სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს თანამშრომელი სალი ერთი ჩვეულებრივი "სვეტსკი" გოგოა, რომელიც ჩაცმა-დახურვასა და ჭორაობაზე გიჟდება. სალის როლის შემსრულებელი ეკა ჯამაგიძე ნამდვილად შესაშურ ფორმაშია და ალბათ ბევრი გაოცდება, როცა გაიგებს, რომ მისი უფროსი შვილი 20 წლისაა. ცოტა ხნის წინ ეკამ საცხოვრებელი შეიცვალა და ახლა ახალსახლობას ზეიმობს.
- დილის ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა სახლში ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, ამ ფუფუნებას იკლებ და წინა პლანზე სხვა რაღაცები გადმოდის. აქამდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, მოგეხსენებათ, როცა დედა გვერდით გყავს, ყველაფრით განებივრებული ხარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მე და ჩემი ქალიშვილი ცალკე გადმოვედით საცხოვრებლად და უკვე მე მიწევს დიასახლისობა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დილაობით შვრიის ფაფის ჭამა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კანისთვის, მაინც ვერ ვაკეთებ ამას და დილას ყავით ვიწყებ. ვერ გეტყვით, ეს გამოფხიზლებაში მეხმარება-მეთქი, რადგან ყოფილა შემთხვევა, ძილის წინ დამილევია ყავა და მშვენივრად დამიძინია, ალბათ უფრო ჩვევაა დილაობით ყავის დალევა, ვიდრე გამოსაფხიზლებელი საშუალება. სახლიდან გასვლის წინ ყველაფერი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა დავტოვო. სხვათა შორის, მეგობრები სულ მაგაზე დამცინიან, რა გაქვს ამდენი დასალაგებელი, მარტოები ხართ, სახლს როგორ ურევთო (იცინის). რა ვქნა, მიყვარს სისუფთავე და წესრიგი, ამიტომ მუდმივად ვცდილობ, სახლი მოწესრიგებული იყოს.
ზრუნვა საკუთარ თავზე
... თუ გადაღება ან განსაკუთრებული შეხვედრა არ მაქვს, შინიდან გასვლის წინ მაკიაჟს არასდროს ვიკეთებ, ვიღებ შხაპს, ვიცვამ, ყოველდღიურობაში თმასაც ჩემით ვიკეთებ და გავდივარ, ამისთვის სულ ნახევარი საათი მჭირდება. მოგეხსენებათ, ნამზეური ძალიან მიყვარს, ახლაც გარუჯული ვარ და მომწონს შეფერილი სხეული, ამ დროს ყველაფერი გიხდება. რაც შეეხება წონას, არაფერს ვაკეთებ ფორმის შესანარჩუნებლად, ჩემი სხეული ალბათ უფრო გენეტიკის დამსახურებაა. ექვსი წელი იქნება, არ მივარჯიშია, მაგრამ ფორმას არ ვკარგავ. თუმცა ამ ზამთარს ექვსი კილო მოვიმატე, რაც გასაოცარი იყო ჩემთვისაც კი, მაგრამ ნელ-ნელა ჩავდექი ფორმაში. უბრალოდ, კვება შევზღუდე, ეს იყო და ეს. ახლა ორი კილო მაქვს ზედმეტი და ამასაც მოვუვლი.
საყიდლებზე...
... როცა შესაძლებლობა მაქვს, საზღვარგარეთ ვყიდულობ საჭირო ნივთებს, მაგრამ თუ არ მიწევს წასვლა, ქართულ ბაზარს ვჯერდები. მაღაზიებში მარტო სიარული საშინლად არ მიყვარს, ძალიან ძნელად ვიღებ გადაწყვეტილებას, ვიყიდო თუ არა კონკრეტული ნივთი. როცა რამე მომეწონება, ვინმეს რჩევა მჭირდება, უნდა მითხრას, რომ ძალიან კარგია და მერე ვიყიდი. შემიძლია, ბოლო კაპიკებიც გადავიხადო სასურველ ნივთში, თუ ის ძალიან მომეწონა.
დიასახლისი ახალ ბინაში…
... ადრეც ვცხოვრობდი მარტო და ვიცი, რამდენი რამაა გასაკეთებელი ოჯახში. ბინის ყიდვა და გაფორმება იმხელა პროცედურებთან ყოფილა დაკავშირებული, რომ გავოცდი, მარტომ გავართვი ამ ყველაფერს თავი და კმაყოფილი ვარ. მთავარი მონდომებაა, თორემ ადამიანი ყველაფერს შეძლებს. ახლა, შეიძლება ითქვას, ახალსახლობას ვზეიმობ. თუ საქმე არ მაქვს, გარეთ არ გავდივარ, მიხარია შინ ყოფნა, თავს კარგად ვგრძნობ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინაც მიყვარს შინ ჯდომა და მუსიკის მოსმენა, თუმცა ხანდახან ასეთ მომენტში ქუჩაშიც გავდივარ განსატვირთად. აქამდე სხვა ინტერესები მქონდა, ახლა უკვე საოჯახო ნივთებზე დავიწყე ყურადღების გამახვილება და მომწონს, როცა რაღაც ახალს ვიძენ. რაც შეეხება დიასახლისობას, ძალიან მაგარ სალათებს ვაკეთებ, მეგობრებს ჩემი მომზადებული ყველა კერძი მოსწონთ, განსაკუთრებით უყვართ ჩემი გამომცხავრი მჭადი, არც სოდას ვუმატებ, არც მარილს, უბრალოდ ძალიან კარგ, ზესტაფონიდან ჩამოტანილ ფქვილს ვყიდულობ და უგემრიელესი გამოდის. საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად უთოობა არ მიყვარს, სარეცხს რომ ვრეცხავ, მანამ არ ვაუთოებ, სანამ არ მჭირდება. ამას ვინც წაიკითხავს, შეიძლება დამცინოს, მაგრამ ასეა და რა ვქნა. ზაფხულში განსაკუთრებით მძიმეა უთოსთან ურთიერთობა.