მართალია, ამ ეტაპზე რუსთაველის თეატრში ახალი არაფერი ხდება და მსახიობები მხოლოდ სარეპერტუარო სპექტაკლების თამაშით არიან დაკავებულნი, მაგრამ მსახიობმა ია სუხიტაშვილმა ეს თავისუფალი პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და საკუთარ შემოქმედებას კინოროლები შემატა. გარდა ამისა, იამ კულინარობაც შეისწავლა და ქმარს, მიშა მესხს და შვილს, რომელიც კახა ახვლედიანთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს, გემრიელი კერძებით ანებივრებს. ია რუსთაველის თეატრში შექმნილ ვითარებაზე, შემოქმედებაზე, ოჯახსა და შვილზე გულახდილად გვესაუბრა.
- იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრში მთელი რიგი რეფორმები განხორციელდა, დაბრუნდა ბატონი რობერტ სტურუა და ამ ეტაპზე კადრების რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ახალი არაფერი ხდება, ოქტომბრიდან იგეგმება გასტროლები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც დიდი ხანია ჩვენს თეატრს არ ჰქონია, ვგულისხმობ მასშტაბურ გასტროლებს და არა ორ-სამდღიანს. იმავდროულად, ალბათ გამოჩნდება ახალი სპექტაკლები, რომელიც შეემატება რუსთაველის თეატრის რეპერტუარს.
კინოს თვალსაზრისით უფრო მაქვს სიახლე. ორი თვეა, რაც დავამთავრე ლევან კოღუაშვილთან მუშაობა ფილმზე, რომლის სამუშაო დასახელებაა "ორი მელოტი". ეს გახლავთ დრამა-კომედია, რომელშიც მთავარ როლს ვთამაშობ. საკმაოდ მძაფრი ფილმია, მაგრამ იმავდროულად სასაცილოცაა, კომიკური ფონი გასდევს. ყველა მსახიობს თავისი პატარ-პატარა ოცნებები აქვს, მეც არ ვარ გამონაკლისი, ძალიან მინდოდა ლევანთან მემუშავა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მის მიერ გადაღებული "ქუჩის დღეები" ვნახე. ასე რომ, ავიხდინე ეს სურვილი. ამ ფილმის გადაღებები ყოველთვის კარგად გამახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ პატარა მსხვერპლის გაღებაც მოგვიხდა: ფილმში მოქმედება ვითარდება სექტემბერში, რეალურად კი ქობულეთში გადაღებებზე წავედით დეკემბერში, გადაღებების პროცესში გვეცვა ძალიან თხლად, თან წვიმდა, ქარი იყო და ვიყინებოდით, მაგრამ დავასრულეთ თუ არა მუშაობა, გამოვიდა ფანტასტიკური ამინდი და არც იგრძნობოდა, რომ ზამთარი იყო. მართალია, დავიხოცეთ სიცივისგან, 12-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, მაგრამ მაინც საინტერესო იყო პროცესი, საოცრად სასიამოვნოა ლევანთან მუშაობა.
მოგეხსენებათ, კინოცენტრში მოხდა რეორგანიზაცია, ქალბატონი ნანა ჯანელიძე დაინიშნა კინოცენტრის დირექტორად და უკვე აქტიურად შეუდგა მუშაობას. 30 სცენარი გაიტანეს განხილვაზე, მათგან შეირჩა 18, გამოცხადდა კონკურსი და ის სცენარი მოიპოვებდა დაფინანსებას, რომელიც 110 ქულას გადალახავდა. ასეთი აღმოჩნდა ოთხი, მათ შორის რუსიკო გლურჯიძის, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის დაიწყებს გადაღებებს და მის ფილმშიც ვითამაშებ მთავარ როლს, კარგი სცენარია და საინტერესო გმირი მხვდა წილად. გარდა ამისა, მალე დავიწყებთ ანრი ჯოხაძის კლიპზე მუშაობას, თუმცა ამ თემაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. საერთოდ, ძალიან მომწონს ანრი, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც არ ავიწყდებათ ის ფასეულობები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, პროფესიონალი ადამიანების შემოქმედების წინ წამოწევა ახასიათებს და ეს მისასალმებელია. როცა დამირეკა და იდეა გამაცნო, აღვფრთოვანდი და ყოველგვარი ფიქრის გარეშე ვუთხარი, როცა გინდა, დავიწყოთ მუშაობა-მეთქი.
საბედნიეროდ, უსაქმოდ არ ვარ. როდესაც სპექტაკლზე ვმუშაობ, თითქოს არ ჩანს კინოს პერსპექტივა, მაგრამ თუ თეატრში პაუზა მიჩნდება, კინო შემოდის ჩემს შემოქმედებაში და ეს ჩანაცვლებები მახარებს.
რობერტ სტურუა და რუსთაველის თეატრი
... ვინც რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან წასვლის შემდეგ მხარში დაუდგა, იყვნენ ამავე თეატრის მსახიობები, არ ვგულისხმობ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც ყოველთვის იქ ჩნდებიან, სადაც მთავრობის საწინააღმდეგო აზრია, ეს უკვე მათ მოვალეობად იქცა. თეატრის მსახიობებმა ამ დიდი რეჟისორის გვერდით დგომით საკუთარი შემოქმედება, სამსახური, შემოსავალი დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან იმ პერიოდის მთავრობას ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც გვქონდა განსხვავებული, გნებავთ, რობერტ სტურუას მხარდამჭერი პოზიცია, შეეძლო გაეთავისუფლებინა თეატრიდან. საქართველოში კინოინდუსტრია არაა იმ დონეზე განვითარებული, რომ იფიქრო, თუ არ ვიქნები თეატრში, წელიწადში ორჯერ მაინც გამომიჩნდება კინოში როლი და ამით ვირჩენ თავსო. მსახიობისთვის თეატრი არის ყოველთვიური სტაბილური ხელფასი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა დავდექით დიდი მაესტროს გვერდით. წელიწად-ნახევარი ასეთი გიგანტი რეჟისორი გათავისუფლებული იყო თეატრიდან და რომ არა ხელისუფლების ცვლა, არც დაბრუნდებოდა.