არსება, რომელზეც მაკა ძაგანიას "ჭკუა ეკეტება" - "ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია"

არსება, რომელზეც მაკა ძაგანიას "ჭკუა ეკეტება" - "ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია"

მსახიობ მაკა ძაგანიას შინ გაბურძგნილი, საყვარელი, ხმაურიანი, ბოღმიანი, დაკვირვებული და ოინების მოყვარული ოთხფეხა მეგობარი - ბუბი ჰყავს. ბუბი ოქტომბერში 4 წლის გახდება. ის პუდელისა და კოკერ-სპანიელის "საკურორტო რომანის" შედეგად დაიბადა.

- როცა მანანა ბერიკაშვილის კოკერ-სპანიელის ჯიშის ძაღლს ლეკვები გაუჩნდა და მითხრა, - ერთ ლეკვს გაჩუქებო, ძალიან გამიხარდა. ლეკვი სახლში მოვიყვანე. თავდაპირველად, ძალიან ჰგავდა კოკერ-სპანიელს, მაგრამ როცა გაიზარდა, მისმა ბეწვმა ჩახუჭუჭება დაიწყო. გადავწყვიტე, გამომეკვლია, ეს რისი ბრალი იყო? აღმოჩნდა, რომ ჩემი ლეკვი პუდელისა და კოკერ-სპანიელის ნაჯვარი გახლდათ. თურმე, მანანა ბერიკაშვილის ძაღლი აგარაკზე ისვენებდა, როცა მას პუდელი მიეპარა (იცინის)... ბუბიზე "ჭკუა მეკეტება"! არადა, მართლა ძალიან რთული მოსავლელია. ყველაფერი თავის დროზე უნდა ჰქონდეს: დავარცხნა, გასეირნება... რა თქმა უნდა, ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებ და დადის გაბურძგნილი. ახლა უკვე დათბა და ალბათ, მალე გადავპარსავ. სხვათა შორის, ასეთ დროს ძალიან სასაცილო სანახავია.

- ლეკვობის პერიოდში როგორ უვლიდით?

- საათობრივი კვება ჰქონდა დანიშნული: ხაჭო, მოხარშული კვერცხი, "ჰერკულესი" უნდა მიერთვა. საჭმელს 3 საათში ერთხელ, გრამობით ვაჭმევდით, ზედმეტი ან ნაკლები ულუფა არ უნდა ეჭამა. ასაცრელადაც დაგვყავდა... ვიდრე ცოტა "გონში ჩავარდებოდა", მანამდე გამუდმებით უკან დავდევდი, ვწმენდდი, ვხეხავდი.

- ახლა როგორი ძაღლია?

- სათავისოდ ძალიან ჭკვიანია: ყველაფერი ესმის, მაგრამ უზნეოა! ასეთი როგორ გამოვიდა, რა დავაკელით, არ ვიცი (იცინის)! ბოღმიანია. ვთქვათ, მოხდა ისე, რომ ვიდრე ბუბის გასასეირნებლად წავიყვან, სასწრაფოდ მაღაზიაში, რაღაცების შესაძენად მიწევს ჩასვლა - ასეთ საქციელს არ მპატიობს: შინ დაბრუნებულს აუცილებლად, მოსველებულ იატაკს დამახვედრებს... სასაცილო ძაღლია და ყველას უნდა, მიეფეროს. თან - ზომით პატარაა და პლუშის სათამაშოს ჰგავს. ბუბიც ყველა სტუმარს ხალისით, კუდის ქიცინით ეგებება, მაგრამ თუ ხელს შეახებენ, იღრინება.

- თავისი ტანსაცმელიც ხომ არ აქვს?

- აბა, ამას რაღა სამოსი უნდა?! ნახე, რა დღეშია - "კარაკულის" "შუბა" აცვია (იცინის)!

- სტილისტი ჰყავს?

- კი. სხვათა შორის, მასთან წინასწარ ვეწერებით და ისე მივდივართ, მაგრამ სტილისტთან მისვლას ბუბი ვერ იტანს, რადგან აცრებსაც იქ იკეთებს. ჰოდა, როგორც კი იმ ადგილს იცნობს, გაშეშდება, აღარ ინძრევა ხოლმე!

- ნივთების დამალვა თუ სჩვევია?

- ოღონდაც რამე მოიპაროს და არაფერი უნდა, მაგრამ ამას არც მალავს - გიჩვენებს, რომ რაღაც მოიპარა. გამოსართმევად თუ ავდგები, მოპარული ნივთიანად იმალება, - სანაცვლოდ, ძეხვი უნდა მისცე. აი, ასეთი უზნეო გახლავთ.

- კიდევ რა ოინებს გიწყობთ?

- სულ "ეიფორიაში" ვართ. ბუბისთან ერთად წყნარად ვერ იქნები. თუ დაჯდები, ფეხი კეფაზე უნდა შემოიდო, თორემ ფეხსაცმელს გაგხდის და მაშინვე სადღაც წაიღებს... ამის შიშით საღეჭ რეზინსაც ვეღარ ვყიდულობ, რადგან ჩანთიდან იღებს და ღეჭავს. ეტყობა, მისი სურნელი მოსწონს.

- რა აინტერესებს?

- ოპერას "მღერის"! შინ კლასიკურ სიმღერებს ვერ ვუსმენთ, რადგან მაშინვე სირბილს და ყმუილს იწყებს.

- სიამოვნებს თუ პირიქით - აღიზიანებს?

- ეს ვერ დავადგინე, თუმცა, ეტყობა, რომ ასეთ დროს უბედური არ არის - დადის და "მღერის"; უფრო მეტად მეცო-სოპრანო მოსწონს, ბარიტონზე არ "იქაჩება" - ვერ აღიქვამს.

- "შეყვარებული" თუ ჰყავს?

- მისთვის პარტნიორს ჯერ კიდევ ვეძებთ. ხალხო, გამომეხმაურეთ, ყველას გეხვეწებით! "რძალი" ვინ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბუბის ზომაში "დაემთხვეს".

- სიყვარულს თუ გამოხატავს ხოლმე?

- აბა, რა. სხვათა შორის, ახლახან მივხვდი, რომ ასეთი სიყვარული ადამიანსაც არ შეუძლია. შინ რომ მივდივარ, ისეთი ბედნიერია, რომ მარტო მის გამო ღირს სახლში დაბრუნება: "ჭკუიდან გადადის", ხტუნავს, კედლებზე დარბის, მეფერება, წამომიწვება... შარშან ზაფხულს, 15 დღით ბათუმში წავედი, ბუბი კი შინ დავტოვე. 10-დღიან განშორებას მპატიობს, მაგრამ 15 დღე ეტყობა, "ებევრა". ჰოდა, შინ რომ დავბრუნდი, თავდაპირველად, ძალიან გაუხარდა (მანამდე მოწყენილი ყოფილა, სულ კართან მჯდარა), მაგრამ შევეხე თუ არა, ღრენა დამიწყო და წავიდა. მივხვდი, ძალიან გამიბრაზდა, რადგან ამდენი ხნით დავტოვე... როცა აგარაკზე მივდივართ და ხედავს, მანქანაში წყლიან ბიდონებს (აგარაკზე სასმელი წყალი არ მოდის) ვაწყობ, შეიძლება, აივნიდან გადმოხტეს, ოღონდ - ჩვენთან ერთად წამოვიდეს!.. ამას წინათ წყალი არ გვქონდა და მის მოსატანად დედაჩემის მეგობართან წავედი. ბუბიმ რომ დაინახა, მანქანაში ბიდონები ჩავაწყვე, ისტერიკაში ჩავარდა - სახლში აღარ მომყვებოდა, ეზოში ფეხები გაფარჩხა! მოკლედ, შინ ძლივს შევათრიე... მართალია, აგარაკზე დიდ ძაღლებთან ერთად კარგად ერთობა, მაგრამ შემდეგ ამითაც იღლება და როცა თბილისში დაბრუნების დრო დგება, მანქანაში პირველი ხტება - სახლში უნდა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება