ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი საქართველოში პირველი ფიტნესმოდელია

ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი საქართველოში პირველი ფიტნესმოდელია

ია უძილაური საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ იუმორისტ ნიკა გრიგოლიას მეუღლის რანგში გაიცნო. მაშინ ია დასთან, მიშა ანდღულაძის მეუღლესთან ერთად დიზაინერობით იყო გატაცებული. მოგვიანებით წყვილი დაშორდა, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ - ნიკოლოზ გრიგოლია. ჰქონდათ დაძაბული პერიოდი ცხოვრებაში, მაგრამ ახლა, როგორც ია ამბობს, მათი ურთიერთობა გაუმჯობესდა. ცოტა ხნის წინ ია "კომედი შოუს" სერიალში გამოჩნდა - "ვნებების ჭუჭრუტანა". მისი გმირი პანჩიტა მოსამსახურე გოგონაა, რომელსაც ბატონი ეტრფის.

თუმცა იასთვის დღეს სერიოზული საქმიანობა ბოდიბილდინგია და პირველი ქართველი ფიტნესმოდელია. ახლახან შეჯიბრებაზეც გამოვიდა, მაგრამ რადგან მის გარდა სხვა ქალბატონი არ მონაწილეობდა, მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლით დაკმაყოფილდა.

- ბავშვობიდან სპორტული ვიყავი, მოყვარულის დონეზე ვმონაწილეობდი ტურნირებში - ფეხბურთის, ფრენბურთის... ვცდილობდი, ჯანსაღი ცხოვრების წესით მეცხოვრა. ვარჯიში ყოველთვის მაინტერესებდა და სახლის პირობებში ვვარჯიშობდი მსუბუქად, ჰანტელებით. ვაკეთებდი პრესს. შარშან შემოდგომაზე სპორტულ დარბაზში გადავინაცვლე. რა თქმა უნდა, იქ უკეთესი პირობები მქონდა და მეტი მოტივაციაც.

- ამ სპორტში ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს?

- არა, ზრდასრული ადამიანისთვის არ არსებობს. ასეთი ვარჯიში ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის სასურველი არ არის, თუმცა მსოფლიოში მაინც არის პრეცედენტები, არსებობენ ბოდიბილდერი ბავშვებიც. საქართველოში ჩემპიონატი ბოდიბილდინგში წინა წლებშიც ტარდებოდა, მაგრამ გოგონა არ გამოსულა. საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ ქალი მონაწილეებიც. ჩვენთან ბოლო ხანებში სულ უფრო პოპულარული ხდება ბოდიბილდინგი, თუმცა არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალს ძალისმიერი ვარჯიში არ უხდება, ჰგონიათ, რომ ძალიან უნდა დაიკუნთო, არადა, ბოდიბილდინგშიც სხვადასხვა კატეგორია არსებობს. არ არის აუცილებელი დაკუნთვა, თანაც ეს არც ისე ადვილია, როგორც ჰგონიათ (იღიმება).

- შინაგან ორგანოებზე უარყოფითად არ მოქმედებს სიმძიმეების აწევა?

- როცა ყველაფერს სწორად აკეთებ - არა. მე არაფრის მეშინია, რადგან მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მყავს. ის ექიმიც არის, დიეტას და ჯანმრთელობას აკონტროლებს, პატარა, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი. ამ სპორტში ვარჯიშზე არანაკლებ მნიშვნელოვანი დიეტაა, რომელიც საკმაოდ რთულია - ნაკლები ცხიმი, მეტი ცილა, გარკვეული რაოდენობის სითხე. სამი თვის წინ გადავწყვიტე, შეჯიბრებაზე გამოვსულიყავი და მკაცრად, გრამობით გაწერილ დიეტას პირნათლად ვასრულებდი.

- არ გიჭირს ამ რეჟიმით ცხო­ვრება?

- ძნელია, მაგრამ მიზნად დავისახე, რომ შეჯიბრებაზე გამოვსულიყავი. თან დედამ მაინცდამაინც ახლა დაიწყო რაღაცების გამოცხობა (იღიმება). ოჯახის წევრები თავიდან ვარჯიშით ჩემს დაინტერესებას გატაცებად აღიქვამდნენ და კრიტიკულად უყურებდნენ, დღეს, როცა ერთადერთი ფიტნესმოდელი ვარ და სერიოზულად მოვკიდე ხელი, უკვე მხარში მიდგანან. ახლა მეც ვავარჯიშებ რამდენიმე ადამიანს პერსონალურად. თავიდან ამის სურვილი უცხოელებმა გამოთქვეს. ბევრი მწერს ხოლმე სოციალურ ქსელში და რჩევებს მეკითხება. სასიამოვნოა, როცა საკუთარ თავზე ხედავ შედეგს და განსაკუთრებულად სასიამოვნოა, როცა ამ შედეგს სხვაზეც, შენს მოსწავლეზე ხედავ.

- საქართველოში მოდელების წონა და სიმაღლე ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი. შენ, თუ არ ვცდები, პირველი ფიტნესმოდელი ხარ...

- არ ვიცი, არიან სპორტული გოგონები, თუმცა უშუალოდ ამ სპორტით დაკავებული არ გამიგია. არადა, ძალიან მინდოდა, მარტო არ ვყოფილიყავი შეჯიბრებაზე. ამჯერად მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლა მქონდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს კონკურენციაც იქნება.

- ბავშვი როგორ აღიქვამს დედის ბოდიბილდერობას?

- ყველაზე მეტად დედა და ჩემი შვილი მგულშემატკივრობენ. თავიდან ოჯახი სკეპტიკურად უყურებდა ჩემს ვარჯიშს. ფიქრობდნენ, მომიხდებოდა თუ არა, მაგრამ დედას ახლა ძალიან უხარია და ყველაფერში მონაწილეობს. სანამ აქტიურად ჩავერთვებოდი, ბავშვს მანამდეც მოსწონდა, გირებით რომ ვვარჯიშობდი. ბავშვებს მოსწონთ ნავარჯიშები ადამიანები, მათთვის სიძლიერის სიმბოლოა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება