დათო ხუჯაძე - აგვისტოსთვის საქართველოში კონცერტს ვგეგმავ

დათო ხუჯაძე - აგვისტოსთვის საქართველოში კონცერტს ვგეგმავ

ავლაბარში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა. დედისგან მტვრის საბერტყი ჯოხი ახსოვს მწარედ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველაზე პატარა იყო და გათამამებაც არ აკლდა, უზრდელობასა და ცელქობას შორის ზღვარს ყოველთვის ხედავდა. თავადაც თვლის, რომ "შვილი მტრად უნდა გაზარდო, მოყვარედ რომ გამოგადგეს". მისი შვილი ჯერ სულ სამი წლისაა. მეუღლეს დაშორდა და მას მერე სიყვარული აღარ სწვევია.

"ფლეშისა" და "სახის" სოლისტ დათო ხუჯაძეს თაყვანისმცემელი გოგონები დღეს არც მოსკოვში აკლია. ერთი პერიოდი პოლიტიკაშიც სცადა ბედი, თუმცა ვარდების რევოლუციამ გეგმები აურია და კარიერის გასაგრძელებლად დიდ რუსეთს მიაშურა. იყო გაჭირვებაც, მძიმე დღეებიც. დღეს ქართველი მომღერალი რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია.

- ჩვეულებრივ ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. კულტურასა და ზრდილობას მასწავლიდნენ. სტუმართმოყვარე ოჯახი გვაქვს. ხშირად გაიგონებთ ჩემი სახლიდან სიმღერის ხმას. მამა პროფესიით მხატვარია, იუველირი. დედა პროფესიით ლაბორანტია, თუმცა სიმღერა და ცეკვაც არ არის უცხო მისთვის. ჩემი და, თეა, ფარმაცევტი გახლავთ. მე პროფესიით შეუმდგარი სტომატოლოგი ვარ.

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდება მშობლებისგან?

- დარიგება არა, უფრო კარგად მტვრის საბერტყი ჯოხი მახსოვს. თუ რამეს დავაშავებდი, ამ ჯოხით მომდევდა დედა.

- რას აშავებდი?

- ყველაფერს, რასაც ბავშვები აშავებენ. არ ვმეცადინეობდი, ვამტვრევდი, ვურევდი ყველაფერს, ზოგჯერ უკითხავად გავდიოდი სახლიდან და მერე ვაგვიანებდი. მამას ყურამდე თუ მივიდოდა ჩემი უსაქციელობის ამბავი, მაშინ უფრო რთულად იყო საქმე.

- დათო, ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ქუჩაში გადის თავის დასამკვიდრებლად. ეს პერიოდი თუ იყო შენს ცხოვრებაში და რა მოგცა ქუჩამ გამოცდილების თვალსაზრისით.

- ავლაბარში დავამთავრე სკოლა. ხომ იცით, ეს რა უბანია. ქუჩა აუცილებელი გარემოა ბიჭის ცხოვრებაში, თუმცა ყურადღება სჭირდება. ქუჩის ცხოვრება მარაზმში არ უნდა გადაგეზარდოს. ქუჩამ შეიძლება კარგიც გასწავლოს და ცუდიც. ბევრი თავად ხვდება, რა არის სწორი და რა - არა, მაგრამ ეს ისეთი ასაკია, მაინც მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო.

- შენ შემთხვევაში როგორ იყო?

- ძალიან რთული პერიოდი იდგა. ომი, აურზაური, მხედრიონი, "ბეზპრიდელი" იყო ქუჩაში, ვინ ვის სცემდა და ვინ ვის ჰპარავდა, ვერ გაიგებდი. ხელი უნდა გაგექნია შენც, მხოლოდ თავის დასაცავად კი არა, საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ეს მარტო იმ ასაკს არ უკავშირდება. მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამ პრინციპით უნდა იცხოვრო. უმეტეს შემთხვევაში ხელი უნდა გაიქნიო, რამე რომ დაამტკიცო.

- ძალიან რთულ პერიოდში გაიარა შენმა თინეიჯერობამ, ნარკოტიკი, მკვლელობა, ყაჩაღობა, ეს ყველაფერი ქუჩაში ხდებოდა. ცდუნების წინაშე თუ მდგარხარ?

- ნარკოტიკთან შეხება არასდროს მქონია. ჯერ ერთი, პათოლოგიურად მეშინოდა და ახლაც მეშინია ნემსის. სხვაგვარად კი როგორ გავიკეთებდი წამალს?

- მამაკაცებს კბილის ექიმის უფრო ეშინიათ, ვიდრე ზოგადად ნემსის.

- კბილის ექიმისაც მეშინია.

- სტომატოლოგობა რომ გინდოდა?

- იმიტომ მინდოდა, სხვები რომ შემეშინებინა (იცინის)... იმ თაობაში ვიზრდებოდი, რომლის 30% ცუდ გზას ადგა. საბედნიეროდ, მე სხვა სიამოვნებები მქონდა: მანქანა, გოგონები, "გულიანკები". ამან მიშველა, იმ სიბინძურეში რომ არ შევტოპე. ვფიქრობ, ადამიანი თავის მომავალს თვითონ ქმნის. ცუდი ის იყო კიდევ, თუ არ აჰყვებოდი ვიღაცას ცუდ საქმეში, ტეხავდა. რისკი დიდი იყო. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, აღზრდის მეთოდს და ყურადღების ხარისხს.

- სკოლაში პოპულარული ბიჭი იყავი?

- ვიყავი, ოღონდ არა სიმღერით და არც კარგი სწავლით. ნორმალურად ვსწავლობდი, უბრალოდ, "აბოიმაში" ვიყავი სულ. თუ საჩხუბარი იყო, ვჩხუბობდი, გასაღიმი იყო, ვიღიმოდი.

- გოგონას გამო გიჩხუბია?

- როგორ არ მიჩხუბია, რამდენჯერაც გინდა.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- სტომატოლოგობას თუ გულისხმობთ, ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. სკოლის შემდეგ ქიმია-ბიოლოგიური კოლეჯი დავამთავრე. პათანატომიის კათედრა მაინტერესებდა ძალიან (იღიმება). მერე სიმღერა დავიწყე. მივხვდი, ექიმი თუ ხარ, ბოლომდე ექიმი უნდა იყო. შენს ხელშია ადამიანების სიცოცხლე. აქ სხვა პასუხისმგებლობაა, პარალელურად სხვა საქმეს ვერ გააკეთებ და ამიტომ სიმღერისკენ გადავიხარე.

- და ამან გაამართლა. უამრავი თაყვანისმცემელი გაგიჩნდა. თავში არ აგვარდნია?

- კი, რაღაც მომენტში იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე მოვედი აზრზე, მიწაზე დავეშვი. მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია იქნებოდა, რომ ეს არ იყო გართობა, რომ სცენაზე "ნაშების" "აყრის" გამო არ ვიდექი და უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე საქმეს.

- შეგცვალა პოპულარობამ?

- ეს ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. გარკვეულწილად ძალაუნებურად იცვლები. მეტ შეზღუდვას უწესებ საკუთარ თავს. ყველაფრის უფლებას ვეღარ აძლევ თავს.

- საკმაოდ რთულ პერიოდზე ვსაუბრობდით. ფინანსურად როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი შენს ოჯახზე?

- 15 წლამდე საკმაოდ ფულიანი ოჯახის შვილი ვიყავი. მერე ომმა, ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენს ოჯახზეც ისე იმოქმედა, როგორც ყველა ქართულ ოჯახზე. ყველაფერი გამოვიარეთ. მხედრიონის ეპოქა, პროცენტიანი ვალები. მერე, როცა ვნახე, სიმღერა შემეძლო, ამით ფულს ვშოულობდი, რატომაც არა-მეთქი, ვთქვი.

- გახსოვს პირველი ჰონორარი?

- ფესტივალი ჩატარდა თბილისში "ბელანშარო", რომელზეც გავიმარჯვე. თეონა კონტრიძე გამოდიოდა კიდევ ამ ფესტივალზე. ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. მაშინ მილიციელს 15 ათასი კუპონი ჰქონდა ხელფასი, მე - 22 ათასი. პრემიებსაც მაძლევდნენ.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ, მას მერე, რაც ქალის აღქმა ვისწავლე. ცალმხრივადაც ვიყავი შეყვარებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რატომ არ შეიძლება ვინმემ მეც დამიწუნოს. ყველასთვის სასურველი და საყვარელი ვერ ვიქნები. თუ მიღირდა ეს სიყვარული, ფარ-ხმალს იოლად არ ვყრიდი.

- ოჯახი რა ასაკში შექმენი?

- მეუღლეს გაშორებული ვარ, ალბათ იცით, ასე რომ, ამაზე ნუ ვისაუბრებთ.

- მაგრამ ეს შენი ბიოგრაფიის ნაწილია...

- 2007 წელს დავოჯახდი. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად. გვყავს შვილი მელანო, მალე 4 წლის გახდება. ურთიერთობა გვაქვს, ზოგადად, ვფიქრობ, რომ შვილსა და მშობლებს შორის ზღვარი უნდა არსებობდეს, ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულებაც არ ვარგა. სიმკაცრე აუცილებელია, გათამამებული, უზრდელი ბავშვები არ მიყვარს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება