ბუბა კიკაბიძე ბოლო დროს არსად ჩანს... ამბობს, რომ პოლიტიკაზე საუბარი დაამთავრა, თუმცა მაინც ურეკავენ ჟურნალისტები და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრს ეკითხებიან. "ეს ცოტა გამაღიზიანებელიც არის ჩემთვის, რადგან არაერთხელ ვთქვი, მოვრჩი ყველაფერზე ლაპარაკს-მეთქი, მაგრამ დუმილი მაინც დამარღვევინეთ... არადა, ყველაფერზე ვთქვი ჩემი აზრი, აღარ მინდა მეტი საუბარი. ახლა სხვებმა ილაპარაკონ. მე მათ სიამოვნებით მოვუსმენ. ჩემი სიტყვები, თავის დროზე, ქართველმა ხალხმა ისე მიიღო, როგორც მინდოდა. მიხარია, რომ ხალხს, ჩემს მსმენელს ვუყვარვარ..." - ამბობს მომღერალი ჩვენთან საუბრისას. კატეგორიული უარის მიუხედავად, რამდენიმე აქტუალურ თემაზე საუბარმა მაინც მოუწია.
- ბატონო ბუბა, რამდენი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდით და რუსეთში არ ყოფილხართ?
- 2008 წლის შემდეგ რუსეთში არ ვყოფილვარ, ანუ იმის შემდეგ, რაც ომი დაიწყო და აქ ტანკები შემოვიდნენ... ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომელსაც არ ვცვლი.
- ამ დროის განმავლობაში ალბათ არაერთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გქონდათ...
- დიახ, მართლაც ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა... საქმე ისაა, მომღერალი კაცი სცენაზე რომ გამოდის, მას უნდა უხაროდეს. უნდა გინდოდეს - იმღერო. რამდენიმე ხნის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ჟურნალისტები და ჩემთან ინტერვიუზე მოსულებმა მითხრეს, უკვე ხომ ყველაფერი კარგად არის, რუსეთში ქართულ ღვინოსა და ბორჯომს ვიღებთ და ჩამოდი რა, იმღერეო...
- ენატრებით რუს მსმენელს.
- კი, ვენატრები და მეც მენატრება ჩემი მსმენელი, მაგრამ ასე არ შეიძლება. ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ ნამგლისა და უროსდროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ, ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დროინდელი მენტალიტეტით, რომელიც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. მე აზრი არ შემიცვლია. ადრეც ვთქვი, წლებია ვამბობ, გაიყვანეთ ტანკები და თუ ჩემი სიმღერა რამეს ნიშნავს, ჩამოვალ და სიამოვნებით ვიმღერებ-მეთქი.
- ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- მიმაჩნია თუ არ მიმაჩნია, სხვა რამეა, მე საქართველოს შვილი ვარ და ასე ვფიქრობ, ქართველი ბუბა კიკაბიძის აზრი ასეთია და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. რისთვის ახრჩობ ამ პატარა ქვეყანას?! - გაუშვი თავის ნებაზე, იცხოვროს და იარსებოს, როგორც თავად მიაჩნია სწორად და თუ რამე შეეშლება, თავად გამოასწორებს თავის შეცდომებს... დავიწყეთ ამის გარკვევა, ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო. მტკივა ეს ყველაფერი და სულს მიფორიაქებს. როცა ვხედავ, რომ აქ, ჩემს მიწაზე, ნახევარი მილიონი ქართველი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა და უსახლკაროდ დატანტალებს, ამ დროს კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში ვერ ვიდგები და ვერ ვიმღერებ. მე ასეთი ბუნების კაცი ვარ და რა ვქნა. ცრემლიანი და ტკივილიანი სიმღერა ყველაზე მძიმე შესასრულებელია. მეც მქონია ასეთი პერიოდი, ატირებულს მემღერა, ეს გმირობაა, მაგრამ იმას, ვისაც ჩემი ქვეყნის უბედურებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ვერ ვუმღერებ.
- თუმცა საქართველოდან არაერთი, როგორც სამშობლოში, ისე მსოფლიოში აღიარებული ანსამბლი წავიდა რუსეთში. ისინი იმედოვნებენ, რომ ქართული ხელოვნება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას დაათბობს.
- კი ბატონო. ყველა თავისებურად ფიქრობს. შეიძლება, მე მეშლება... თუ სახელმწიფო გამომიცხადებს - შენზეა დამოკიდებული, შენი სიმღერა საქმეს სჭირდება და რამე გამოსწორდებაო, მაშინ წავალ და, რასაკვირველია, ვიმღერებ. რაც უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ამის გაკეთება, მაინც გადავდგამ ამ ნაბიჯს. მაგრამ შეცვლის კი ეს რამეს... გადაჭრით არ ვამბობ, არ შეცვლის-მეთქი, შეიძლება, მე მეშლება, უბრალოდ, არც ამაზე მაქვს პასუხი... ძალიან ხშირად მირეკავენ რუსეთიდან. ტრაბახში არ ჩამომართვათ, ლამის ყოველდღე. ამას წინათ მთელ რუსეთში 30 კონცერტის გამართვა შემომთავაზეს, ოღონდ ჩამოდით და ერთ დღეში ყველა ტექნიკურ საკითხს მოვაგვარებთო. გამეღიმა, ოღონდ კეთილად. კარგია, როდესაც მსმენელს ასე ენატრები და აკლიხარ. ეს მომღერლისთვის უდიდესი ბედნიერებაა, რადგან ჩვენ, მომღერლები, კონცერტიდან კონცერტამდე დარბაზიდან მიღებული მსმენელის ემოციითა და სიყვარულით სავსე თვალებით ვცხოვრობთ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვთანხმდები.
- რაც მატერიალური თვალსაზრისითაც დიდი დანაკლისია ალბათ...
- ძნელია, არ დაგეთანხმოთ. მეექვსე წელიწადია, რუსეთში არ ჩავსულვარ და რად უნდა ლაპარაკი, ეს მატერიალურადაც წამგებიანი იყო, მაგრამ ფული და მატერიალური კეთილდღეობა ყველაფერს არასდროს ნიშნავდა, მით უფრო ახლა არ ნიშნავს. მე რომ იქ ჩავსულიყავი და მემღერა, ჩემი თავის პატივისცემა დამეკარგებოდა. პროფესიიდან გამომდინარე ვლაპარაკობ და ადამიანურადაც.
- ვიცი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს ყურადღებით ადევნებთ თვალყურს...
- დიახ, ამის გარეშე საქართველოში ცხოვრება შეუძლებელია, სამწუხაროდ. ეს არ არის კარგი. ხანდახან ვფიქრობ, არ შეიძლება ამდენი პოლიტიკა. დიდი და პატარა პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობს, განიხილავს. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. ყველა ტელევიზორს მისჩერებია საინფორმაციოს მოლოდინში. არადა, გარშემო უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ არის. განვიცდი ამ ყველაფერს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვერაფრის ანალიზს ვერ ვაკეთებ. ერთ რამეს კი ვხედავ, დიდი ხანია, ქართველები გაიყვნენ და ამაზე უარესი საშინელება არ არსებობს პატარა ქვეყნისთვის. ამიტომაც არსად დავდივარ, არსად ვჩანვარ და არც არავის ვესაუბრები დღევანდელ მოვლენებზე. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო პოლიტიკური საკითხები, გავიდოდი და ვიტყოდი, ყველამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ქართული მრავალჟამიერი ვიმღეროთ-მეთქი. ახლაც ამ აზრზე ვარ. ჯერჯერობით არ უნდათ ასე და რა ვქნა.