"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - "ნინას და დათოს შერიგება ლოგიკურია, რადგან საქართველოში 90% ასე იქცევა"

"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - "ნინას და დათოს შერიგება ლოგიკურია, რადგან საქართველოში 90% ასე იქცევა"

უკვე დიდი ხანია, შაბათ-კვირას მთელი ოჯახები სხდებიან ტელევიზორის წინ და "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგ სერიას ელოდებიან. ამაში კი მთავარი "დამნაშავე" სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანია. მართალია, მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ და გადამღებ ჯგუფსაც ხშირად აქებენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სცენარისტის მისამართით მოისმენთ კომპლიმენტს. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, რა ხდება შემდეგ სერიაში, ბრაზდებიან თუ არა მასზე, მაინც ყველა აღიარებს, რომ დაქალების საინტერესო თავგადასავალს, სქესისა და ასაკის მიუხედავად, ყველა უყურებს.

- ქეთი, რამდენი სერია დარჩა სეზონის დამთავრებამდე?

- თოთხმეტი სერია, ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი. ნინას და დათოს შერიგება თითქოს ფინალს ჰგავდა, მაგრამ ასე არ არის.

- ამ წყვილის გარშემო დატრიალებული ამბები ბოლო დროს ძალიან მტკივნეულად აღიქვა მაყურებელმა...

- ეს თემა მართლაც ძალიან მტკივნეულად მიიღეს, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ როგორც სერიალს კი არ უყურებენ, როგორც ახლობლის ტრაგედიას, ისე აღიქვამენ. ეს ყველაფერი ჟანრმა განაპირობა, მსახიობები კარგად, დამაჯერებლად თამაშობენ, ძალიან კარგად იღებენ ჩვენი რეჟისორები. მარტო დაწერილი შეიძლება ისე ცუდად წაიკითხო, რომ არც კი დაიჯერონ, თუმცა ტექსტიც ისეთი უნდა იყო, ისე უნდა ალაპარაკო მსახიობები, როგორც ყოველდღიურ რეალობაშია. ლექსიც კი ისეთ გმირს უნდა ათქმევინო, ვისგანაც დაიჯერებენ.

- სერიალში ლექსებსა და სიმღერებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე...

- ლექსებს ირაკლი საღინაძე წერს და როცა მას არ სცალია - მიშა მშვილდაძე. ხურცილავას ტიპაჟს არგებენ ტექსტს. რაც შეეხება სიმღერებს, ბენდის ბიჭებთან ერთად დიდხანს ვფიქრობთ, ძველ ჰიტებს ვიხსენებთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს.

- სერიალში ნელ-ნელა გაჩნდა ისეთი თემები, რაც აქამდე ქართულ ტელესივრცეში ნაკლებად გაჟღერებულა. ამით რისკზე არ მიდიხართ?

- მარტო პოზიტივს არ აქვს რეიტინგი, წარმოიდგინეთ, ყველა რომ ბედნიერი იყოს და არაფერი ხდებოდეს, ამას ხომ არ უყურებს ხალხი. ამიტომ სერიალში წარმოქმნილი დილემები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს. არის თემები, რომლებიც ხალხს აღიზიანებს. გეების პროპაგანდააო, ამბობენ და სად არის იქ პროპაგანდა. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ამ თემის პროპაგანდა სისულელეა, გეობა გადამდები არ არის, ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც ვიღაცის ლაპარაკით გახდა გეი. მეორეც - ჩვენი გეი გმირია? სამშობლო გადაარჩინა, ბავშვი, თუ რა გმირობა ჩაიდინა?.. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და ყველაფერი უნდა ჩაიდინოს - ცუდიც და კარგიც, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. ყველაფერზე პროპაგანდას გაიძახიან, გიტარის ჩამოსაკიდზე, ნინას ოთახში სურათზე, ენას ხომ ძვალი არ აქვს.

- მაყურებელი ასე უკვირდება ყველა დეტალს?

- ქართველი მაყურებელი პრეტენზიულია, დაკვირვებული თვალი აქვს და მცირე შეცდომასაც არ გაპატიებს, რაც ცუდი სულაც არ არის, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

- ერეკლე მეფის ქამართან, რომელსაც დიტოს დედამისი უშვილობის სამკურნალოდ ჩამოუტანს, ღვთისმშობლის სარტყლის გაშარჟებაშიც დაგდეს ბრალი.

- არც ვიცოდი ამ სარტყლის შესახებ. ერეკლე მეფეს ბევრი შვილი ჰყავდა და ეს ხუმრობით მოვიფიქრეთ.

- არ გიფიქრიათ, ვის შეიძლება აწყობდეს სერიალის ანტიპიარი და ხალხის გაღიზიანება?

- მაგით სერიალს რეიტინგი არ აკლდება, პირიქით, რომელი ადამიანი გინახავთ, რომელსაც ლანძღავენ და რეიტინგი არ აქვს. უარყოფითი ინფორმაცია ყიდის ყველაფერს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება