ირაკლი ალასანია - "ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ!"

ირაკლი ალასანია - "ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ!"

"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და თუკი დამნაშავეები გამოიკვეთებიან, უმკაცრეს ზომებს მივიღებ და ყველას თავები დაგორდება, ვისაც ვერ გაუაზრებია, რამხელა პასუხისმგებლობაა ჯარის კვება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც 11 ჯარისკაცი საკვებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში მოხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან საუბარი ავღანეთში მომხდარი ტერორისტული აქტით დავიწყეთ:

- უკვე 29 ქართველი სამხედროა დაღუპული სამშვიდობო ოპერაციების შესრულებისას. რამდენად კარგად არიან აღჭურვილი უსაფრთხოების საშუალებებით ჩვენი სამხედროები? დაისვა კითხვები - ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოების დაცვის საშუალებები ხომ არ ჩამოუვარდება ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლების აღჭურვილობას და წვრთნიან თუ არა ჩვენს ჯარისკაცებს იმ ამოცანების შესაბამისად, რისი შესრულებაც ავღანეთში უწევთ?

- სწორად მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ეს შეკითხვები ჩნდება. ჯარი საერთო ოჯახივით არის, საზოგადოებას უყვარს ჯარი და ზრუნავს მასზე. პირობები, რაც ჩვენს ჯარს აქვს წვრთნისთვის (მოსამზადებელ ეტაპზე) და მერე ადგილზე აღჭურვილობისა და თავდაცვის საშუალებების მხრივ, ზუსტად ისეთივეა, როგორიც აქვთ ნატოს კოალიციურ ჯარებს. ამ მხრივ არანაირი დისკრიმინაცია არ არსებობს. პირიქით, ჩვენი სამხედროები იმდენად გმირულად იქცევიან, რომ მათზე უფრო მეტი ზრუნვა უნდათ კოალიციის ჯარებს, ამერიკელებს. ეჭვიც არ უნდა გაგვიჩნდეს, რომ ამერიკელები და ნატოელები ჩვენებს ისე არ ექცევიან, როგორც საკუთარ ჯარისკაცებს. გერმანიაში ჩვენს დაჭრილ ჯარისკაცებს ამერიკელები ისე უვლიან, როგორც საკუთარს.

ავღანეთში გასაგზავნად ჩვენი სამხედროები რამდენიმე თვე ემზადებიან. შემდეგ ამერიკელების სულ სხვა ჯგუფი გერმანიაში ჩადის და აფასებს, მზად არიან თუ არა ყველა ამოცანის შესასრულებლად... ჩვენმა ჯარისკაცებმა მაღალი შეფასება მიიღეს და ამიტომ გაგზავნეს ავღანეთში.

პატივი უნდა ვცეთ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს. სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისადმი. ამიტომაც მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა სამშობლოსთვის დაღუპული გმირის ოჯახს, განურჩევლად იმისა, რომელ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, დაენიშნება პენსია 1.000 ლარის ოდენობით. ეს ორ ეტაპად განხორციელდება. 2014 წლიდან დაენიშნებათ 500-ლარიანი პენსია, ხოლო 2015 წლიდან კიდევ 500 ლარი დაემატებათ. საერთაშორისო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს გაეწევათ 100.000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. ეს გავრცელდება საერთაშორისო ოპერაციებში აქამდე დაღუპულ გმირებზეც.

- აფხაზეთის ომში ყველა საბრძოლო დანაყოფი არ ექვემდებარებოდა თავდაცვის უწყებას. იქ იბრძოდნენ ფორმალური თუ არაფორმალური სამხედრო შენაერთები და მოხალისეები. 1 000-ლარიან პენსიას ყველა ფორმირების დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი მიიღებს?

- ეს სცდება თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობას. აფხაზეთში იბრძოდნენ შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, პოლიციელები, სასაზღვრო ძალები, მოხალისეები, გვარდია, "მხედრიონი". პენსია დაენიშნება ყველა მებრძოლის ოჯახს, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვეტერანთა დეპარტამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაადგინოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ყველა მებრძოლის ვინაობა და მათი სამართალმემკვიდრეები, რომელთაც ეკუთვნით პენსია.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიკრა ერთ მუშტად ჩვენი ორი ბატალიონი, რომელიც ავღანეთში მსახურობს. ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, სიამაყით ავივსე, როდესაც ჩავედი და ვნახე, როგორ ეპყრობოდნენ ჩვენს ჯარისკაცებს და როგორი პატივით გამოაცილეს გარდაცვლილები ამერიკელებმა, ავღანელებმა და კოალიციის ჯარებმა.

- ამ ტრაგედიის მიზეზი ჩვენი სამხედროების რაიმე გადაცდომა ხომ არ იყო?

- ჩვენი ორივე ბატალიონის ხელმძღვანელი და განსაკუთრებით 42-ე ბატალიონის მეთაური მაიორი კალანდაძე, ზედმიწევნით პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა სტანდარტულ ოპერატიულ პროცედურას. ბაზაზე პირველი თავდასხმის შემდეგ გაანალიზდა თავდასხმის სპეციფიკა, ტაქტიკა და 42-ე ბატალიონის ხელმძღვანელმა მისცა რეკომენდაცია სარდლობას (ჩვენ მეოთხე დონის დაქვემდებარებაში ვართ, ჩვენს ბატალიონს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება), რა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. ეს გაიზიარა ნატოს სარდლობამ და დაიწყო მოქმედება.

4 დღეში უნდა დაშლილიყო ეს ბაზა და სხვაგან გადასულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო მისი დახურვა.

მე შევხვდი გაერთიანებული შტაბის დელეგაციას. მომახსენეს, რომ ზომების 80% უკვე მიღებულია და ჩვენი შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება იმ საფრთხის ადეკვატურია, რომელიც დღეს გაჩნდა. ეს არ არის კონკრეტულად ქართველების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე. ჩვენ ორჯერ დაგვესხნენ თავს, იმ პერიოდში კი 10 თავდასხმა მოხდა მარტო ჰილმენდის რაიონში.

როდესაც საქართველოში უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ მარგინალური ძალები (რომ ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ყოფნით საქართველოს არ ემსახურებიან), ჩვენი ჯარისკაცები ამას ძალიან მტკივნეულად განიცდიან. მინდა ჩვენი საზოგადოებაც ისევე ერთ მუშტად შეიკრას, როგორც ჩვენი ჯარი. პოლიტიკური კითხვა და შეფასება შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ვინც კითხვებს სვამს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, - სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილება სამხედროებს არ მიუღიათ. სამხედროები პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას ასრულებენ. ჩვენს სამხედროებს უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ ავღანეთის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებაში. ჩვენ გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი და ამიტომ მის უსაფრთხოებაშიც უნდა შევიტანოთ წვლილი. ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება და თავმოყვარე სახელმწიფო ამას არ უარყოფს. 2014 წლის ბოლომდე კონტინგენტი ეტაპობრივად შემცირდება, მომავალი წლიდან ნელ-ნელა შეიცვლება ქართული ჯარის დისლოკაციის ადგილიც.

- თავიდანვე შეცდომა ხომ არ იყო ამხელა კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთში?

- ჩვენ გადაწყვეტილებების რევიზიას არ ვაკეთებთ. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი იყო. მე და მთელი ჯარი ვამაყობთ, რომ საქართველოს ასე ღირსეულად შეუძლია ამ ტვირთის ტარება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არაჩვეულებრივი სამხედრო გამოცდილებაა ქართველი სამხედროებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს ჯარები ემსახურებიან ავღანური სახელმწიფოს შექმნას, "ალ-ქაიდასა" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ვაცლით საყრდენს. თუ ისინი აღადგენენ საყრდენს ავღანეთში, იგივე განმეორდება, რასაც 11 წლის წინ აკეთებდნენ. ევროპის დედაქალაქებსა და საქართველოში ტერორისტული აქტები მოეწყობა. ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ყოფნით ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას იცავენ. უკან დახევა და ტერორისტების მოთხოვნებზე აყოლა არ გვარგებს. როგორც კი მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ მათმა ტაქტიკამ და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ჩვენზე გაჭრა და კონტინგენტი შევამცირეთ, თავდასხმა გაათმაგდება. ტერორისტებთან დათმობაზე ვერ წავალთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე