თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე - "ღია ცის ქვეშ დავრჩი"

თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე - "ღია ცის ქვეშ დავრჩი"

5 ივნისს საქართველოს სახალხო და დამსახურებულ არტისტს, მინიატიურების თეატრის დამაარსებელს და სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობსა და რეჟისორ თენგიზ ჩანტლაძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა...

თენგიზ ჩანტლაძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1957 წლიდან, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე კონფერანსიედ. 1960-1961 წლებში ჩანტლაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, 1962 წლიდან კი ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ. მოგვიანებით მისი ინიციატივით დასი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. 1975 წლიდან ბოლომდე მას თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრი ერქვა...

მისი გარდასახვის დიდ უნარსა და სამსახიობო ტექნიკას არაერთი თეატრმცოდნე უსვამდა ხაზს. თენგიზ ჩანტლაძის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუარსაბ თათქარიძე, ანატოლი ნოვოსელცევი, ალფონსო, დონ ჟუანი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, რომლის ფრაზები დღემდე ღიმილს იწვევს - თენგიზ ჩანტლაძის მეგრული აქცენტითა და ინტონაციით ალაპარაკებული მილიციელი ყველა დროში აქტუალურია და იმ ჩანაწერს მაყურებელი დღესაც ვერ ადევნებს ღიმილის გარეშე თვალს...

თენგიზ ჩანტლაძის დაბადების დღის მეორე დღეს, მის მეუღლეს, ზაირა ჩანტლაძეს შინ ვესტუმრე. დიასახლისთან ერთად მისი და და მეგობარი - დალი კალატოზიშვილი დამხვდნენ. "თენგიზის გარდაცვალების ერთი წლისთავზე თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილმა თეატრში მოიყვანა დალი კალატოზიშვილი, რომელიც დღემდე ჩემი ოჯახის წევრია. იმ შავ-ბნელ წლებში, რომელიც ქვეყანაში იდგა და შესაბამისად თეატრშიც სუფევდა, მან ყველაფერს გაუძლო და თეატრისთვის ყველაფერს აკეთებდა", - მითხრა მან. ამის შემდეგ ქალბატონ ზაირას ვთხოვე, ბატონ თენგიზთან თანაცხოვრება და სცენაზე პარტნიორობა გაეხსენებინა. თენგიზ ჩანტლაძის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ ემოციის გარეშე ლაპარაკი ახლაც უჭირს. ამ შემთხვევაში დრო სულაც არ არის ტკივილის მკურნალი...

- თენგიზის მშობლები ძალიან საინტერესო პიროვნებები იყვნენ. ორივეს გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. დედა დიასახლისი გახლდათ, გარეგნობით სიმპათიური ქალბატონი. თეატრში ახალი მსახიობი რომ მოვიდოდა, აათვალ-ჩაათვალიერებდა და იტყოდა, ეს სად იშოვეთო?! (იღიმის) თენგოს მამა ფინანსისტი იყო, აკადემიკოსი, პროფესორი, უნივერსიტეტის კათედრის გამგე, მრავალმხრივი განათლების ადამიანი. ის მუსიკის მოტრფიალე იყო და მხატვრობაშიც მოსინჯა ძალები. საოცრად უყვარდა ტრადიციული ქართული სუფრები, მაგრამ თავად ერთ ჭიქა ღვინოზე მეტს არასოდეს სვამდა. სტუმართმოყვარე ოჯახი იყო და მეც ასეთი ვიყავი. თენგიზის დედ-მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.

- რა ასაკში შეხვედით ჩანტლაძეების ოჯახში?

- თენგო რომ გავიცანი, 23 წლის ვიყავი. ის ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი. თეატრალური უნივერსიტეტი 1961 წელს დავამთავრე. მსახიობობაზე 3 წლიდან ვოცნებობდი. მსახიობის ოსტატობას საოცარი პიროვნება, ანტონ თავზარაშვილი მასწავლიდა. ის არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლდათ, ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. სოხუმში გამანაწილეს, იქ დედამ წამიყვანა, მაგრამ არ დამტოვა. ჩათვალა, რომ პატარა ვიყავი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, თან უცხო ქალაქში. ამიტომ ისევ თბილისში დავბრუნდი. სოხუმში ვასო ყუშიტაშვილმა მიმიწვია. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მას რომ მოვწონდი. მან ჩვენი სადიპლომო სპექტაკლები რომ ნახა, სოხუმში წასაყვანად რამდენიმე მსახიობი შეგვარჩია. იქ რომ არ დავრჩი, მან სამჯერ თუ ოთხჯერ მომაკითხა და მითხრა, სოხუმში დავბრუნებულიყავი. თან იცოდა, რომ ბავშვობიდან კარგი კერვა მეხერხებოდა და ბატონმა ვასომ ისიც მისაყვედურა, მე უკვე ნაჭრები მაქვს ნაყიდი, რომ სამოსი შემიკერო და ამ დროს შენ რას აკეთებო?! (იღიმის). მაინც არ დავბრუნდი. ერთი წელი არ მიმუშავია. იმ დროს თენგიზი პროფესიონალი მსახიობების შეკრებას და ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავდა. ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა მითხრა და მასთან რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ. იმ ოჯახში შევხვდი თენგიზს და ერთმანეთი გავიცანით. მას უკვე დაწერილი ჰქონდა პროგრამა, რომელიც მის მეგობარ ნოდარ ჩხეიძეს, თემურ ჩხეიძის მამას უნდა დაედგა. წავიკითხეთ, პროგრამა მომეწონა, მაგრამ თენგიზი უფრო (იღიმის).

- მისგან თუ იგრძენით სიმპათია?

- რა თქმა უნდა. იმ საღამოს ყველამ ერთად ვივახშმეთ. კლასიკისა და ბლუზის დიდი ტრფიალი ვარ. ჩართეს ბლუზი და მე და თენგომ ვიცეკვეთ. თურმე ცეკვისას მასთან ახლოს ვიდექი და შემდეგში ამას სულ მაყვედრიდა, თითქოს მე ვიაქტიურე. ერთ კვირაში რეპეტიციები დაიწყო და ჩვენი ურთიერთობაც აეწყო. ამას მოჰყვა გასტროლები საქართველოს მასშტაბით. გამოვიარე იმ თეატრის ყველა წარმატება თუ წარუმატებლობა და ბოლოს - გაქრობა, ეს ყველაფერი ჩემს გაუსაძლის მდგომარეობას უტოლდება. ფაქტობრივად, 50 წლის ასაკში დამთავრდა ყველაფერი...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება