. ქვეყანაში მუსიკალური კონკურსების მომრავლებას მიესალმება, რადგან მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალება აქვთ. პოპულარული თავადაც "მაგთიფანის" მსგავსი პროექტით გახდა.

პრეამბულის მაგიერ

- ქეთი, პირველი კონცერტის დღეს ალბათ განსაკუთრებით ღელავდი...

- ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ყველა სირთულის დაძლევაში სოსო თოლორაია დამეხმარა. მას ამ მხრივ, დიდი გამოცდილება აქვს. დაძაბულობა ნელ-ნელა მეხსნება. ალბათ ამას მაყურებელიც ატყობს.

- სოსოს მანამდე იცნობდი?

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა სოსო ტელევიზორში ჩანდა. პირადად არ ვიცნობდი. არაჩვეულებრივი ადამიანია. პროფესიონალია, ვცდილობ, მისგან ბევრი რამ ვისწავლო. კონკურსი თანდათან საინტერესო ხდება.

- კონკურსანტებზე რას იტყვი? შენი ფავორიტი გყავს?

- მყავს, თან - არაერთი. ჩემი აზრით, კარგი ნაკადი მოვიდა. რეზერვისტებიც რომ თავიდანვე შემოსულიყვნენ, მაყურებელზე მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ.

- "მაგთიფანის" წამყვანობის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?

- ბევრი ახალი ლექსი დამიგროვდა. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ვწერ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, რომ ჩემი პოეზიის საღამო საზღვარგარეთ გაკეთდეს.

- თბილისში არ გინდა?

- ჩაფიქრებული მქონდა, საღამო და წიგნის პრეზენტაცია ერთ დღეს მომეწყო, მაგრამ წიგნის გამოცემის საქმე იმდენად გაჭიანურდა, თითქოს ინტერესიც დავკარგე. ბოლო პერიოდში აქტიურად ვწერ, მგონი 2 წიგნის ლექსები დამიგროვდა.

- ერთი ლექსი ჩვენს მკითველს წაუკითხეთ...

- სიამოვნებით. "თვალთ დაგკლებია, ვით ჭარმაგ მოხუცს,/ ისმენ და არ გსურს თან გაგონება./ მე მინდა შენი წაუბილწავი, შეულახავი წმინდა გონება,/ იცი, ათასჯერ გათელილ წალკოტს, აღარ ატყვია მისი იერი./ სხვისი ნაღეჭი ლუკმის ჩაყლაპვას,/ მე მირჩევნია, მოვკვდე მშიერი".

- გამორჩეულად რომელი ავტორი გიყვარს?

- ერთი მწერლის ან ერთი მუსიკოსის დასახელება ყოველთვის მიჭირს. ერთი პერიოდი ჩემზეც და ჩემს პოეზიაზეც შექსპირის სონეტებმა დიდი გავლენა მოახდინა. წლების შემდეგ კი ის ლექსები აღარ მომეწონა და აღარც გამოვაჩინე. ჩემი აზრით, ხელოვნების რომელ სფეროსაც უნდა მიეკუთვნებოდე, შენს ნამუშევრებში ინდივიდუალიზმი უნდა იგრძნობოდეს.

- ახლა რას კითხულობ?

- არაფერს, საშინელი გრაფიკი მაქვს და წიგნამდე ვეღარ მივედი. დრო რომ მქონდეს, ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებებს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.

- დაასახელე ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მისი გვარის პირველ ასოს ვერ მეტყვი?

- "მ".

- მუსლიტერატურა უნდა გავიხსენო (ფიქრობს), მოცარტი.

- ამბობენ, რომ ის მოცარტის შთაგონების წყარო იყო. ერთხელ მოცარტის მიერ ახალდაწერილი კომპოზიციის ფრაგმენტი წაიმღერა, თან მცირე შესწორება შეიტანა. მოცარტმა აღიარა, რომ ახალი მოსმენილი ვარიანტი უკეთესად ჟღერდა და ასე შეიტანა ნაწარმოების საბოლოო ვარიანტში. დაასახელე მოცარტის შთაგონების წყარო.

- ვერ გიპასუხებ.

- მიგანიშნებ, ამ შემთხვევაში ფრინველის ერთ-ერთ სახეობაზეა ლაპარაკი.

- ფრინველის? მით უმეტეს - ვერ გიპასუხებ.

- შოშია. ეს ქალბატონი ისტორიაში თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულების გამო შევიდა. სურათზე ხელის მტევნის ძვლები და თითზე საქორწინო ბეჭედი იყო გამოსახული. დაასახელე მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაში ეს პირველი სურათი იყო.

- ასეთ რთულ კითხვებს რატომ მისვამ? - არ ვიცი.

- რენტგენი.

- მართლა? კი გისაყვედურე, მაგრამ პასუხი რომ გავიგე, კითხვა მომეწონა. ამას აუცილებლად დავიმახსოვრებ. მოცარტის შოშიამ "დამღუპა".

- "რაც უნდა გენიალური, ახალი ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დაეთანხმება შენი ტვინიდან გადმოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ". - დოსტოევსკის რომელ ნაწარმოებში ვხვდებით ამ სიტყვებს? მიგანიშნებ, ეს ნაწარმოები 1869 წელს დაიწერა.

- "იდიოტზე" ვფიქრობ, ასეა?

- გამოიცანი. როგორ მცენარეებს უწოდებენ მონოკარპულს?

- ზუსტად არ ვიცი, "მონო" ერთს ნიშნავს და... შეიძლება, ისეთ მცენარეებს, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ყვავიან.

- ნამდვილად ასეა. ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- რას ნიშნავს არაბული სიტყვა - "აშუღი"?

- მიჯნურს, შეყვარებულს.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხარ?

- არაფერიც არ ხდება. ახლა მთლიანად საქმეში ვარ თავით გადაშვებული.

- რა მოსდით ყვავილებს, თუ მათ მუსიკას ხშირად ვასმენინებთ?

- მუსიკას გააჩნია (იცინის). მსმენია, დიდხანს ცოცხლობენო.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს: სიმფონიური, საორგანე თუ საესტრადო?

- საორგანე.

- მულტიპლიკაციური ფილმები გიყვარს?

- რა თქმა უნდა.

- რა ჰქვია კომბლეს ძროხას?

- ჭრელა.

- რა განაპირობებს ადამიანის კანის, თმისა და თვალის შეფერილობას?

- პიგმენტი.

- რისი შიშია ნომოფობია?

- არ ვიცი.

- მობილურის არქონის.

- ეგეთი შიშიც არსებობს?

- რა თქმა უნდა. შენ რისი შიში გაქვს?

- სავსე მთვარე არ მიყვარს და ადამიანებში - ნაცრისფერი თვალები. სავსე მთვარეს რომ ვუყურებ, წუხილის შეგრძნება მეუფლება, თითქოს რაღაცას ვნერვიულობ. მოულოდნელობებიც არ მიყვარს. წყნარად რომ ვსხედვართ და უეცრად ვიღაც მთელი ხმით დაიყვირებს, ძალიან ვფორიაქდები.

- რას შეისწავლიან სპელეოლოგები?

- მღვიმეებს.

- რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი - "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- კლასში 35 მოსწავლეა, შეიძლება თუ არა, თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?

- არა, რადგან ამდენი ასო ჩვენს ენაში არ არის.

- მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინეთის დიდ კედელზე, სხვა რა უნდა იყოს?

- ინგლისის რომელი ქალაქიდან იყვნენ ლეგენდარული ჯგუფის - "ბითლზის" წევრები?

- ლივერპულიდან.

- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის - "მიმინო"?

- გია ყანჩელმა.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა. რომელ ფორმაზეა ლაპარაკი?

- ძნელი მისახვედრი არ არის, - "ჩოლკა".

- გოგოლი, დოსტოევსკი, შევჩენკო, ნეკრასოვი - ჩამოთვლილთაგან, რომელი იყო პროფესიონალი მხატვარი?

- ვერ გიპასუხებ.

- შევჩენკო. როგორც ცნობილია, სიმღერა საქართველოში, ისევე, როგორც შელოცვა, სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. რომელი სამკურნალო ხალხური სიმღერის დასახელება შეგიძლია?

- "ბატონებო".

- მას მარხილის ძაღლს უწოდებენ, უძლებს ნებისმიერ დატვირთვას და შეჩვეულია ყინვას. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უშიშარი ძაღლია, ამავე დროს - სწრაფიც. რომელ ჯიშზეა ლაპარაკი?

- ლაიკაზე.

- ძაღლები გიყვარს?

- ზომიერად. სახლში იაქტტერიერი მყავს. საკმაოდ ჭკვიანია.

- "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში, ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს: მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია". რომელი ქართველი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ოტია იოსელიანი.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- დაფიქრებას აზრიც კი არ აქვს, არ მახსოვს.

- ქეთი, ხომ არ დაიბენი? თუ გინდა, კითხვას გაგიმეორებ.

- არა, მართლა არ მახსოვს და სახელების ჩამოთვლას ხომ არ დავიწყებ?

- დაფიქრდი, სახელების ჩამოთვლა რა საჭიროა?

- (პაუზის შემდეგ) ისაკი. რა სასაცილო გამოვედი, არა?

- დაბოლოს, დაასრულე სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამი: "ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ მე..."

- "...სულელი არ ვარ".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება